რამდენიმე დღეა, მედიისთვის ცნობილი გახდა სახალხო დამცველის დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სექსუალურ შევიწროებაშია მხილებული.
დასკვნის მიხედვით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ „პაპუნა უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა".
„ლიბერალი" ესაუბრა ქალს, რომელიც პაპუნა უგრეხელიძეს (საჯარო რეესტრის ხელმძღვანელს) სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ომბუდსმენის დასკვნის გარდა, მან ამ ფაქტის შესახებ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებსაც აცნობა, თუმცა პაპუნა უგრეხელიძის მიმართ ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამთ.
სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი სექსუალური შევიწროების ფაქტს უარყოფს. ომბუდსმენის წარმომადგენელთან გასაუბრებისას მან უკმაყოფილება გამოთქვა, რომ განმცხადებელმა ის დაადანაშაულა შევიწროებაში და თქვა, რომ მისი ასაკის ქალები არ იზიდავს. ამასთან, აღნიშნა, რომ ირგვლივ უამრავი ახალგაზრდა ლამაზი ქალია და განმცხადებელს არ შეხედავდა.
ამ საქმესთან დაკავშირებული დეტალების გახმაურების შემდეგ „ლიბერალი“ არაერთხელ დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის მოქმედი ხელმძღვანელის კომენტარისთვის. სამინისტროში განგვიცხადეს, რომ უგრეხელიძე კომენტარს მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.
„ლიბერალი“ დაინტერესდა, რა ევალება საჯარო სამსხურებს სექსუალური შევიწროების ფაქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით.
2017 წელს საჯარო მოხელეთა ქცევის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, საჯარო მოხელეებს დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების ვალდებულება დაეკისრათ.
საქართველოს მთავრობის დადგენილების (საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ) მე-15 მუხლი სექსუალური შევიწროების დაუშვებლობას ეხება.
ამ მუხლის მიხედვით:
1. საჯარო მოსამსახურე პატივისცემით ეპყრობა თანამშრომლებს, განურჩევლად მათი გენდერული იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციისა.
2. საჯარო მოსამსახურე კარგადაა ინფორმირებული სექსუალური შევიწროების ფენომენისა და ამგვარი პრაქტიკის დაუშვებლობის შესახებ, როგორც სამუშაო ადგილას, ისე საჯარო სივრცეში.
3. საჯარო მოსამსახურე არ ახორციელებს სექსუალურ შევიწროებას, ინფორმირებულია ამგვარი ფაქტების მხილების შიდაუწყებრივი და ზოგადი პროცედურების შესახებ.
4. საჯარო მოსამსახურე, განსაკუთრებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი საჯარო მოსამსახურე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს რეაგირებას და მაღალი მგრძნობელობითა და კონფიდენციალობის სრული დაცვით ეპყრობა სექსუალური შევიწროების ფაქტის აღმოფხვრისკენ მიმართულ ნებისმიერ განხილვას, კომუნიკაციასა თუ ქმედებას.
ეს ჩანაწერი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებით საჯარო სამსახურის ბიურომ მოამზადა.
ცვლილებების მიზანი იყო, შექმნილიყო გარემო, რომელიც სამომავლოდ დასაქმების ადგილებზე პრევენციული ღონისძიებების გატარებას და სექსუალური შევიწროების დაუშვებლობას შეუწყობდა ხელს.
„ქცევის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების პარალელურად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების პრევენციის შესახებ საჯარო მოხელეებისთვის ელექტრონული კურსი შეიმუშავა. კურსი საჯარო სამსახურის ბიუროსთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, სახალხო დამცველის ოფისთან, პროფკავშირებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან პარტნიორობით შეიქმნა.
საჯარო სამსახურის ბიურომ საჯარო მოხელეებს რეკომენდაციაც მისცა, რომლის მიხედვითაც, ეს კურსი ყველა სამინისტროსა და საჯარო უწყებაში უნდა დაინერგოს.
SMS-ები ►რას სწერდა სექსუალურ შევიწროებაში მხილებული პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომელ ქალს
კიდევ ერთი საქმე უგრეხელიძის მხრიდან სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სასამართლოშია