განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ბოლო პერიოდში ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის სამეურვეო საბჭო დაეთანხმა სამინისტროს მიერ შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებსა და გადაცდომებს, დირექტორს შეუნარჩუნა თანამდებობა და ის არც სამინისტროს გაუთავისუფლებია.
ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა. ბაჩანა შენგელია, სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას პედაგოგზე პოლიტიკური შეხედულების გამო ზეწოლად აფასებდა.
„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ განათლების სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მიაწოდოს სრული დოკუმენტაცია და აქტიურად ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აღნიშნული საქმის საფუძვლიანადშესასწავლად! არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხის გარეშე“,- განაცხადა ნათია ზედგინიძემ.
მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში სამინისტრო მაქსიმალურად იკავებდა თავს განცხადებებისგან, თუმცა, მისივე თქმით, „მიზანმიმართული, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით განვითარებულმა მოვლენებმა“ მიიღო ისეთი სახე, რაც აზიანებს სასწავლო პროცესს, პედაგოგების, მოსწავლეების ინტერესებს, მთლიანად განათლების სისტემას და ხელს უშლის მის სრულფასოვან მუშაობას.
მისივე განმარტებით, სკოლების შემოწმება ყოველწლიურად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და შესაბამისი სტატისტიკაც არსებობს.
„რაც შეეხება სტატისტიკას - სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად მიმართავს როგორც გეგმურ, ისე არაგეგმურ შემოწმებებს. მხოლოდ 2018 წელს შემოწმების შედეგად დაიწერა 98 დასკვნა, მითითება და გაფრთხილება მიეცა 49 სკოლას, გათავისუფლდა 9 სკოლის დირექტორი, ერთ სკოლაში მოხდა სამეურვეო საბჭოს დათხოვნა, ხოლო სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა 20 კანონდარღვევის საქმე. რა თქმა უნდა, პროცესი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად მიმდინარეობს, საარჩევნო პერიოდში არ და ვერ შეჩერდებოდა“,- განაცხადა ზედგინიძემ.