პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის უპრობლემოდ შესვლა იმაზე მიუთითებს, რომ მას პირად დოკუმენტებში დარღვევის აღმნიშვნელი რაიმე ჩანაწერები არ აქვს.
„ვინც ქვეყანაში მეგობრული გულით შემოვა, ლუჟკოვი იქნება თუ ნებისმიერი სხვა უცხოელი, საქართველომ სტუმარ-მასპინძლობა იცის, მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა დიდი ხანი არ გადაივლის. ამ შემთხვევაში, ლუჟკოვისთვის საქართველოს კარი ღიაა, თუ დარღვევა არ ჩაუდენია. თუ დარღვევა აქვს ჩადენილი, რეაგირება ყველა ადამიანის მიმართ ერთნაირი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი სუვერენიტეტი ყველანაირად დაიცვას, მათ შორის ასეთი კანონდარღვევებისგან. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს კარი ღია იყოს იმ ხალხისთვის, ვინც კეთილგანწყობილია და ქვეყანაში კეთილი სურვილებით მოდის", - განუცხადა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ გია ვოლსკიმ.
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში იმყოფება. როგორც შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, იური ლუჟკოვი საქართველოს საზღვარზე ლეგალური საბუთებით შემოვიდა, რის გამოც მესაზღვრეებს არ ჰქონდათ საფუძველი, სხვა სახის გადაწყვეტილებ მიეღოთ.
„აღსრულდეს კანონი იური ლუჟკოვის მიმართ!“ - მოქალაქეები ხელისუფლებას პეტიციით მიმართავენ