დღეს პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას. ქალთა მიმართ ძალადობაზე სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების გამო, ცვლილებები შევა ოცზე მეტ კანონში.
რატიფიცირება ნიშნავს, რომ ძალადობასთან დაკავშირებული ნორმების მოქმედების სფერო გაფართოვდება. ის უკვე არა მარტო ოჯახში, არამედ, საზოგადოდ, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც მოიცავს. შესაბამისი ცვლილება შევა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში. ქალთა მიმართ ძალადობის საკითხის გარდა, სტამბოლის კონვენცია ლგბტ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა დაცვის საკითხებსაც არეგულირებს.
ევროსაბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბოლის კონვენცია) 2011 წლის 7 მაისს სტამბოლში მიიღეს. კონვენცია ევროპის ქვეყნებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სამართლებრივი მექანიზმებისა და იურიდიული ნორმების შემუშავებას ავალდებულებს.
დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყონ ქალთა დაცულობა ოჯახში დანაშაულისაგან, აწარმოონ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის სტატისტიკა; იზრუნონ ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაზე, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და დაცვაზე. დღეისათვის კონვენცია ევროპის საბჭოს 13 ქვეყნის მიერაა რატიფიცირებული.
2014 წლის 19 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა კონვენციას. იმისათვის, რომ საქართველოს მოეხდინა კონვენციის რატიფიცირება, პირველ რიგში საჭირო იყო კანონმდებლობის სრულყოფა და კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა .
იძულებითი სტერილიზაცია, ქალთა წინადაცვეთა და ადევნება შესაძლოა დასჯადი გახდეს