
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ ფედერაცია გმობს ძალადობას და მხარს უჭერს გამოხატვის თავისუფლებას. მისი თქმით, ფეხბრთში დაუშვებელია დისკრიმინაცია, ამაში ფეხბბურთის ფედერაცია ერთიანია მის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა FIFA და UEFA. ეს არ არის ახალი ფეხბურთში.
„ფეხბურთი ძალიან დიდი სოციალური მოვლენაა, სპორტია, მაგრამ სპორტი პირველ რიგში არის სოციალური მოვლენა და ყველაზე დიდი სპორტი, მასში ჩართული ადამიანების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, არის ფეხბურთი, შესაბამისად, არ არის გასაკვირი ის, რომ ფეხბურთის მეშვეობით ხდება საზოგადოებისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი მესიჯების გადატანა და ფეხბურთის მეშვეობით ამაზე მსჯელობა. ეს გურამს არ დაუწყია, ეს არ დაწყებულა გუშინ, არც გუშინწინ, დიდი ხანია ასე ხდება და ამაში ცუდი არაფერია“, - განაცხადა ნიკა ჯღარკავამ.
ჯღარკავას თქმით, ეს დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებია, გურამ კაშიას კი ბოლომდე ჰქონდა გააზრებული რასაც აკეთებდა, „რასაც პირადად მე და ორგანიზაცია, რომელსაც წარმოვადგენ, სრულად იზიარებს“
„აქ არის საუბარი ძალადობის დაგმობაზე, თანასწორობაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე“, - ამბობს ჯღარკავა
რამდენიმე კვირის წინ ჰოლანდიის უმაღლეს ჩემპიონატში ყველა გუნდის კაპიტანმა ლგბტ დროშის სამკლავური მოირგო. მათ შორის იყო არნემის „ვიტესის“ ქართველი კაპიტანი გურამ კაშია. ჰოლანდიის პროფესიონალ ფეხბურთელთა გაერთიანების ხელმძღვანელის, დენი ჰესპის ინიციატივით, ეს იყო მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისთვის მიძღვნილი კამპანია. ამ ფაქტს საზოგადოების ნაწილისგან ნეგატიური შეფასებები მოჰყვა Facebook-ზე, მათი კომენტარები ჰომოფობიურ შინაარსს შეიცავს. კაშია nos.nl-თან ინტერვიუში ამბობს, რომ არ ნანობს, რაც გააკეთა.
ქართველმა ფეხბურთელებმა ლევან კობიაშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა,ალექსანდრე იაშვილმა, ნიკა კაჭარავამ, გიორგი ლორიამ ბაჩო ცხადაძემ და სხვებმა მხარდაჭერის ნიშნად „ინსტაგრამსა“ და Facebook-ზე გურამ კაშიას ფოტოები გამოაქვეყნეს. 18 ოქტომბერს გურამ კაშიას ასევე სოლიდარობა გამოუცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა და ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ.