შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუწოდებს, რომ „ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“ სხდომა მოიწვიოს.
მისი თქმით, კომისია არის კარგი პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება შედეგზე ორიენტირებული მსჯელობის გამართვა და გადაწყვეტილების მიღება.
„მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოვუწოდო და ვთხოვო მას - უწყებათაშორისი კომისია არსებობდა, ძალზედ კარგი, რომელიც ეფექტურად მუშაობდა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. რატომღაც გარკვეულ პერიოდში მისი აქტიურობა ცოტა შენელდა და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც შესაძლებელი იქნება სერიოზული პროგრესის მიღწევა. მინდა ვთხოვო მას [წულუკიანს], რომ ეს კომისია რაც შეიძლება მალე მოვიწვიოთ“, - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, უწყებაში აშკარად ხედავენ, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროში გაჭიმვა უკურეაქციას გვაძლევს და დამატებითი რისკების შემქმნელია.
„ამიტომ ვთვლით, ამ მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, უნდა მივსჯელოთ ბევრი, რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს კომპლექსური და დასაბუთებული მიდგომა, მაგრამ უკვე წლების განმავლობაში მსჯელობას მოაქვს გაუთვალისწინებელი და საკმაოდ ნეგატიური შედეგები“, - განაცხადა გახარიამ.
--
შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბერს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკა საქართველოში უნდა გახდეს კიდევ უფრო ლიბერალური, მაგრამ არამც და არამც არ უნდა მოხდეს სრული დეკრიმინალიზაცია.
მის ამ განცხადებას უკმაყოფილება და ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. მინისტრს განმარტებები მოსთხოვეს „თუ რას გულისხმობს „ლიბერალიზაციის" ბუნდოვან ტერმინში, რადგან [პარლამენტში] ინიცირებული კანონპროექტი ნარკოტიკების არა შემოტანასა და გავრცელებას, არამედ მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციას ეხება“.
13 ოქტომბერს თეა წულუკიანმა სამოქალაქო საზოგადოებას ვიდეოკომენტარით უპასუხა და ამცნო, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გააუქმა, რომელიც 16 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.
მისი თქმით, სხდომა მანამდე არ ჩატარდებოდა, „სანამ სიტუაცია არ დაუბრუნდება მშვიდ მდგომარეობას და ყველა არ გავიაზრებთ იმას, რომ დეკრიმინალიზაციამდე გზა გადის ლიბერალიზაციაზე“.