დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე მსჯელობდა, რომელიც ინდმეწარმე ანი გაჩეჩილაძის წინააღმდეგ შეადგინა.
ანი გაჩეჩილაძე პრეზერვატივების ქართული ბრენდის „აიისას“ დამფუძნებელია. მერია მიიჩნევს, რომ პრეზერვატივ „აიისას“ შეფუთვა და მისი რეკლამა არაეთიკურია.
სასამართლომ მხარეებს მოუსმინა, თუმცა მოსამართლემ, ლაშა თავართქილაძემ გადაწყვეტილების გამოტანა 4 მაისამდე გადადო.
ანი გაჩეჩილაძის ინტერესებს იურისტი გიორგი მშვენიერაძე იცავდა. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინტერესებს კი - გიორგი კიკნაძე.
თბილისის მერიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი „ქართული იდეის“ განცხადების პასუხად შეადგინა.
სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ „ქართული იდეის“ წევრები და მხარდამჭერები: დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჯონდი ბაღათურია, გურამ ფალავანდიშვილი, ლევან ჩაჩუა.
მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინტერესების დამცველი გიორგი კიკნაძე სასამართლო სხდომაზე აცხადებდა, რომ „აიისას“ რეკლამები ეროვნულ ღირსებასა და რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს.
მერიის წარმომადგენელმა ოქმზე დართულ იმ ოთხ ფოტოზე ისაუბრა, რომელიც პრეზერვატივის შეფუთვაზეა დატანილი.
მოსამართლის შეკითხვაზე, კონკრეტულად, რომელი ფოტოსურათები მიაჩნია ზედამხედველობის სამსახურს რეკლამის შესახებ კანონის დამრღვევად და რატომ, მერიის წარმომადგენელმა უპასუხა:
„აქ არის 4 ფოტომასალა მაგალითისთის, თორემ მათ (აიისა) ფეისბუქგვერდზე თუ შეხვალთ, ნახავთ სხვა ფოტოებსაც, რომელიც რეკლამის გავრცელების წესს არღვევს.
პირველი (შეფუთვაზე გამოსახული პანდა წარწერით: ჩამოვკრავდი, მაგრამ ნათლისღებაა) ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებიდან აღებულია და ფრაზა გამოყენებული - ძალიან დიდი ბოდიში სასამართლოსა და შეკრებილ საზოგადოებასთან - ჩამოვკრავდით, მაგრამ ნათლისღებაა. ნათლისღება ჩვენ ვიცით, რომ არის ქრისტიანული მოვლენა, რომელსაც გარკვეული ტიპის ქრისტიანული მიმდინარეობები აღიარებენ, როგორც საიდუმლოებას. შესაბამისად, საქართველოში არსებული რელიგიური ჯგუფების, რელიგიური შეხედულებების შეურაცხყოფას წარმოადგენს.
მეორე (შეფუთვაზე გამოსახულია თამარ მეფე წარწერით: სამეფო კარი თამარში). ჩვენ ვგულისხმობთ, რომ აქ უნდა წერებულიყო „სამეფო კარის თამაშები", თუმცა გაირითმა ისე, რომ სამეფო კარი თამარში დაწერეს. თამარ მეფის ამგვარი სახე გამოსახულია ფრესკებზე, განთავსებულია ისტორიის წიგნებში და ეს თამარ მეფეა, ამაში ეჭვი არ გვეპარება. ეს არის ისეთი ტიპის ქმედება, რომლითაც ირღვევა როგორც ეროვნული ღირსება, ასევე რელიგიური გრძნობა, გარკვეული ტიპის რელიგიური ჯგუფების.
მესამეა - ძლევაი საკვირველი (შეფუთვაზეა წარწერა: ძლევაი საკვირველი). ჩვენ ვიცით, რა კონოტაციიდან მოდის ეს, რა იგულისხმება და აღარ მოვახდენ ამ სიტყვიერ განმარტებას, ძლევაის უკან რა იგულისხმება. ყველა ზრდასრული ადამიანი ხვდება, ალბათ. ცნობილი ბრძოლის შემდეგ მინიჭებული გარკვეული დითირამბია და ამ გამონათქვამის გამოყენება მოხდა ისე, რომ ჩვენი ეროვნული ღირსება შეილახა. მოცემულ შემთხვევაში, სექსუალური ტიპის მოქმედება გაიგივდა ისტორიულ გამონათქვამთან. მერე ის რეკლამის სახით გავრცელდა სოციალური მედიის საშუალებით,“ - განაცხადა მერიის წარმომადგენელმა.
მის ამ განმარტებებს „ქართული იდეის“ წევრები ეხმაურებოდნენ. მაგალითად, ჯონდი ბაღათურიამ „ძლევაი საკვირველის“ განმარტებისას დაამატა, რომ ეს ფრაზა ასოცირდება სამხედრო გამარჯვებასთან.
„მეოთხე ფოტო ეს არის ხელის ჟესტიკულაცია. ამ ჟესტიკულაციის გამოხატვა ხდება რელიგიური პირების მიერ. შესაბამისად, როცა ხელის ჟესტიკულაციით ხდება ისეთი ქმედების გამოხატვა და ისეთ პროდუქტზე, როგორიცაა პრეზერვატივი. ამ ყველაფრის გამოხატვა რელიგიურ გრძნობებს შურაცხყოფს," - განაგრძო მერიის წარმომადგენელმა. მას სიტყვა შეაშველა გურამ ფალავანდიშვილმა და თქვა, რომ ეს ჟესტიკულაცია რელიგიურად არის „მაკურთხეველი მარჯვენა".
ანი გაჩეჩილაძის ინტერესების დამცველი გიორგი მშვენიერაძე კითხვა-პასუხის ნაწილში მერიის წარმომადგენლისგან მოითხოვდა თითოეულ ფოტომასალაზე დეტალურ განმარტებას, რა იყო კანონსა და გამოხატვის უფლებასთან შეუსაბამო. მაგალითად, ყვითელი ფერი, რომელიც ფონადაა დატანილი პრეზერვატივზე, იყო თუ არა პრობლემური და საზოგადოებისთვის მიუღებელი. ამ შეკითხვაზე მერიის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ყვითელი არის ზეციური ფერი, ისევე, როგორც ცისფერი. წითელ ფერზეც აღნიშნა, რომ მეფეების მოსასხამის ფერია.
მერიის წარმომადგენელი დეტალურ განხილვაში არ ჩაერთო და აღნიშნა, რომ რეკლამა და ფოტოები მთლიანობაში არის ეროვნული ღირსებისა და რელიგიური გრძნობების შემლახავი.
პრეზერვატივების ქართულ ბრენდ „აიისას“ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა 4 მაისამდე გადაიდო