„გაიზრდება პედაგოგების ანაზღაურება“,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
თუმცა მიის თქმით, დეტალებზე, თუ როგორ მოხდება ეს, ამჯერად ვერ ისაუბრებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია პედაგოგებისა და მასწავლებლების საკითხი. აქაც ბევრი გადასაჭრელი პრობლემაა, დაწყებული მასწავლებლის რეპუტაციის ამაღლებით, კიდევ, რაც ყველაზე მთავარია ფინანსური საკითხები. როგორც მე ვიცი, ამ მიმართულებით მუშაობა მიდის, რომელიც შეეხება მასწავლებლის ანაზღაურების სისტემის გადახედვას და ამ გადახედვაში იგულისხმება სწორედ ფიქსირებული და საათობრივი ბალანსის დაცვა. თუმცა ამ მიმართულებით არის სამუშაო. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა და პრემიერმაც განაცხადა, მოხდება პედაგოგების ანაზღაურების ზრდა. დეტალებზე ამჟამად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ეს აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მისივე თქმით, მალე საზოგადოებას წარუდგენენ სამინისტროს გაერთიანებულ სტრატეგიას, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული ვადები და დასახული მიზნები.