თბილისის საქალაქო სასამართლო 12 მაისს დაკავებული 8 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. პროკურატურამ მათ ბრალი ნარკოტიკების გასაღებისთვის წარუდგინა.
ბრალდების მხარე მათთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. საქმის პროკურორის, ვახტანგ ცალუღელაშვილის განმარტებით, საქმეში 4 მოწმე ფიგურირებს და ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ.
„აღნიშნული პირები ღამის კლუბებში ახდენდნენ ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზებას. რაც შეეხება დაკავების ფაქტს, ყველა პირი დაკავებულია სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ერთი, ღამის კლუბის თანამშრომელი დაკავებულია ღამის კლუბთან. რაც შეეხება მტკიცებულებებს საქმეში მოიპოვება როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დაკვნები, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. საქმეში ფიგურირებს 4 მოწმე, რომელთაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ეს ის პირები არიან, ვინც საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს",- განაცხადა პროკურორმა.
ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ბრალდების მხარეს მხოლოდ 1 მოწმე ჰყავს და მას ბრალდებულები არ იცნობენ. დაცვის მხარე პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ საქმის მასალამ ძალიან ბევრი სტანდარტი უნდა გაიაროს, რომ მტკიცებულება დაერქვას.
„ხაზს ვუსვამ საქმის მასალებს და არ ვსაუბრობ მტკიცებულებებზე, რადგან აღნიშნულმა საქმის მასალამ მტკიცებულების ფორმა რომ მიიღოს, არაერთი სტანდარტი უნდა გაიაროს, მათ შორის ექპსერტიზები, წარმომავლობა, ობიექტურობა, რამდენად ავთენტურია ეს მტკიცებულება, რამდენად შემხებლობაშია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და რამდენად ასახულია მასზე დანაშაულებრივი ქმედება. ვინაიდან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მსჯელობა არ არის პირის დამნაშავეობა-უდანაშაულობის საკითხზე, გირაოს შუამდგომლობას დავაყენებთ",- განაცხადა ფანცულაიამ.
ადვოკატები დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ბრალდებულები გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.
„საკითხი წყდება პირის პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის საქმიანობიდან, ჯანმრთელობის, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ის მუშაობდა, სწავლობდა, ეს ყველაფერი ნამდვილად აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გამოყენებული არ იყოს“,- აცხადებს ადვოკატი.
.......................................
„ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცდანიშნულების რაზმი 12 მაისს, ღამის საათებში შევიდა. სპეცოპერაციის შედეგად, სხვადასხვა ადგილზე 8 ადამიანი დააკავეს. მათ ბრალად ნარკოტიკების უკანონო გასაღება ედებათ.
შსს: ბასიანზე საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ
სპეცრაზმის კლუბებში შესვლა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებმა, მხარამჭერებმა და სხვა მოქალაქეებმა 12-13 მაისს პარლამენტის წინ აქციით გააპროტესტეს.
ფოტო ► პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
რატომ შევიდა სპეცრაზმი კლუბებში - მინისტრის პასუხი
გიორგი გახარია აქციაზე გამოვიდა - "ბოდიშს გიხდით"
წიქარიშვილი: ერთკვირიან ვადას ვიღებთ იმისთვის, რომ სამუშაო პროცესს დავაკვირდეთ