ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, წვერმაღალასა და შეკვეთილის ტერიტორიაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აგარაკთან დენდროლოგიური პარკის გაშენება ორი წლის წინ დაიწყო. პარკის მოსაწყობად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ხე-მცენარეები, მათ შორის ასწლოვანი, გიგანტური ხეები გადააქვთ.
„იმედის კვირის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის პარკში 100-მდე ხეა გადარგული. პარკი 4.5 ჰექტარზეა გაშენებული. მათივე ინფორმაციით, პარკი დაახლოებით ერთ წელიწადში ოფიციალურად ჩაეწერება მსოფლიოს დენდროლოგიური პარკების სიაში, სავარაუდოდ, ამ დროისთვის დასრულდება პარკში ხეების გადარგვა.
გარემოს დამცველები და აქტივისტები გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე საუბრობენ. უფრო კონკრეტულად კი, მათი შეფასებით, ხეების გადატანის გამო დიდი ზიანი ადგება იმ ადგილს, საიდანაც ხეები გადააქვთ, ვინაიდან გზის გაყვანის მიზნით იჭრება ათობით სხვა ხე. მეორე მხრივ, მათი შეფასებით, გადატანილი ხეების გახარების პროცენტი ძალიან მცირეა.