დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად დამწვარი 3 პირის მდგომარეობა მძიმეა და ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.
ექიმის თქმით, სამივე პირი ერთი ოჯახიდანაა - 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი. დამწვრობის ცენტრის დირექტორის განმარტებით, მათ სხეულის სხვადასხვა მიდამოს სერიოზული დამწვრობები აღენიშნებათ. კერძოდ, 44 წლის მამაკაცს სხეულის 65%, მის შვილს 55%, ბავშვს კი 12% აქვს დამწვარი. ამასთან, გარდა დამწვრობისა, მათ დამწვრობითი შოკი და ტრავმული დაზიანება აღენიშნებათ.
„ამ წუთებში მათ უტარდებათ კვლევები და დამწვრობის შოკის საწინააღმდეგო ანტიშოკური თერაპია. მათ აღენიშნებათ მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა და სამივე მათგანს აქვს სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური ტრავმა, სამივეს მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია“, - აცხადებს ექიმი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო კორპუსში აფეთქება მოხდა.
ფონიჭალაში კოპურსში აფეთქება მოხდა - სავარაუდო მიზეზი გაზის გაჟონვაა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ ამჟამად მაშველები 2 ადამიანს ეძებენ. მათივე ცნობით, მათ შორის ერთი, სავარაუდოდ, ბავშვია. დამატებით დეტალებზე სამსახურში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.