ტყიბული 8 საათის შემდეგ იძინებს. ქუჩები ცარიელდება, სუპერმარკეტები იკეტება, ავტომანქანების ხმა კანტიკუნტად ისმის. რუხი საცხოვრებელი კორპუსებიდან ალაგ-ალაგ გამოსული სინათლის კვალიც კი გარშემო ჩამოწოლილ სიბნელეში იკარგება და საერთო სიჩუმეს უერთდება. ქუჩაში მხოლოდ ხროვებად მოსიარულე ძაღლები რჩებიან.
ტყიბული მეშახტეთა ქალაქი იყო, „აქ სიცოცხლე ჩქეფდა”, - ამბობენ ადგილობრივები. ახლა ყველაფერი შეიცვალა.
ტყიბული ახლა დაცარიელებული ქალაქია, სადაც ყველაზე ხშირად საუბრობენ სიკვდილსა და უიმედობაზე. შახტამ მათ წლების განმავლობაში ბევრი ახლობელი წაართვა.
ორი სურვილი აქვთ - შახტაში ჩასვლა იყოს უსაფრთხო და ჰქონდეთ ალტერნატიული დასაქმების საშუალება.
. . .
ტყიბულის, როგორც ქალაქის დაბადება, ქვანახშირის მოპოვებას უკავშირდება. ტყიბულ-შაორის საბადო XIX საუკუნის 30-იან წლებში აღმოაჩინეს. ნახშირის მოპოვება კი 1847 წლიდან დაიწყო. აშენდა მეშახტეთა დასახლებები, გაიხსნა ფაბრიკა-ქარხნები და ქუთაისთან დამაკავშირებელი რკინიგზა.
ტყიბულში სიცოცხლე ჩქეფდა, პირველი კატეგორიის ქალაქი იყოო, იხსენებენ ადგილობრივები. შახტში სამუშაოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიოდნენ.
90-იან წლებამდე ქვანახშირს უწყვეტად მოიპოვებდნენ. მერე ყველაფერი გაჩერდა. ჩაბნელებული ქალაქი ნელ-ნელა დაიცალა. ტყიბული მოჩვენებების ქალაქად იქცა. ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილ კორპუსებში შუქიც გაქრა. ქალაქში დარჩენილებს ყველაზე ახლოს მგლების ყმუილი ესმოდათ.
„მაშინ ტყიბულში ბინები ერთ გოჭზე იცვლებოდა”, - იმ პერიოდის მდგომარეობის აღსაწერად ხშირად იმეორებენ აქაურები.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2006 წელს, მაშინდელმა მთავრობამ ტყიბულში ქვანახშირის მოპოვების უფლება ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილს, რომელიც ამავე დროს, ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, 45 წლით მისცა.
„საქნახშირმა" (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) ტყიბული-შაორის საბადოზე ქვანახშირის მოპოვება განაახლა. მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შემდეგ, მუშები შახტებში ჩავიდნენ. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში დახურულ შახტებში მუშების შეშვება მდგომარეობის სრულყოფილად შესწავლის გარეშე, დიდი შეცდომა იყო.
შახტის ამუშავებამ ქალაქს თითქოს, მეორე სიცოცხლე შესძინა. მაგრამ ბევრი უბედურებაც მოგვიტანაო. ნაწილი გაბრაზებულია და ამბობს, რომ იქ არსებულმა მდგომარეობამ მათი ოჯახის წევრები შეიწირა; ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქალაქი შახტის გარეშე ერთადერთ საარსებო წყაროს დაკარგავს.
ტყიბულში ახლა 21 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტს სულ 45 სოფელი აქვს. სოფლის მეურნეობა განვითარებული არაა. მიწაზე, სადაც გვიმრა ამოდის, ლობიო და სიმინდი არ ხარობსო. მაღალმთიან სოფლებში ძირითადად, მეცხოველეობას მისდევენ.
დასაქმების მთავარი საშუალება შახტია, სადაც სულ 1500-მდე ადამიანი მუშაობს და მუნიციპალური დაწესებულებები. მათ შორის მერიასა და საკრებულოში სულ 130 სახელმწიფო მოხელეა. მუშაობს 14 საბავშვო ბაღი, 23 საჯარო სკოლა, სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი და სამკერვალო ფაბრიკა, სადაც მხოლოდ 40 ქალია დასაქმებული.
მხატვარი ლუიზა ლაფერაძე ტყიბულიდანაა. იხსენებს, რომ სამხატვრო აკადემიის დასრულების მერე მშობლიურ ქალაქში ცხოვრებაზე ფიქრობდა. ხედავდა უკან დაბრუნების აზრს. დღეს ახალგაზრდები ამ ქალაქიდან მიდიან. 16 წლის ანანო გურგენიძე ამბობს, რომ სკოლის დამთავრების მერე წავა და უკან საცხოვრებლად აღარ დაბრუნდება.
„მთავარი დამნაშავე სახელმწიფოა”
დარეჯანი კარზე მუშტების ბრახუნმა გააღვიძა. 5 აპრილის დილა იყო. ოთახში მეზობელი შემოვიდა, სახეზე ფერი არ ედო, სავარძელში ჩაეშვა, ხელებს ნერვიულად ისვამდა მუხლებზე და იმეორებდა: „ავარიაა შახტზე, ავარიაა, 6 კაცი დაღუპულა, ჩვენი პავლეა სმენაში”. დარეჯანს აღარაფერი ესმოდა, იატაკზე დაემხო და მუშტებშეკრული ღმერთს პავლეს გადარჩენას სთხოვდა.
დარეჯანს შავ კაბაზე პავლეს პატარა ფოტო აქვს მიმაგრებული. 9 მაისია, ტყიბულის მერიის წინ დაღუპულ მეშახტეებს იხსენებენ. პავლე დარეჯანისთვის მეორე შვილივით იყო. მეშახტეთა კორპუსში, მის თვალწინ გაიზარდა. დარეჯანთან ერთად მერიის შენობის კიბეებთან რამდენიმე შაოსანი ქალი ჩამომჯდარა. ყველანი პავლეს მეზობლები არიან. იქვე ბავშვები დარბიან. მოშორებით კაცები დგანან.
აქციაზე ხალხი არ მოვიდა. დარეჯანი ამბობს, რომ ქალაქში ერთიანობა არაა, სიკვდილზე უარესი რაღა უნდა მოხდეს, მაგრამ ხალხს მაინც უარესის ეშინიაო. არ გამოვიდნენ. ალბათ დააშინეს ხალხი და მაგიტომ არ მოვიდნენო, ჩურჩულებენ გაბრაზებული. მთავრობამ და კომპანიამ დააშინა და ვერ გამოდიანო.
აქციაზე რამდენიმე ახალგაზრდა მეშახტე, სკოლის მოსწავლეები, პავლეს ოჯახის წევრები, მეზობლები და თბილისიდან ჩასული რამდენიმე აქტივისტი დგას.
მე, 62 წლის ქალი, აქ ვარ - ამბობს დარეჯანი. მან და მისმა ოჯახმა ყველაზე კარგად იცის, რა არის ტკივილი და უიმედობა. მისი შვილები გიორგი და ლია მანაგაძეები აქციაზე არიან. გიორგი ეტლში ზის. 2012 წელს შახტში დამარცხდა. მაშინ 29 წლის იყო. შახტში ბურღვის დროს ჭერი ჩამოიშალა, ორი ადამიანი მოჰყვა. გიორგის ხერხემალი დაუზიანდა. მისი მოვლა ქალებს - დას, ლიას და მოხუც დედას, დარეჯანს უწევთ. ლიას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მაგრამ დღემდე გიორგის ერთადერთი გამყოლი და დამხმარეა.
მერიასთან აქციამ უხმოდ ჩაიარა. რამდენიმე ადამიანი მალევე დაიფანტა, სკოლის მოსწავლეებმაც ხელში დახვეული პლაკატი გაუხსნელად წაიღეს უკან.
ტყიბულში ორი - მინდელის და ძიძიგურის შახტები ფუნქციონირებს. სულ დასაქმებულია 1500-მდე ადამიანი. მათ შორის 120 ქალი და 1300 კაცი. მოპოვებით საქმიანობაში ჩართული (1052 მუშა) ადამიანების საშუალო ხელფასი 700-დან 900-ლარამდე მერყეობს.
დანარჩენები სხვადასხვა სამუშაოზე არიან განაწილებული, როგორიცაა უსაფრთხოების სამსახური, ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა, თბოელექტროსადგური, ჟანგბადის საამქრო და ა.შ.
მიწისქვეშ დაშავებულთა და დაღუპულთა სტატისტიკა ყოველ წელს სავალალოა. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ 2016-2017 წლებში კომპანიას რეკომენდაციები მიაწოდა. ანგარიშში წერია, რომ შპს „საქნახშირის” კუთვნილ საწარმოში დასაქმებულები ღირსებისშემლახავ პირობებში იმყოფებიან. უხეშად ირღვევა მათი შრომითი პირობები და უფლებები. მაგალითად, ვაგონების სამუხრუჭედ გამოიყენება ფიცრის ნაჭრები; ქვესადგურებში დასაქმებულებს არ აქვთ ბოტი, ჩაფხუტი, ხელთათმანი და ხალიჩა; არ აქვთ სათვალე და რესპირატორები.
„ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის”(EMC) მონაცემებით, 2011 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, სულ საქართველოში, საწარმო შემთხვევისას 882 ადამიანი დაშავდა, 317 კი დაიღუპა.
გასულ წელს უშუალოდ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მუშა მოკვდა. წელს კი - 6. სტატიაზე მუშაობა უკვე დასრულებული გვქონდა, როდესაც, ორი კვირის წინ, ტყიბულში კიდევ ორი მუშა დაიღუპა. შემთხვევა "ჯი აი ჯი ჯგუფის სალიცენზიო ზონაში" მოხდა, სადაც ნახშირს ღია კარიერული წესით სხვა 30-მდე წვრილი კომპანია მოიპოვებს.
„საქნახშირში” გვითხრეს, რომ 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, დაღუპული მეშახტეების ოჯახებისთვის კომპენსაციამ 452 719 ლარი შეადგინა, დაშავებულებისთვის ეს თანხა - 230 000-მდეა.
„ბაღში სათამაშოები სახლიდან მოგვაქვს”
პირველი სურათი, რაც ტყიბულის მეორე საბავშვო ბაღში გვხვდება, ფანჯრებს მიღმა ხის სკამებზე შემომჯდარი ბავშვების სახეებია. ჩუმად სხედან და ტელევიზორს უყურებენ. ერთი შეხედვით, 100-მდე ბავშვის მეორე სახლი ხმაურიანი უნდა იყოს, ირგვლივ მათი ჟრიამული ისმოდეს, ძირს სათამაშოები ეყაროს, ზოგი ეზოში დამალობანას თამაშობდეს, ზოგი უბრალოდ იჯდეს და ქვიშაში თავისთვის სასურველ ფიგურებს აგებდეს.
ამის ნაცვლად, საბავშვო ბაღის შენობა ავარიული და უცნაურად მდუმარე დაგვხვდა.
ეზოში საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი, დაჟანგული რკინის კონსტრუქციები ბავშვებისთვის ახლა მხოლოდ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ, აღმზრდელებს ისინი ოთახებიდან არ გაჰყავთ. არც ოთახში აქვთ პირობები. სათამაშოების მოტანას მშობლებს სახლიდან ვთხოვთო, გვეუბნება ბაღის გამგე. კედლებს კი უსასრულოდ ვხატავთ, ათას რამეს ვჭრით, რომ ნაპრალები დავმალოთო.
მაია ქარქაშაძე გვიყვება, რომ ბაღში ამჟამად 106 ბავშვი დადის და ბაღის ინფრასტრუქტურას საბჭოთა კავშირის მერე ხელი არ შეხებია : „დაგვპირდნენ, საპროექტო ჯგუფიც იყო მოსული, შეისწავლეს მდგომარეობა, მაგრამ რატომღაც ტენდერი ჩაიშალა და წელსაც ასე დავრჩით”, - გვეუბნება გამგე და მერიაში, ბიუროკრატიული პროცედურების მოგვარებისა და ნებართვის აღების შემდეგ, იქაურობას გვათვალიერებინებს.
შენობაში არაა ცხელი წყალი. სამზარეულოში ჭურჭელს ზამთარ-ზაფხულ ცივი წლით რეცხავენ. სველი წერტილები ბავშვებისთვისაც და თანამშრომლებისთვისაც სავალალო მდგომარეობაშია. მაგრამ თანამშრომლების ძალისხმევით, სისუფთავეს ვინარჩუნებთო, გვეუბნებიან.
ერთადერთი, რასაც გამგე ხაზს უსვამს, ბავშვების კვების რაციონის სიმდიდრეა. ამბობს, რომ ბავშვებს საკმარისზე მეტი საჭმელიც კი აქვთ დღის განმავლობაში.
ქალაქ ტყიბულში სულ 6 საბავშო ბაღია. აქედან გარემონტებულია მხოლოდ ერთი - პირველი ბაღი, რომელიც ტყიბულის ცენტრში მდებარეობს. ისიც გასულ წელს გაარემონტეს, მიუხედავად ამისა, შეღებილი კედლების ნაწილი ჩამოცვენილია.
პირველი ბაღის გამგის მოვალეობას დიანა მორჩაძე ასრულებს. ძველი გამგე სტუდენტ შვილს თბილისში გაჰყვა, ცდილობს იქ აიწყოს ცხოვრება, აბა აქ 330 ლარიანი ხელფასით რა უნდა ექნა, - გვითხრა დიანამ.
დიანა 21 წელია ამ ბაღში მუშაობს. წუხს, რომ გამოცდილი და კვალიფიციური აღმზრდელები მცირე ანაზღაურების გამო, ბაღებს ტოვებენ. ამბობს, რომ თუ ქალაქში სოციალური ფონი არ შეიცვალა, მალე აქ აღარავინ დარჩება.
დიანას ერთი შვილი ჰყავს. სკოლას რომ დაამთავრებს, ალბათ მეც თბილისში გავყვებიო. თავისი შვილის მომავალს ტყიბულში ვერ ხედავს.
პედაგოგები ორ ცვლად მუშაობენ. დილის 9-დან 4-მდე ერთი აღმზრდელი და ძიძაა ბავშვებთან; 11 საათიდან 6 საათამდე მეორე ცვლის აღმზრდელი მოდის. მათი ხელფასი 256 ლარია, ძიძას 200 ლარი აქვს.
ტყიბულის ბაღის თანამშრომლები თებერვალში ხელფასის გაზრდის მოთხოვნით ქალაქის მერს, თემურ ჩუბინიძეს შეხვდნენ.
მერიის, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ემილ გაბრიაძემ მაშინ „ლიბერალს“ უთხრა, რომ ბაღებს მართლაც ძალიან მცირე დაფინანსება აქვს და ხელფასების მხოლოდ სიმბოლურად გაზრდა იქნებოდა შესაძლებელი.
ამის შემდეგ აღმზრდელს 16 ლარით მოემატა ხელფასი, ძიძას - 10 ლარით.
„მერთან შეხვედრაზე რომ ვიყავით მასწავლებლები, ერთ-ერთმა ბაღის გამგემ თქვა, ჩემს შვილს მე მეორადი ტანსაცმლით ვმოსავ და იქნებ თქვენ მიგვასწავლოთ ისეთი მაღაზია, სადაც მეორადი პროდუქტით მაინც შემეძლოს ჩემი მშიერი შვილის გამოკვებაო.
ეს ფრაზა გულზე მომხვდა. პასუხი რა უნდა ყოფილიყო? - დუმილი, ცრემლი... და ხელფასების 7%-იანი მატება“, - დიანა მორჩაძე მერთან შეხვედრას იხსენებს და ამატებს, რომ ქალაქში არსებულ მდგომარეობაზე ისიც მეტყველებს, რომ ქუჩაში მოძრაობა მხოლოდ პენსიებისა და შახტის ხელფასების გაცემის დღესააო.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში 15 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც სკოლამდელ განათლებას 621-მდე ბავშვი იღებს. ბაღებთან დაკავშირებით ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი აფინანსებს, მათ შორის: ბაღის პერსონალის შრომის ანაზღაურებას, ბავშვთა კვებას, შენობების გათბობას, ბავშვებისათვის საახალწლო ღონისძიებებსა და ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა მიმდინარე ხარჯებს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, განათლება და განსაკუთრებით სკოლამდელი განათლება მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია. ამისთვის კი 1 მლნ. 270 ათას ლარამდეა გამოყოფილი. ამ თანხიდან უშუალოდ სკოლამდელი განათლების დასაფინანსებლად 900 000 ლარია განსაზღვრული (ამაში შედის თანამშრომლების ანაზღაურებაც), საბავშვო ბაღების მოწყობა - რეაბილიტაციისთვის კი 376 ათას 600 ლარი.
ტყიბულის მერის მოადგილე გიორგი ლომთაძე აღიარებს, რომ საბავშო ბაღებში ნამდვილად მძიმე მდგომარეობაა. თუმცა, ამაში წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობასაც ხედავს და ამბობს, რომ „მაშინ ბაღებზე არავინ ზრუნავდა”.
ახლა სკოლამდელი აღზრდა მათი პრიორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია საკმაოდ ძვირი ჯდება, მომავალ წლებში 4 ახალ ბაღს ააშენებენ: „ვფიქრობ, რომ ოთხ წელში, ბაღების პრობლემა სრულიად მოგვარდება”.
„ხელოვნება და აქტივიზმი ცვლილებებისთვის”
სანამ ადგილობრივი ხელისუფლება ბავშვებს ახალ და მოწესრიგებულ ბაღებს ჰპირდება, 2017 წელს მხატვარმა და აქტივისტმა, ლუიზა ლაფერაძემ გადაწყვიტა, ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებული ბავშვებისთვის ბაღში ფერადი და სრულიად განსხვავებული გარემო დაეხვედრებინა.
ხელოვნების აქცია, ერთგვარი პერფორმანსი, რომელზე მუშაობაც მოუწია, სწორედ ტყიბულში, მის ბავშვობას და პირველ შთაბეჭდილებებს ეხებოდა.
ამ პროექტზე მუშაობისას აღმოაჩინა, რომ მის ბაღში ბავშვები ისევ იმ, ძველ კარადებში ინახავდნენ ქურთუკებს, მის დროს დატოვებული სათამაშოებით თამაშობდნენ და ძველ, ხის ნახევრადდამტვრეულ საწოლებში ეძინათ.
ბაღიდან წამოსული იხსენებს, როგორ აწვალებდა იმაზე ფიქრი, რომ ბავშვების რეალობა შესაცვლელი იყო. პირველად ბაღში სათამაშოები მიიტანა. მერე იყო იდეაზე 2-თვიანი მუშაობა. 70 მხატვარს დაუკავშირდა და საბოლოოდ, გამოფენა-გაყიდვა შედგა.
ნახატები აყიდინა ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და „საქნახშირს”. შემოსული თანხით, ტყიბულშივე დაამზადებინა საწოლები, იყიდა საძინებლისთვის ყველა საჭირო ინვენტარი და ეზო გააფერადა - ყველა დაჟანგულ რკინას, ფერი დაუბრუნა. საქანელებმა ისევ დაიწყო ტრიალი: „ბავშვები აგრესიული აღარ არიან და ძილის მერე, სულ ხატვა უნდათო, მითხრა ერთმა მასწავლებელმა. ამაზე უკეთეს ჯილდოს ვერასდროს მივიღებდი”, - ამბობს მხატვარი.
ლუიზა ფიქრობს, რომ მას როგორც ტყიბულელს და როგორც ხელოვანს, შეუძლია შეცვალოს რეალობა.
„ალტერნატიული დასაქმების შემთხვევაში ხალხი დაბრუნდება”
დილის 11 საათია. წვიმს. ტყიბულის ცენტრში მწვანე ფერის, ნახევრადჟანგიანი ავტობუსი შევსებას ელოდება. იმერეთის, როგორც ადგილობრივები ეძახიან, ლენინის უბანში დღეში რამდენჯერმე ადის.
იქამდე 20 წუთის სავალია. მგზავრების უმეტესობა გზაშივე ტოვებს ტრანსპორტს, მძღოლის გვერდით 20-თეთრიანებს ყრის და ჩადის.
ლენინის უბნამდე ავტობუსი მთლიანად ცარიელდება. კორპუსებს შორის ჩერდება, 15 წუთში უკან უნდა დაბრუნდეს. აქაურობა ჩერნობილივით დაბომბილ-მიტოვებულს ჰგავს. არავისი ხმა არ ისმის.
ამიტომ, უკან ავტობუსში ვბრუნდებით და მის გასვლას ველოდებით.
„გუშინ ავტობუსი გამიფუჭდა და დილის ოთხ საათამდე ვაკეთებდი, ამასობაში ჩემი სმენაც დაიწყო”, - საუბარს იწყებს მძღოლი.
ფულს გიხდიან გაკეთებაში? - ვეკითხებით. ხელფასს გვაძლევენ, თვეში 308 ლარი მაქვსო, გვპასუხობს.
მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლი მუშაობას დილის 8-დან იწყებს და საღამოს 8-ზე ავტობუსი სადგომში მიჰყავს, მერე უნდა გაასუფთაოს და სახლში ასე წავიდეს: „ჩემი, 10 წლის წინანდელი ჩამოყვანილი ავტობუსია. ზოგი 28 წლისათი დადის. გერმანიიდან რომ ჩამოვიდნენ და ნახონ, რომ ამით ვმოძრაობთ, ალბათ გაეცინებათ”, - გვეუბნება მძღოლი.
ახალი მგზავრები არ ჩანან. ამიტომ, ძრავს რთავს და უკან, დაღმართზე ვეშვებით, ერთადერთი ადამიანი, რომელიც ლენინის უბნიდან გვემგზავრება, მძღოლს სიგარეტს სთხოვს და პირველივე გაჩერებაზე უკან ჩადის.
ცარიელი ბაზარი
ტყიბულის გადახურულ ბაზარში, დახლთან ქალები სხედან. ზოგს წინ გასაყიდად გამზადებული რძის ნაწარმი უდევს, სხვები სუნელებს ყიდიან. გარეთ, ე.წ. გარემოვაჭრეები ბოსტნეულს წვიმისგან იცავენ.
დასვენების დღეა, მაგრამ მყიდველები არსად ჩანან. ბაზარი სრულიად ცარიელია.
„უფულობა, უმუშევრობა, ხალხი არაა, მყიდველი არაა. ეს გვაწუხებს”, - ამბობს მაგული გაბრიჭიძე, რომელიც სუნელების გასაყიდად ბაზარშია გამოსული.
ყველა მოვაჭრე ამბობს, რომ მძიმე სოციალური ფონი ქალაქს ახალგაზრდებისგან აცარიელებს: „ჩამკვდარ ქალაქად შეიძლება გამოცხადდეს აქაურობა”.
ამიტომ, ფიქრობენ, რომ შატხის გარდა, ტყიბულში რამემ თუ არ იმუშავა, აქაურობას მომავალი არ აქვს.
ტანსაცმელების გამყიდველის, თეა ბერიკაშვილისთვის ორი რამაა მნიშვნელოვანი - ტყიბულში ამუშავდეს ქარხანა-ფაბრიკები, რომელიც ადრე ამ ქალაქს აცოცხლებდა და განვითარდეს ქალაქის ტურისტული პოტენციალი.
„ადრე 3 მარტო სამკერვალო ფაბრიკა გვქონდა. თითოში 200-მდე მკერავი მუშაობდა. სოფლებში ინტენსიურად დადიოდა ტრანსპორტი, მატარებელი მუდმივად მოძრაობდა...
უნიკალური კურორტები გვაქვს, სოფელ საწირეში; ასევე, გელათი, ცხრაჯვარი, კურსებს ხშირად სტუმრობენ ტურისტები. სოფლებში: ორპირში, ცუცხვათში ჩაის ფაბრიკები ფუნქციონირებდა.
ამიტომ, თუ კი, შახტის გარდა, ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობები ახლაც იქნება, ხალხი დაბრუნდება”, - ამბობს თეა.
„ქალები სეზონურ სამუშაოებზე მიდიან”
ტყიბულში სამკერვალო ფაბრიკის არსებობის შესახებ წინასწარ ვიცოდით. თუმცა, რამდენჯერაც ადგილობრივებს ფაბრიკაზე ვკითხეთ, ორჭოფულად გვასუხობდნენ - ზუსტად არავინ იცოდა, ახლაც მუშაობს თუ არა. იგივე პასუხი გაგვცა ტყიბულის მერის პირველმა მოადგილემაც. ტექნიკუმის ყოფილ შენობაში მოწყობილ საწარმოში პირდაპირ წავედით.
ეზოში ექვსამდე ქალი დაგვხვდა. გვითხრეს, რომ 2 თვეა მუშაობა არ აქვთ, ფაბრიკა გაჩერებულია, მაგრამ დღეს თურქ დამკვეთს ელოდებიან.
სამკერვალო საწარმო 2011 წელს შპს „მილერი და კომპანიამ” გახსნა. შენობაც მისსავე საკუთრებაშია. თავდაპირველად, საუბარი იყო, რომ 700-მდე ადგილობრივი უნდა დაესაქმებინათ, მაგრამ მალევე, 2012 წელს ფაბრიკამ გაურკვეველი მიზეზით მუშაობა შეწყვიტა.
2014 წელს კომპანიამ შენობა გააქირავა და 2016 წლამდე ადგილობრივი მკერავი ქალები მიზერულ თანხაზე, გამომუშავებით 150-250 ლარზე მუშაობდნენ.
ფაბრიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ბოჭორიშვილი გვეუბნება, რომ ამ პერიოდმა საწარმოს ძალიან შეულახა იმიჯი. მკერავი ქალების უმეტესობა, რომლებიც მათ გადაამზადეს, თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე წავიდა.
2016 წლიდან დღემდე საწარმოს კვლავ „მილერი და კომპანია” მართავს. დასაქმებული ჰყავს 40 ადგილობრივი მკერავი, თუმცა მათი მდგომარეობა არც ახლაა სახარბიელო. დამოკიდებული არიან კერძო შეკვეთებზე. თუ შეკვეთა აქვთ, გამომუშავებით მაქსიმუმ შეიძლება 400 ლარი აიღონ.
„როცა შეკვეთა არაა და რამდენიმე თვე გაჩერება გვიწევს, მკერავები ხელიდან გვეცლებიან. ყველას სესხი აქვს, ერთი თვეც კი შემოსავლის გარეშე მათთვის კატასტროფაა. ამიტომ, ურჩევნიათ 3 თვეში ერთხელ, წავიდნენ თურქეთში, ხან თხილი კრიფონ, ხან ჩაი...”.
სამკერვალოს სამივე სართული თანამედროვე ტექნიკითაა მოწყობილი. საკერავი მანქანები მაგიდებზე შეფუთული ალაგია. შენობის ყველა წერტილში უსაფრთხოების წესებია გაკრული. ცალკეა მოწყობილი საავარიო კიბე.
საწარმოს თანამშრომელი მაია აშოთია გვიყვება, რომ თვეების წინ დანიურ კომპანიას უნდოდა შეკვეთა. თუმცა, იქამდე შრომითი უსაფრთხოების საკითხები შეისწავლეს. ფაბრიკის მფლობელ კომპანიას დაავალეს, გაეკეთებინათ სახანძრო სათადარიგო გასასვლელი და სხვა უსაფრთხოებისთვის საჭირო დეტალები, და შეკვეთა მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს.
ტექნიკურად ფაბრიკა მართლაც უბადლოდ გამოიყურება. თუმცა, მაია ამბობს, რომ ქალებს ისეთ მიზერულ თანხებზე უწევთ მუშაობა, წარმოუდგენელია ამით თავის გატანა.
მაია თვლის, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ინტერესი უნდა გამოიჩინოს და რაიმე გზებით ეცადოს, საწარმო მუდმივმოქმედი იყოს: „მესმის, რომ კერძო პირის მფლობელობაშია, მაგრამ ერთხელ არ უნდა დაინტერესებულიყო ტყიბულის მერია, რა ფაბრიკა აქვს ქალაქს, როგორი გარემოა, რას ვაკეთებთ და რა პირობებში?”.
ტყიბულის მერის მოადგილემ, გიორგი ლომთაძემ მაიას შეკითხვაზე გვიპასუხა და თქვა, რომ: „მერია ყველაფერს აკეთებს, რომ მათ შეკვეთები გაეზარდოთ. მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენი კომპეტენცია გარკვეულწილად შეზღუდულია”.
„ამ ბრძოლაში ადგილობრივი ხელისუფლება ჩვენ გვერდით უნდა იყოს”
გიზო და თორნიკე კლასელები არიან, 16 წლის სკოლის მოსწავლეები. გვაინტერესებდა, რას ფიქრობენ ახალგაზრდები ტყიბულის ახლანდელ მდგომარეობაზე, მომავალზე, აპირებენ თუ არა ქალაქში დარჩენას - თუმცა, ყველა ამ თემაზე საუბარი მაინც შატხამდე მიდიოდა: „ხალხმა ბევრი რამ დაკარგა აქ. და აღარაფერი აინტერესებთ, ზოგი სვამს, ზოგი მიდის სხვაგან. ზოგი თავისთვისაა. ტკივილი ისეთი რამეა ტყიბულში, შევეჩვიეთ”.
გიზოს და თორნიკეს მეგობარს, ანანოს, მამა 4 აპრილს დაეღუპა. თორნიკე იმ დღეს იხსენებს , როცა დილით გაკვეთილზე მოსული ანანო სახლში გააცილა. ანანომ მხოლოდ ის იცოდა, რომ გამთენიისას, შახტში აფეთქება მოხდა და 6 მეშახტე ცოცხალი აღარ იყო: ”მასწავლებელმა სახლში გამიშვა და უკვე ყველაფერი ცხადი იყო ჩემთვის, მაგრამ გზაში ვლოცულობდი, მინდოდა, მამაჩემი ცოცხალი ყოფილიყო”, - იხსენებს იმ დილას ანანო გურგენიძე, რომლის მამაც 46 წლის ასაკში, სწორედ აპრილის იმ დილას დაიღუპა.
თორნიკე ცირეკიძეს უმაღლესში უნდა ჩაბარება, თავისი განათლებით დასაქმების შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ტყიბულში დაბრუნდებოდა: „ჩვენთან ასეთი გამოთქმაა, ისწავლე, თორემ მამაშენივით მეშახტე გამოხვალო. სულ ამით გვაშინებენ”.
გიზოს წასვლა უნდა, უპირობოდ და რაც შეიძლება მალე. მღერის და უნდა მუსიკა ისწავლოს: „აქ ხან პანაშვიდია, ხან გასვენება, სიმღერაც კი მერიდება ხოლმე”.
მათთვის მთავარია, ცხოვრობდნენ უსაფრთხო ქალაქსა და გარემოში, სადაც არსებობს დასაქმების სხვა შესაძლებლობები, მშობლები და ახლობლები მხოლოდ შატხზე არ იყვნენ დამოკიდებული და საზღვარგარეთ არ დადიოდნენ სეზონურ სამუშაოებზე.
„მანამდე კი თითოეულ ადგილობრივს ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. აი მაგალითად, რატომ არ იდგა გუშინდელ დაღუპულ მეშახტეთა სოლიდარობის აქციაზე 20 ადამიანზე მეტი? ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის განცდით იწყება ყველაფერი. ამ ბრძოლაში კი გვინდა, ადგილობრივი ხელისუფლება გვერდით გვედგეს და ჩვენი ხმა ცენტრალურ მთავრობამდე მიჰქონდეს”, - ამბობენ ბიჭები.
ტყიბულის ბიუჯეტი და ადგილობრივი ხელისუფლების პასუხი
ტყიბულის მერიაში ჩვენი მისვლა “ქართული ოცნების” ყრილობას დაემთხვა, ამიტომ, თითქმის ყველა თბილისში წასული დაგვხვდა. ჩვენს შეკითხვებს მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ლომთაძემ უპასუხა.
პრიორიტეტებად გზები, წყალი და ბაღები დაასახელა. ინფრასტრუქტურის განვითარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს სხვა სფეროების გასაძლიერებლად. ამბობს, რომ ამაზე გამოყოფილი თანხები 4 მილიონ ლარზე მეტია.
ამჟამად ადმინისტრაციაში 131 საჯარო მოხელე მუშაობს. ბიუჯეტის დიდი ნაწილი ამ ადამიანების შრომის ანაზღაურებაზე მოდის.
მერის მოადგილე ამბობს, რომ მოხელეთა რაოდენობა საგანგაშოდ არ გაზრდილა, შეიძლება აიპებში ხელფასები მაღალია, მაგრამ საბოლოო ჯამში საჯარო მოხელეთა ხელფასები ბიუჯეტს არ აზარალებს. მისი თქმით, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას და გარკვეული თანხების ინფრასტრუქტურაში გადატანას ცდილობენ.
მერის მოადგილე ტყიბულის განვითარების მთავარ შესაძლებლობად, ტურიზმს მიიჩნევს. ამბობს, რომ ამ მხრივ ქალაქს დიდი პოტენციალი აქვს.
ასევე, იხსენებს როგორი გამორჩეული იყო საბჭოთა პერიოდში ტყიბულში წარმოებული ჩაი: „უკვე ვესაუბრე რამდენიმე ინვესტორს, ისინი დაინტერესებული არიან ჩაის წარმოებით. საუბარია ესტონელ ინვესტორზე, რომელმაც სოფელ მანდიგორში რამდენიმე ჰექტარი მიწა აიღო, რომ ბიოლოგიურად სუფთა ჩაი აწარმოოს და მწვანე ტურიზმის განვითარებასაც შეუწყოს ხელი”.
რაც შეეხება შახტებში შრომით უსაფრთხოებასა და დაღუპულ მუშებს, ამასთან, მათ პასუხისმგებლობას, ლომთაძე ასე განმარტავს - კერძო კომპანიის კონტროლის სუსტი მექანიზმი აქვთ, მაგრამ სიტყვიერად ხშირად მოუთხოვიათ კომპანიისთვის ახსნა-განმარტებები.
„საქნახშირი“ ტყიბულში წიაღით სარგებლობის მოსაკრებელსა და ქონების გადასახადს იხდის. მერის მოადგილის თქმით, საერთო ჯამში, კომპანიას ტყიბულის ბიუჯეტში 2 მლნ, ლარი შეაქვს.
ტყიბულის 2018 წლის ბიუჯეტი 10 მლნ 747 ათას 200 ლარს შეადგენს, აქედან ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილია 5 მლნ, 235 ათასი ლარი ხოლო 5 მლნ, 512 ათას 200 ლარი ტყიბულის საკუთარი შემოსავლებია. გარდა ამისა, ტყიბულის მუნიციპალიტეტს აქვს სარეზერვო ფონდი, რომელშიც 30 ათასი ლარი შედის.
რაც შეეხება პროგრამულ პრიორიტეტებს ტყიბულის ბიუჯეტის ყველაზე მეტი თანხა ინფრასტრუქტურით მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციაზეა გამოყოფილი (8 მლნ 347 ათას 500 ლარი).
საქალაქო ტრანსპორტის ხელშეწყობაზე 198 ათას 900 ლარია განსაზღვრული. მუნიციპალიტეტში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია შიდასაქალაქო ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა შიდასაქალაქო ტრანსპორტით მოსარგებლე მოსახლეობისათვის არსებული დაბალი ტარიფის შენარჩუნება, რასაც მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც აქვს.
ტყიბულის ბიუჯეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ პროგრამებში სულ 456 ათასი ლარია გამოყოფილი. აქედან უშუალოდ ჯანდაცვის პროგრამებზე 67 ათას 700 ლარი და უშუალოდ სოციალურ პროგრამებზე - 388 ათას 300 ლარი.
ტყიბულის მერის მოადგილე გიორგი ლომთაძე ამბობს, რომ, ძირითადად, რის გამოც ადგილობრივები მერიას დასახმარებლად მიმართავენ, ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯებია. განსაკუთრებით, ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ დაფინანსებას ითხოვენ; ასევე, გახშირებული სტიქიური უბედურებების გამო დაზიანებული სახლების და ეზოების შეკეთებას.
...
კვირა დღეა. ტყიბულის სადგურში თბილისში მომავალ `მარშრუტკას” ვეძებთ. 5 საათამდე არაფერია, გვეუბნებიან, იქამდე 3 საათი მოცდა მოგვიწევს. ამიტომ, მარშრუტკას ვუთანხმდებით და ფოტოების გადასაღებად ქალაქის ბოლომდე ფეხით მივდივართ.
ცენტრალურ ქუჩების მოშორებით განსაკუთრებულად თვალშისაცემია, როგორი დაცლილია ქალაქი. გარეუბნებში მიტოვებული შენობების, საცხოვრებელი კორპუსების, ბენზინგასამართი სადგურების, სკვერებისა და მატარებლის ლიანდაგზე უფუნქციოდ შემომდგარი ვაგონების სიმრავლეა. ყველა მხრიდან ძაღლების ყეფა ისმის.
ქალაქის გასასვლელში ჩვენთვის გაუგებარი ფორმის მემორიალს ვხედავთ:
„ეს შარშან გააკეთეს, ასეთი სანათურით ჩადიოდნენ თურმე მეშატხეები ადრე შახტში”, - ღიმილით გვიხსნის ბენზინის გამყიდველი კაცი.
მემორიალი შარშან, იმერეთის ვიცე-გუბერნატორს, „საქნახშირის” დირექტორსა და მერიის წარმომადგენლებს, ქალაქის შესასვლელში გაუხნიათ. ამ ჟესტით გამოუხატავთ დაღუპული მეშახტეების მიმართ პატივისცემა.
ქალაქი კი ამბობს, რომ დაიღალა გლოვით. მისტირიან წარსულს და მომავალსაც ეჭვის თვალით უყურებენ: „ამიტომ, თუ არ მოგვისმენენ, აქ წლების მერე, ადამიანების ნაცვლად მგლებიღა იცხოვრებენ”.
„ლიბერალი" წარმოგიდგენთ ახალ პროექტს. სტატიების, ინტერვიუების, რეპორტაჟების, ვიდეოების, ფოტოამბების სერიებს რეგიონებიდან. თუ გსურთ გაეცნოთ ამ მასალებს, დააკლიკეთ ბმულს და გამოგვყევით სპეციალურად რეგიონებისთვის განკუთვნილ, „ლიბერალის" ახალ ფეისბუქ ფეიჯზე.
_________________________________________________
სტატია მომზადებულია პროექტის, "ლიბერალი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის", ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა.