Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საერთაშორისო შეფასება და ქართული სკოლები

13 ივნისი, 2018 14:11

საზოგადოება პერიოდულად განათლების სისტემის შესახებ საერთაშორისო კვლევებსა და შეფასებებს ეცნობა. თუმცა კვლევის შედეგების სიღრმისეული განხილვა, როგორც საზოგადოებაში, ასევე აკადემიურ წრეებში ნაკლებად ხდება. დარგის სპეციალისტების შეფასებით, ამგვარი განხილვისა და მსჯელობის გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხად იქცეს.

რა გავლენას ახდენს საერთაშორისო შეფასებები განათლების სისტემაზე? რამდენად თანმიმდევრულია საზოგადოებაში მიმდინარე მსჯელობები საერთაშორისო კვლევებისა და შეფასებების შესახებ? ამ და სხვა საკითხებზე სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა.

რამდენიმე კვირის  წინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საზოგადოებას წიგნიერების საერთაშორისო კვლევის (PIRLS, 2016) შედეგები წარუდგინა. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქართველი მოსწავლეების 14% მინიმალურ დონეზეც ვერ ახერხებს წაკითხულის გააზრებას. კვლევის შედეგების მიხედვით, სასკოლო განათლების სისტემაში მწვავედ დგას როგორც ხარისხის, ასევე ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის პრობლემა. უფრო დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსწავლეთა შედეგები განსხვავებულია ქალაქსა და სოფლად მდებარე, კერძო და საჯარო, ასევე არაქართულენოვანი სკოლების შემთხვევაში. სისტემაში არსებულ უთანასწორობაზე მიუთითებს TIMSS-ისა (მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა) და PISA-ს (მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო შეფასება) საერთაშორისო შეფასებები. თავის მხრივ, მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა,- პედაგოგების კვალიფიკაცია, საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობა, თემში არსებული სოციალური თუ ეკონომიკური ფონი, მოსწავლეების მოტივაცია, მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ხარისხი.

 „ერთადერთი რეაქცია, რაც საზოგადოებას ამ შედეგების გაცნობისას ჰქონდა, იყო განგაში. შედეგების განხილვა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე ხდება, საზოგადოებრივი და აკადემიური სფერო კი არ აგრძელებს მსჯელობას ამ თემაზე, რაც სერიოზულ პრობლემაა“, - ამბობს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი თამარ მოსიაშვილი.

მისივე თქმით, ამგვარი დამოკიდებულება მიუთითებს, რომ საზოგადოებას განათლების პოლიტიკის შედეგები ნაკლებად აღელვებს. ის ერთეული შემთხვევები, როცა საზოგადოების გარკვეული ჯგუფი ამა თუ იმ მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების მოგვარებას ცდილობს, მაგალითად, სოციალურად დაუცველ მოსწავლეს გადასცემს წიგნებს ან კომპიუტერს, საერთო სურათზე გავლენას ვერ ახდენს. შედეგი კი ისაა, რომ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი საზოგადოების დღის წესრიგში ნაკლებად დგას.

განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია განათლების საკითხების მიმართ საზოგადოებაში არსებულ გულგრილ დამოკიდებულებას იმით ხსნის, რომ საზოგადოებაში დაბალია სოლიდარობის განცდა:

„ეს ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. იშვიათია, გამოვიდეს ვინმე და თქვას: „ჩემი შვილი არის ის ბავშვი, რომელიც სოფელში ცხოვრობს და განათლებას ვერ იღებს“. ყველა ლაპარაკობს ზოგად ცნებებზე, რომ განათლების სისტემა ცუდ დღეშია, მაგრამ არ საუბრობენ საერთო პასუხისმგებლობაზე, რომელიც ამ მოსწავლეების წინაშე გვაკისრია“.

რაც შეეხება საერთაშორისო შეფასებების გავლენასა და მნიშვნელობას, სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ განათლების პოლიტიკა მაინცდამაინც საერთაშორისო შეფასებებზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. რადგან, მისი განმარტებით, ხშირად საერთაშორისო შეფასებები გარკვეული ძალაუფლების მქონე ჯგუფებისთვის თავიანთი გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის წყაროა.

„მაგალითად, ვიღაცას აწყობს, რომ იყოს ცენტრალიზებული სისტემა, როგორ უნდა დაასაბუთოს? უნდა თქვას, რომ ფინეთში (ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო შეფასებებში წამყვან პოზიცებს იკავებს) კურიკულუმი აქვთ ცენტრალიზებული. მერე ვიღაც იტყვის, რომ დეცენტრალიზაციაა საჭირო. რატომ? ,- ფინეთშია დეცენტრალიზებული სისტემა. ყველა ჯგუფი ერთსა და იმავე საერთაშორისო ლეგიტიმაციის მქონე მაგალითს იყენებს იმისთვის, რომ თავისი მოსაზრება დაასაბუთოს. თუკი მთავრობისთვის პრიორიტეტული გახდება საერთაშორისო შეფასებებში წარმატების მიღწევა, შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ მოსწავლეები სპეციალურად ამ შეფასებების ტესტებისთვის მომზადდეს. ანუ არა მხოლოდ მისაღები და გამოსაშვები გამოცდებისთვის, არამედ იმისთვის, თუ როგორ ვაჯობოთ, მაგალითად შანხაის. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ მაინცდამაინც საერთაშორისო შეფასებებზე სწორება არ უნდა გვქონდეს“, - ამბობს სიმონ ჯანაშია.

მისივე თქმით, საყურადღებოა ისიც, რომ სკოლის დირექტორები და მასწავლებლები საერთაშორისო შეფასებების შედეგებში „საკუთარ თავს ვერ ხედავენ“, ანუ პასუხისმგებლობას არ იღებენ არსებულ შედეგებზე და ამბობენ, რომ „ჩვენი სკოლა ასეთი არ არის“. სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ ბუნებრივია, ძნელია ამ პროცესში იგრძნო საკუთარი პასუხისმგებლობა, თუკი პასუხისმგებლობას არ გრძნობ მთლიანად მთელი სისტემის წინაშე.

„ჩვენ მასწავლებლებს მოვუწოდებთ, შეაფასონ მოსწავლე არა სხვასთან მიმართებაში, არამედ გააჯიბრონ საკუთარ თავს, როგორი იყო გუშინ.  ჩვენ მუდმივად ვეჯიბრებით ხოლმე ინგლისს, ფინეთს, ესტონეთს და არ ვეჯიბრებით საკუთარ თავს. ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის არათანმიმდევრულობა და დემოტივაცია, როგორც ზოგადად საზოგადოებაში, ისე სასკოლო საზოგადოებასა და განათლების სისტემაში“, - ამბობს სკოლის დირექტორი ეკა კვირიკაშვილი.

ის მიიჩნევს, რომ ხარისხიანი სასწავლო გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია სკოლებმა პოზიტიური გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარონ. მისი თქმით, თბილისსა თუ რეგიონებში ბევრი წარმატებული სკოლაა, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ აღწევენ წარმატებას ამ სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, რას აკეთებს სკოლის დირექცია იმისათვის, რომ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება უზრუნველყონ.

სწორედ სკოლის დირექტორის როლზე ამახვილებს ყურადღებას ქართული ენის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე. ის მიიჩნევს, რომ დირექტორს, როგორც სასკოლო საზოგადოების ლიდერს, შეუძლია სწორად წარმართოს სასკოლო ცხოვრება. მეორე მხრივ კი, საუბრობს მასწავლებლების როლზე, რომლებსაც შეუძლიათ სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა უზრუნველყონ, გააცნონ მათ სკოლის საჭიროებები. მისი თქმით, სწორედ ამგვარი თანამშრომლობით დაიძლევა არსებული გულგრილი დამოკიდებულება განათლების პოლიტიკის მიმართ და ინდივიდუალური ინტერესების გარდა, საზოგადოებაში გაღვივდება პასუხისმგებლობის გრძნობა იმ პრობლემებზე, რაც დღევანდელი განათლების სისტემაში არსებობს.  

დისკუსიის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ამგვარი პასუხისმგებლობის გაზიარების გარეშე, ხარისხიანი განათლება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი ვერ გახდება.

მასალა მომზადებულია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და ინტერკულტურული ცენტრის მხარდაჭერით საერთაშორისო კავკასიური ქსელი ბავშვებისთვის ადვოკატირების პროგრამის ფარგლებში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^