დავით კირკიტაძის ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა კახეთის სამხარეო სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას იწყებს.
"მას ბრალი წარდგენილი აქვს პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ბატონი დავითი აცხადებს შიმშილობას. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი ხელისუფლების მხრიდან. მიგვაჩნია, რომ ადამიანს როდესაც უზღუდავ უფლებას, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, ეს არის გადაადგილების, გამოხატვის უფლება და ამ დროს საუბარი პოლიციის მუშაკზე თავდასხმაზე, მისი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, არის ზედმეტი. დავითი ბრალს არ აღიარებს“, - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
დავით კირკიტაძეს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე პოლიციელებმა დააკავეს. შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.