
„არა პანორამას" აქციაზე დაკავებული 7 პირის - ნატა ფერაძის, ირაკლი მგალობლიშვილის, ელენე მალაშევსკი-ჯაყელის, კონსტანტინე ჩაჩანიძის, ვახტანგ ქარელის საკასაციო სარჩელი უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო.
2 წლის წინ პოლიციამ აქციის მონაწილეები „პანორამა, არა *ლე" წარწერიანი პლაკატებისთვის დააკავა.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, საკასაციო საჩივარში გასაჩივრებული იყო აქტივისტების დაკავების კანონიერება - არსებობდა თუ არა მათი დაკავების საფუძვლები. მოსარჩელეები ითხოვდნენ დაკავების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას.
„პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, სააპელაციომ 2 მოსარჩელესათან მიმართებით დაადგინა მორალური ზიანის გადახდის ვალდებულება და შსს-ს დაევალა ანაზღაურება. შემდეგ ვის ნაწილშიც გვქონდა წაგებული საქმე, გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში, ხოლო შსს-მ კი 2 პირთან მიმართებით გაასაჩივრა სააპელაციოს გადაწყვეტილება“, - ამბობს ქურდოვანიძე.
მისი თქმით, სააპელაციო სასამართლომ მათი საჩივარი დაუშვებლად ცნო, ხოლო შსს-ს კი განსახილველად მიიღო.
იურისტს მიაჩნია, რომ ვინაიდან უზენაესმა სასამართლომ შსს-ს საჩივარზე მსჯელობა პრაქტიკისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნია, მათი საკასაციო საჩივარიც უნდა მიეღო განსახილველად.
„ჩვენი საკასაციო საჩივარიც პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ ჩვენი საჩივარიც დასაშვებად უნდა ეცნო და უნდა განეხილა“, - ამბობს ქურდოვანიძე.
-
2015 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ „არა პანორამას" აქციაზე დაკავებული 7 პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) დარღვევისთვის 100-100 ლარით დააჯარიმა. სააპელაციო სასამართლომ კი საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
„პანორამა, არა *ლე" - უნდა ჩაითვალოს თუ არა ამგვარი წარწერა სამართალდარღვევად და ჯდება თუ არა ის გამოხატვის თავისუფლებაში, საიას საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.
„არა პანორამას“ აქციაზე დაკავებული 7 პირი სასამართლომ 100-100 ლარით დააჯარიმა