Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპატრიარქოს მიაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს

11 იანვარი, 2018 23:38

„საქართველოს საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას", - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. მას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ. 

„როგორც ცნობილია, გასული წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა, რამაც საზოგადოებაში აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია და აღნიშნულ საკითხს, ზოგადად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც შეეხო ,,საშობაო ეპისტოლეში.”

ვინაიდან პარლამენტში ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავ გრძელდება, გვინდა დამატებით განვაცხადოთ შემდეგი: მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ნარკოტიკების მოხმარება მძიმე ცოდვაა, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას.

მაგრამ ვიდრე აღნიშნული განხორციელდება, ჩვენის აზრით, საჭიროა შემდეგი საკითხების დროულად გადაწყვეტა:

       ა) ეკლესია ყოველთვის მკვეთრი ღონისძიებების გატარების მომხრე იყო ნარკოტიკების გამავრცელებელთა მიმართ, რადგან ეს არის დანაშაული ერის წინაშე და ამ ქმედებას სახელმწიფო მთელი სიმკაცრით წინ უნდა აღუდგეს, რაც დამატებით რეგულაციებში უნდა აისახოს;

    ბ) ჩანს რომ, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები ამ ეტაპზე მზად არ არიან მოსალოდნელი ნეგატიური ტენდენციების კონტროლისათვის და ყველამ თავისი ხედვა უნდა წარმოადგინოს;

      გ) აუცილებელია, ოჯახის წევრები და, განსაკუთრებით, ბავშვები დაცულნი იყვნენ ნარკოდამოკიდებული წევრის მავნე გავლენისაგან;

    დ) ქვეყანაში არ არის სათანადოდ მოწყობილი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს გამოსწორების საშუალება ექნებათ და ეს მდგომარეობა მალე უნდა შეიცვალოს;

        ე) ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროა მედია საშუალებების აქტიური ჩართულობა, რომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი;

   ვ) აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსის შემოღება, რომ, პირველ რიგში, ახალგაზრდობამ გააცნობიეროს, ნარკოდამოკიდებულებების შემთხვევაში, რას უქადის მათ ხვალინდელი დღე და შეექმნათ უარყოფითი განწყობა;

       ზ) უნდა გამკაცრდეს ზომები, აღნიშნული ნარკოტიკების უკანონო შემოტანასთან, გავრცელებასთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და განსაკუთრებით არასრულწლოვანთა წრეში მის მოხმარებასთან დაკავშირებით;

        თ) აუცილებელია, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხი და სხვა.

კანონპროექტის წარმოდგენილ ვარიანტში კი ეს მიმართულებები არ არის ასახული, რაც მისი განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე მეტყველებს.

ამასთან, საჭიროდ მიგვაჩნია, მოეწყოს აღნიშნული თემის ფართო, საზოგადოებრივი განხილვა ხელისუფალთა, ფსიქოლოგების, ექიმების, იურისტების, სასულიერო პირთა, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტების, პედაგოგთა, საერთოდ ინტელიგენციის, სამართალდამცავთა და სხვათა ჩართულობით, რათა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს", - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტში ივნისში „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით მომზადებული კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარების და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზებას ითვალისწინებს. პროექტში ასევე ადეკვატურადაა გაწერილი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები. კანონპროექტს თან ერთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო სერვისების განვითარების კონცეფციაც.

კონცეფცია 4 კონპონენტისგან შედგება:

  1. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციაზე მიმართული სისტემის ამუშავება (ცალკე შემუშავებულია პრევენციის სტრატეგიის დოკუმენტი);
  2. შეფასების და გადამისამართების კომისიების ამოქმედება (პორტუგალიის მოდელის მსგავსად);
  3. კონსულტირებისა და მკურნალობის სერვისების სპექტრის გაფართოება (ასევე იმ სერვისების დამატება, რომლებიც აუცილებელია, მაგრამ დღეს საქართველოში არ გვაქვს);
  4. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სისტემის ჩამოყალიბება;

„ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიზანი არის ახლებური საკანონმდებლო და ზრუნვის (მომსახურების) გარემოს შექმნა, რომელშიც ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემის მქონე ადამიანები მიიღებენ დახმარებას, რომელიც ხელს შეუწყობს მათ წინაშე არსებული ჯანმრთელობის და სოციალური პრობლემების გადაჭრას. რეფორმის თვითმიზანი არ გახლავს ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია - ნარკოტიკების მოხმარებისათვის და საკუთარი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ფლობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმება აუცილებელი წინაპირობაა, რათა შესაძლებელი გახდეს შემოთავაზებული პრევენციული, ჯანდაცვის და სოციალური დახმარების ინტერვენციების განხორციელება", - ნათქვამია კონცეფციაში.

სარეაბილიტაციო ცენტრების განვითარების გეგმა, რომელიც ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს ერთვის

რას სთავაზობს პლატფორმა ხელისუფლებას ნარკოლოგიური სერვისების განვითარებისთვის - კონცეფცია

ანგარიში: თუ რეფორმა სრულად ამოქმედდება, 10 წელში ინექციურ მომხმარებელთა რიცხვი განახევრდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^