
რიგ ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს შეწყალების კომისიისადმი მიმართვიანობა გაუმარტივდებათ.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განმარტა, შეწყალების კომისია სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე განიხილავს იმ მსჯავრდებულთა განაცხადს, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღების, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და შემოტანა-ტრანზიტისა.
ქორიძის თქმით, არსებობს სასჯელის ვადის გასვლის სხვადასხვა კრიტერიუმი:
„თუ ადამიანს ჰქონდა 1 მუხლით მისჯილი და სასჯელი იყო 5 წლამდე, მაშინ [კომისიისადმი მიმართვისთვის] სასჯელის 1/3 უნდა ყოფილიყო მოხდილი, ვისაც 2 მუხლით ჰქონდა მისჯილი ან სასჯელის ზომა იყო 5 წელზე მეტი, მას ნახევარი უნდა ჰქონოდა მოხდილი, რომ განგვეხილა და ა.შ.“ - განმარტავს ქორიძე.
მისი თქმით, დღეიდან ნარკოდანაშაულზე (გარდა გასაღების, შემოტანა-ტრანზიტის და განსაკუთრებით დიდი ოდენობისა) ეს დათქმა აღარ იქნება და მსჯავრდებულს სასჯელის ყოველგვარი ვადის გასვლის გარეშე შეუძლია, მიმართონ კომისიას შეწყალებისთვის.
თუმცა, როგორც ქორიძემ ამბობს, აუცილებელი პირობაა, რომ მსჯავრდებულის საქმე სამივე ინსტანციაში იყოს განხილული ან ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადა იყოს ამოწურული.
„ლიბერალის“ შეკითხვაზე - რატომ არ გავრცელდა აღნიშნული გამარტივებული წესი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობაში მსჯავრდებულებზე, ვინაიდან, სამოქალაქო სექტორის მხრიდან აქტიურად ისმის კრიტიკა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობები ადეკვატურად არაა ჩამოყალიბებული.
ქორიძის თქმით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საკითხი ფართო თემაა. შეიძლება განსაკუთრებით დიდი ოდენობა იწყებოდეს 2 გრამიდან და ადიოდეს 800 გრამზე. ამიტომ საკითხი ინდივიდუალური განხილვის საგანია.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მსჯავრდებულებს არ ვუზღუდავთ საშუალებას, რომ დადგენილი კრიტერიუმებით შემოიტანონ განაცხადი. თუ ისინი არ აკმაყოფილებენ ვადის კრიტერიუმებს, ჩვენ საქმის მასალებს გავეცნობით და შეიძლება, განსაკუთრებული წესით ვიხელმძღვანელოთ.
განსაკუთრებული გარემოებებით განხილვა ნიშნავს იმას, რომ კომისიის რომელიმე წევრს შეუძლია დააყენოს კონკრეტული მსჯავრდებულის საკითხი. ამ შემთხვევაში დებულებაში არის დათქმა, რომ კენჭისრყაში უნდა მონაწილეობდეს ¾ წევრებისა და გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ერთხმად“, - აღნიშნავს ქორიძე.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს შეწყალების კომისია ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდა, სადაც განიხილეს საკითხები, თუ როგორ უნდა გამხდარიყო შეწყალების აქტი უფრო ხელმისაწვდომი ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირებისთვის.
როგორც ქორიძე ამბობს, ამ ეტაპზე სწორედ, აღნიშნული ცვლილებები შევიდა შეწყალების კომისიის დებულებაში: „მომავალში რა იქნება გამიჭირდება თქმა“.
„პრეზიდენტის მიდგომა იმ ნარკოპოლიტიკის მიმართ, რომელიც ქვეყანაშია, ცნობილია. მას ბევრჯერ გაუკეთებია კომენტარი და ემხრობა ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოებას. ეს გადაწყვეტილებაც ამ ეტაპზე მისი ინიციატივით არის მიღებული და ჩვენ ველოდებით, რომ ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის მომზადებულ კანონპროექტებს მეტი მონდომებით განიხილავენ პარლამენტში და ეს პოლიტიკა საკანონმდებლო დონეზეც იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ქორიძემ.
გარდა ზემოთ ნახსენები ნარკოდანაშაულისა, აღნიშნული გამარტივებული წესი ასევე გავრცელდება იმ მსჯავრდებულებზე, რომლებმაც პირველად ჩაიდინეს დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, აგრეთვე - ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და არ ჩაუდენია ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
ასევე იმ პირებზე, რომლებიც გასამართლებულები არიან 381-ე მუხლით [განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა] და მათ სასჯელი დაეკისრათ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, შორენა გუნცაძემ გიორგი გიორგანაშვილს („ბახალას") გასაღების მიზნის გარეშე, 0,3726 გ ბუპრენორფინის შემცველი ნივთიერების - რაც კანონის თანახმად, განსაკუთრებით დიდ ოდენობად მიიჩნევა - შეძენა-შენახვის გამო 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.