განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ კვლევის შედეგებზე საუბრისას ყურადღება მასწავლებლების დაბალ კვალიფიკაციაზე გაამახვილა. მისივე თქმით, კვლევების შედეგების გაუმჯობესებისათვის დაინტერესებული მხარეების ჩართულობით აქტიური მუშაობაა საჭირო.
სასკოლო საზოგადოების წევრები, ისევე როგორც სპეციალისტები ამბობენ, რომ მასწავლებელი სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისასა ცენტრალური ფიგურაა, თუმცა არა ერთადერთი ფაქტორი მოსწავლეების მაღალი აკადემიური მიღწევების უზრუნველყოფისათვის. პედაგოგების კვალიფიკაცია, საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობა, თემში არსებული სოციალური თუ ეკონომიკური ფონი, მოსწავლეების მოტივაცია, მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ხარისხი,- ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებაზე ახდენს გავლენას.
რა აჩვენა კვლევებმა
სახელმწიფო შეფასება აჩვენებს, რომ ქვეყანაში მოსწავლეების 30% მინიმალურ დონეზეც ვერ ძლევს მათემატიკას, 34% - ფიზიკას, 49% - ქიმიას, ხოლო 13% - ბიოლოგიას.
აღნიშნული მონაცემების უფრო დეტალური ანალიზი კი ცხადყოფს, რომ აკადემიური მიღწევების მხრივ დრამატულია სხვაობა სკოლების სტატუსის მიხედვით, უფრო კონკრეტულად კი, ქალაქსა და სოფლად მდებარე სკოლების მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებს შორის.
მაგალითისთვის, ქალაქში არსებული სკოლების მოსწავლეების 55%-ს დაბალი მიღწევა აქვს მათემატიკაში, სოფელში მდებარე სკოლის მოსწავლეების შემთხვევაში კი ეს მონაცემი 71%-ია.
წყარო: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
სისტემაში არსებულ უთანასწორობაზე მიუთითებს საერთაშორისო შეფასებებიც - TIMSS (მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა; სამიზნე ჯგუფი: მე-4 და მე-8 კლასები) და PISA (მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო შეფასება; სამიზნე ჯგუფი: 15 წლის მოზარდები).
თუკი დინამიკაში გადავხედავთ საერთაშორისო შეფასებებს, ვნახავთ, რომ სოფლად მდებარე სკოლებთან მიმართებით არსებული ვითარება წლების განმავლობაში უკეთესობისკენ არ შეცვლილა.
„ერთი შეხედვით, 2007 წლიდან 2015 წლამდე მოსწავლეთა მიღწევები, საერთაშორისო შეფასებების მიხედვით, პოზიტიურად იცვლება, თუმცა, თუკი უფრო დეტალურ სტატისტიკას გადავხედავთ, ეს პოზიტიური ცვლილება ქალაქში მდებარე სკოლების ხარჯზეა, სოფლის სკოლებთან მიმართებით კი ვითარება იგივეა, ან უარესდება“, - ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და საგნობრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ია კუტალაძე. მისივე განმარტებით, შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ სასკოლო განათლების ორი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, ხარისხი და განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება; ამ ხნის განმავლობაში კი უთანასწორობის აღმოსაფხვრელად ეფექტიანი პოლიტიკა არ გატარებულა.
„სწავლის შესაძლებლობებზე მოქმედი ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი რომ ავიღოთ - ოჯახი, როგორც ბავშვის „პირველი მასწავლებელი“ და სკოლა, სადაც მოსწავლე ფორმალურ განათლებას იღებს, სოფელში, ორივე თვალსაზრისით, ბავშვს ნაკლებ რესურსებსა და შესაძლებლობებზე მიუწვდება ხელი. სახლშიც ნაკლები რესურსი აქვს და სკოლაშიც, ამიტომ ეს შედეგი მოსალოდნელი იყო“,- ამბობს ია კუტალაძე და მიიჩნევს, რომ სასკოლო განათლებაში სისტემური ცვლილებებია საჭირო, მთავარი აქცენტი კი უნდა იყოს სკოლების ინდივიდუალური საჭიროებები, რათა სახელმწიფო დაეხმაროს მათ, ვისაც ეს მხარდაჭერა უფრო მეტად სჭირდება.
რა ახდენს გავლენას მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე
თელავის რაიონის, სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის დირექტორი, მაია ნაცვლიშვილი კვალიფიციური კადრების დეფიციტზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, მასწავლებელი არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც მოსწავლეების მაღალ აკადემიურ მოსწრებას უზრუნველყოფს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა სასკოლო ცხოვრებაში, რომელზეც ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისათვის ბევრი რამ არის დამოკიდებული. ის ამბობს, რომ ქალაქის სკოლებისგან განსხვავებით, სოფლად პედაგოგების ნაკლები არჩევანია, განსაკუთრებით უცხო ენებისა და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგთა შემთხვევაში.
თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი არაკვალიფიციური კადრის სამსახურიდან გაშვებას გადაწყვეტს, დირექტორს ამისი ბერკეტი არ აქვს, - ამბობს მაია ნაცვლიშვილი და განმარტავს, რომ ბუნდოვანი საკანონმდებლო ბაზისა და ბიუროკრატიული პროცედურების გამო დირექტორები ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებენ. გარდა ამისა, პატარა თემში, სადაც მეტი სოციალური კავშირებია, ამგვარი გადაწყვეტილება დირექტორისთვის რთული მისაღებია.
კიდევ ერთი საკითხი, რაც მაია ნაცვლიშვილის აზრით სასწავლო პროცესზე ახდენს გავლენას, თემისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესი და საჭიროებებია. ის ჰყვება, რომ სოფლად მცხოვრები ბავშვები უფრო აქტიურად არიან ჩართულნი სასოფლო-სამეურნეო საქმეებში, ქალაქში მცხოვრებლებთან შედარებით. უკვე მე-7 კლასიდან მოსწავლეები მშობლებს ეხმარებიან; ამის გამო, გაკვეთილების გაცდენა უწევთ, სახელმძღვანელოები კი იმგვარად არ არის შედგენილი, რომ მოსწავლემ გაცდენილი გაკვეთილები დამოუკიდებლად, სახლში აინაზღაუროს. ამ მხრივ, რეგიონებში მდებარე სკოლებისთვის არც სასწავლო წლის კალენდარია მოქნილი.
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსზე ხელმისაწვდომობა კიდევ ერთი საკითხია, რასაც სკოლის დირექტორები პრობლემურად მიიჩნევენ. ზუგდიდის რაიონის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორი კობა კვიკვინია ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში სოფელში სკოლა ერთადერთი ადგილია, სადაც მოსწავლეს შეუძლია, განათლება მიიღოს; მაშინ, როდესაც სოფლის სკოლების უმეტესობაში მწირი საგანმანათლებლო რესურსია, - სკოლას არ აქვს ლაბორატორია საბუნებისმეტყველო საგნებისთვის, არც კარგი ბიბლიოთეკა, სადაც მოსწავლე მრავალფეროვან ახალ ლიტერატურას გაეცნობა, უფრო მეტიც, სკოლას სადაც 186 მოსწავლე სწავლობს, მხოლოდ 5 მოქმედი კომპიუტერი ემსახურება.
თემში არსებულ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ფონზე ამახვილებს ყურადღებას ხაშურის რაიონის სოფელ გომის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ჯაფარიძე. ის ჰყვება, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც ზამთრის ცივ ამინდში, ფეხსაცმლის უქონლობის გამო, მოსწავლეები გაკვეთილებს აცდენენ, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ გავლენას ახდენს სწავლის ხარისხზე; მწირი ფინანსური რესურსის პირობებში კი მშობლების ჩართულობაზე ამახვილებს ყურდღებას და ამბობს, რომ სასკოლო პრობლემების მოგვარება მშობლების დახმარებით უფრო ადვილია. მაგალითად მოჰყავს შემთხვევები, როცა სკოლის დაზიანებული სახურავი და კარ-ფანჯარა მშობლებმა შეაკეთეს, რითაც ფინანსები დაზოგეს. მისივე თქმით, მშობლების მხრიდან ამგვარი მხარდაჭერა სკოლას მეტად უადვილებს პრობლემების გადაჭრას; მოსწავლეების სწავლითა და სასწავლო გარემოთი დაინტერესებული მშობლები დადებითად მოქმედებენ ბავშვების სწავლის მიმართ დამოკიდებულებაზე.
რა პრობლემებს ხედავენ განათლების სპეციალისტები
ჩვენი განათლების პოლიტიკა, მაგალითად: სასწავლო გეგმა, საათების განაწილება, სასწავლო წლის კალენდარი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქის მოსწავლეებზე მეტად არის მორგებული და ნაკლებად ითვალისწინებს სოფლის მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს, - ამბობს განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია და განმარტავს, რომ დღევანდელი სახელმწიფო პოლიტიკა უნიფიცირებულია, შესაბამისად, ნაკლებად ხდება სკოლების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება.
რა შეუძლია, გააკეთოს სკოლამ მოსწავლეების აკადემიური მიღწევების გაუსამჯობესებლად?
რა ტიპის მხარდაჭერა შეუძლია, აღმოუჩინოს სახელმწიფომ სკოლებს? სიმონ ჯანაშიას მაგალითად აშშ-ის პრაქტიკა მოჰყავს, - იქ, სადაც ბავშვები მუშაობის გამო არ სწავლობენ (მუშაობენ მაღაზიაში ან ეხმარებიან მშობლებს უმცროსი და-ძმის მოვლაში), არსებობს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო მშობლებს იმ პირობით აძლევს ფინანსურ დახმარებას, თუკი ბავშვები ივლიან სკოლაში და მიაღწევენ გარკვეულ აკადემიურ წარმატებას.
ფოტო: გიორგი ჭეიშვილი
კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ქალაქში მდებარე სკოლებშიც არ არის სახარბიელო ვითარება, - ამბობს განათლების სპეციალისტი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე.
მისი თქმით, არსებულ რეალობაში სკოლებს არ გააჩნიათ რეალური ბერკეტი, დამოუკიდებლად შეცვალონ ვითარება. ტაბატაძე მიიჩნევს, რომ ცვლილებების გატარება შეუძლია სასწავლო პროცესის ხელმძღვანელს, რომელსაც ექნება სათანადო ცოდნა, გამოცდილება და უფლებამოსილება, ამგვარი ადამიანური რესურსი კი ქვეყანაში მწირია.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს სხვადასხვა ტიპის მმართველობის სკოლების შექმნას; ეს შეიძლება იყოს სათემო, სპეციალიზებული ან თავისუფალი მმართველობის სკოლები:
„ახლა სისტემაში გვაქვს კერძო და საჯარო სკოლები. მეტი არჩევანი არ გვაქვს, როცა შესაძლებელია, შეიქმნას, მაგალითად, სათემო სკოლები, რომელსაც მეტი დამოუკიდებლობა ექნება; სახელმწიფომ კი მათი მხარდამჭერი მექანიზმები უნდა აამუშაოს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, კარგი ადმინისტრატორები მოამზადოს, რომლებიც ადგილზე შეძლებენ ცვლილებების გატარებას; ვინაიდან სამინისტროს მიერ შეთავაზებული ცვლილებები კვლავ არაეფექტიანი იქნება, თუკი სკოლის ხელმძღვანელები დელეგირებულ უფლებებს სკოლის განვითარებისთვის ვერ გამოიყენებენ. თუკი სოფლის სკოლებს მაღალმთიანი რეგიონების სკოლებსაც დავუმატებთ, მათი რაოდენობა სკოლების საერთო რაოდენობის დაახლოებით 75%-ს შეადგენს; დღეს ამ რაოდენობის ადამიანური რესურსი, კვალიფიციური ადმინისტრატორები, რომელიც ხარისხიან სასაწავლო პროცესს წარმართავენ, არ გვყავს“.
არაქართულენოვანი სკოლები
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც კვლევებმა აჩვენა, ეთნიკური უმცირესობების სკოლებს ეხება; უფრო კონკრეტულად კი, PISA-ს კვლევის შედეგებმა, რომელშიც აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ, აჩვენა, რომ მოსწავლეები, რომლებიც ტესტს აზერბაიჯანულ ენაზე ასრულებენ, მათემატიკაშიც და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშიც საშუალოდ უფრო დაბალ შედეგს აჩვენებენ, ვიდრე ისინი, რომლებიც ტესტს ქართულად წერენ.
„არაქართულენოვანი სკოლები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ინერციით მოქმედებდნენ. ძირითადი პროგრამები, რასაც სახელმწიფო ამ მიმართულებით ახორციელებდა, ქართული ენის სწავლების გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული, იმისათვის, რომ უმრავლესობისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ ზრუნავდა სახელმწიფო ენაზე. ამგვარი გაუაზრებელი პოლიტიკა კი მოსწავლეებისთვის ხარისხიან საგანმანათლებლო სივრცეს ვერ ქმნიდა, რადგან სახელმწიფო ენის გაძლიერებულ სწავლებას შედეგი ვერ ექნება, თუ მშობლიური ენა არ ისწავლება სათანადო დონეზე“.
ტაბატაძე მიიჩნევს, რომ ერთადერთი მიღწევა არაქართულენოვან სკოლებთან მიმართებით არის სკოლებში ქართული საგანმანათლებლო სისტემის ეროვნული სასწავლო გეგმის შესვლა, თუმცა ის ორენოვანი სახელმძღვანელოების არაეფექტიანობაზე მიუთითებს.
არაქართულენოვან სკოლებში მოსწავლეები ორენოვანი სახელმძღვანელოებით სწავლობენ. სასწავლო მასალის ნაწილი - 30% ქართულ ენაზეა, 70% - ეთნიკური უმცირესობების.
არსებული ორენოვანი სახელმძღვანელოების არაეფექტიანობაზე მიუთითებს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოც, რომელიც განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, ერთი მხრივ, სახელმძღვანელოების სხვა მოდელი შეიმუშაონ, მეორე მხრივ კი, ორენოვანი მასწავლებლების პროფესიულ მომზადებაზე იზრუნონ.
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, კვალიფიციური პედაგოგების პრობლემა არაქართულენოვანი სკოლების შემთხვევაშიც მწვავედ დგას დღის წესრიგში.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ 2015 წელს მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტში, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათა მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას შეეხება, ნათქვამია, რომ „მასწავლებელთა დაბერების“ პრობლემა განსაკუთრებით თვალშისაცემი არაქართულენოვანი სკოლების შემთხვევაშია,- არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა ასაკი ზოგიერთ რეგიონში ქვეყანაში არსებულ საშუალო მონაცემებზე გაცილებით მაღალია.
როგორც დოკუმენტის ავტორები განმარტავენ, არაქართულენოვან სკოლებში ორენოვანი განათლების პროგრამები რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რასაც ენობრივად და მეთოდოლოგიურად მომზადებული მასწავლებლები სჭირდება. საპენსიო ასაკში კი პედაგოგებს, უმეტეს შემთხვევაში, მსგავს ძირეულ რეფორმებში ჩართვის სურვილი ნაკლებად აქვთ.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია არაქართულენოვანი სკოლებისთვის მასწავლებლების მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამებზეც და ნათქვამია, რომ უმაღლეს სასწავლებლებში განათლების პროგრამებზე არ სწავლობენ სტუდენტები, რომლებიც პოტენციურად არაქართულენოვან სკოლებში შეიძლება დასაქმდნენ. ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი კი მასწავლებელთა განათლების პროგრამის არაპრესტიჟულობაა.