„ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია!“, „ჩვენ შესახებ ჩვენთან ერთად!“, „თანამონაწილეობა გულისხმობს თანასწორობას!“, - ამ ლოზუნგებით დღეს, 21 დეკემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციას სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე სოციალური მუშაკები და მათი მხარდამჭერები შეუერთდნენ.
მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდეს მოქმედი ჯგუფი, რომელიც „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონპროექტზე იმუშავებს. ისინი ასევე მოითხოვენ, შესრულდეს პეტიციის მოთხოვნები და დაინიშნოს შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან სოციალური მუშაკების პრობლემებზე სასაუბროდ. 19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის პროექტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გამართა. პროექტი პროფესიული თემის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს. მათი თქმით, სოციალური მუშაკები ჩართულნი არ იყვნენ სამუშაო პროცესში, რაც დოკუმენტზეც აისახა.
„სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონპროექტი - პროფესიული თემის შენიშვნები
შატბერაშვილი: პროფესიაზე (სოციალურ მუშაობაზე) კანონი არ შეიძლება მხოლოდ იურისტებმა მოამზადონ
„აქამდე რაც ვიხილეთ ის პროცესი, აბსოლუტურად არ იყო კონსტრუქციული, იყო ძალიან იერარქიული - ჩვენ ვწერთ და თქვენ გვისმენთ - ასეთ რეჟიმში წარიმართა. ჩვენ ამ კანონპროექტის შესახებ გვიან გავიგეთ, უფრო ჯანსაღი იქნებოდა, თუ ამ პროცესში თავიდანვე ვიქნებოდით ჩართული, ჩვენი კონცეფცია, ჩვენი მოსაზრებები თავიდანვე იქნებოდა გათვალისწინებული და ეს არაკონსტრუქციული ფორმა აღარ მიეცემოდა ამ ყველაფერს“, - ამბობს თსუ-ის მიწვეული ლექტორი, „სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი“ პროექტის მენეჯერი, ზურაბ ტატანაშვილი
აქციის მონაწილეებმა წიგნები სოციალური მუშაობისა და თანამონაწილეობითი განხილვის შესახებ საჩუქრად დატოვეს მთავრობის კანცელარიასა და პარლამენტში.
„მთავარი მოთხოვნაა ფორმალიზებული სამუშაო ჯგუფი, თავისი გაწერილი სამუშაო აღწერილობებით, ჯგუფის წევრების ვალდებულებებით და აუცილებლად კანონპროექტის გარდა ზოგადად სამსჯელო, პროფესიას რა გამოწვევები აქვს, ჩვენ ამას ვითხოვდით სწორედ ჩვენი პეტიციით, რომელიც 28 სექტემბერს გავუგზავნეთ და დღემდე რეაგირება არ ჰქონიათ. საკომიტეტო განხილვაც მოვისმინეთ, კომიტეტსშორის შეხვედრა ვთხოვეთ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ასეთი არ მოეწყო“, - ამბობს „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნინო შატბერაშვილი