საია საკონსტიტუციო სასამართლოში წვრილმანი ხულიგნობის მუხლს და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში „უხამსობის“ განმარტებასთან დაკავშირებული მუხლების შინაარსს ასაჩივრებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობა განმარტებულია, როგორც საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
„სარჩელის მიზნებისათვის, დავის საგანს წარმოადგენს სადავო ნორმების იმგვარი ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლის მიხედვითაც, პროფანაციულ სიტყვას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება.
კონტექსტის განურჩევლად, ასეთი სიტყვის წარმოთქმა, ბლანკეტურად მიჩნეულია უხამსობად. ამ სიტყვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას წარმოთქმა კი იწვევს სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
საია მიიჩნევს, რომ უცენზურო გამონათქვამის ბლანკეტური აკრძალვა არღვევს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას, ვინაიდან შეუძლებელს ხდის ამ ტერმინის გამოყენებით პოლიტიკოსის და სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკას. ამგვარად, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებასთან და მშვიდობიანი შეკრების უფლებასთან", - ნათქვამია საიას განცხადებაში.
საკონსტიტუციო სარჩელი კონსტანტინე ჩაჩანიძის სახელით მომზადდა, რომელიც თბილისის საკრებულოსთან „პანორამა თბილისის" წინააღმდეგ გამართულ აქციაზე „წვრილმანი ხულიგნობისთვის" დააკავა. სასამართლომ ის და აქციის კიდევ 6 წევრი 166-ე მუხლის დარღვევისთვის 100-100 ლარით დააჯარიმა.