„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე პოლიციელებმა დააკავეს. მისი გადაყვანის კადრები ნიკა მელიამ პირდაპირ ეთერში გაავრცელა. ის პოლიციელებს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში გადაჰყავთ.
„სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის“,- განუმარტა გამომძიებელმა დაკავების მიზეზად დავით კირკიტაძეს.
დავით კირკიტაძე კახეთის გზაზე დააკავეს. ის კახეთში ოპოზიციის ლიდერებთან ერთად დაშავებული აქტივისტის სანახავად ჩავიდა.
დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით „ლიბერალი“ შსს-სთან დაკავშირებას ცდილობს.
შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.„ გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება“, - განმარტავენ შსს-ში.
სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლი გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას.
1. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.