დეზომორფინის ოდენობებთან დაკავშირებული სარჩელის არსებით განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო დღეს იწყებს.
საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი კონსტიტუციური სარჩელით მოითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის” დიდი ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა, შენახვისთვის სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
მოსარჩელის მტკიცებით, ვინაიდან კანონმდებლობა არ ადგენს დეზომორფინის ოდენობებს, დეზომორფინის ნებისმიერი ოდენობით შენახვა-შეძენა, დამზადება (მათ შორის პირადი მოხმარებისათვის 0,00009 გრამიც) მიიჩნევა დიდ ოდენობად და მოსამართლეს განაჩენის დადგენისას არ აქვს შესაძლებლობა, ინდივიდუალურად განსაზღვროს დანაშაულის კვალიფიკაცია სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით.
მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმით დადგენილი სასჯელის არაპროპორციულობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ სადავო ნორმა დეზომორფინის შეძენა-შენახვა, მოხმარებისათვის ითვალისწინებს იმავე ოდენობის სანქციას, რაც დადგენილია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის.
ბახუტაშვილი 2013 წელს 0,00009 გრ. (მოხმარებულ ნემსში არსებული ნარჩენისთვის) ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (ე.წ. კრაკადილი) შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დეზომორფინის მცირე რაოდენობა კანონით დადგენილი არ არის, ამიტომ 0.00009 გრ. ავტომატურად დიდ ოდენობად მიიჩნევა.
ბახუტაშვილის საქმე „თეთრი ხმაურის მოძრაობამ" 2016 წლის 19 აპრილს გაასაჯაროვა. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელის ინტერესებს საქმის ადვოკატთან, ნინო გელაშვილთან ერთად „თეთრი ხმაურის მოძრაობის” წარმომადგენელი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე დაიცავს.
„2006 წელს დაწყებული „ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა კომპლექსურ რეფორმას საჭიროებს. სარჩელი შესაძლოა პრეცენდენტული აღმოჩნდეს კანონმდებლობის იმ მახინჯი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების მიკროსკოპული ოდენობის ნარჩენებსაც კი დიდ ოდენობად განიხილავს და მოქალაქეებს წლობით პატიმრობას უსჯის. აღნიშნული კი იმის შედეგია, რომ დღეს ნარკოტიკულ საშუალებად კლასიფიცირებული 203 ნივთიერებიდან 147-ს მცირე ოდენობა განსაზღვრული არ აქვს" - აცხადებენ „თეთრი ხმაურის მოძრაობაში".
ნარკოტიკების დოზები - სამართალწარმოება მცირე ოდენობების გარეშე
0,00009 გრ. ნარკოტიკის აღმოჩენის გამო, ბრალდებულის მხარდამჭერი აქცია სასამართლოსთან
მოქალაქე: პოლიციამ მაიძულა, ნარკოტიკის მოხმარებისას ბახუტაშვილის დაჭერაში დავხმარებოდი