
დღეს ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზაზა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ამჟამად ის ინგოროყვას კლინიკაშია.
ამავე თემაზე: ზაზა სარალიძე დააკავეს
„ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ჩიტიძე შემთხვევის შესახებ ფეისბუქზე წერს:
„პოლიციელზე ხელის აღმართვა ისჯება და უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად.
დანაშაულის შემადგენლობა არის შემდეგი:
„პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით".
ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის, სამი მნიშვნელოვანი ელემენტი უნდა იყოს:
ა) თავდასხმის ობიექტი უნდა იყოს პოლიციელი;
ბ) სამსახურებრივ მოვალეობას უნდა ასრულებდეს, რაც თავის მხრივ, კანონიერი უნდა იყოს;
გ) ამ კანონიერი საქმიანობის გამო უნდა მოხდეს თავდასხმა.
სარალიძის მიმართ კარვის გაშლის უფლების შეზღუდვა არის უკანონო და პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობას არ წარმოადგენს, შესაბამისად, თავდასხმა საქმიანობის გამო ვერ იქნება. ნორმალური სასამართლოს პირობებში მოსამართლე დეტალურად და გამოწვლილვით განიხილავდა ამ ყველაფერს და ამ კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობას ვერ დაინახავდა.
თუმცა, ამასობაში:
1. პროკურატურას ხელმძღვანელობს ბიძინას პირადი ადვოკატი;
2. სუს-ს ხელმძღვანელობს ბიძინას დაცვის უფროსი;
3. შსს-ს ხელმძღვანელობს ბიძინას პირადი ფინანსისტი;
4. იუსტიციას ხელმძღვანელობს...;
5. სასამართლო არის კლანების ხელში, მათ შორის, წინა ხელისუფლების დროინდელი ოდიოზური კადრების ხელმძღვანელობით", - წერს გიორგი ჩიტიძე.