შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გუშინ
ველისციხეში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს
უპასუხა. ნათია მეზვრიშვილი ასევე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის"
ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციის გამოჩენის და მის
მიმართ გამოძიების დაინტერესების შესახებ არსებულ კითხვებს. მეზვრიშვილის კომენტარს შსს ავრცელებს:
„ჩვენ, გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, ფაქტობრივად ვსწავლობდით ყველა იმ
გავრცელებულ ვიდეომასალას, აბსოლუტურად ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ამ
საკითხებთან დაკავშირებით გავრცელდა, იმისთვის რომ თითოეული ამ
ქმედებისთვის მიგვეცა სამართლებრივი შეფასება. დიახ, შინაგან საქმეთა
მინისტრმა განაცხადა, რომ სამართლებრივი შეფასება მოხდებოდა და ყველა პირის
პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. გარკვეული პირები ჩვენ უკვე
დავაიდენტიფიცირეთ. მოხდება ამ ადამიანების ზოგის დაბარება საგამოძიებო
ორგანოში სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით,
ზოგის მიმართ, იქ სადაც სამართლებრივი საფუძველი იქნება, რა თქმა უნდა
გამოყენებული იქნება იძულების ღონისძიებები.
რაც შეეხება ბატონ კირკიტაძეს, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ვინმემ
ნახა გუშინ ბატონი კირკიტაძე რა მოქმედებებს ახორციელებდა, იქ თუ ნახეთ,
ანუ პოლიციელზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი და ნივთების დაზიანებას ჰქონდა
ადგილი, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს რატომ დაინტერესდა გამოძიება ბატონი
კირკიტაძით. მიიღებს ალბათ ბატონი კირკიტაძე საგამოძიებო მოქმედებებში
მონაწილეობას - ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის სურვილი გვაქვს და კანონით
გათვალისწინებულ ზომებს მივმართავთ და შედეგების შესახებ საზოგადოებას
დამატებით ეცნობება" - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
LIVE - ყვარლის გადასახვევთან კვლავ შეხლა-შემოხლაა