„მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
„მაღაროელის სიცოცხლის დაზღვევა კი უნდა გაიზარდოს! ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს ამ მძიმე დანაკარგის გამო“, - განაცხადა თალაკვაძემ.
დღეს დილით ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
როგორც „ლიბერალთან" საუბრისას პროფკავშირების წარმომადგენელი ილია ლეჟავა აცხადებს, 4 მეშახტეს მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, 2-მა მეშახტემ კი მსუბუქი დაზიანება მიიღო.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.