დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო მდივნად ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას დანიშნავს.
დიმიტრი გაბუნია სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ზვიად დევდარიანის ადვოკატია. სახალხო დამცველის დასკვნით, ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დადასტურდა.
ომბუდსმენის დასკვნით, ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დადასტურდა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას დანიშვნას ქალთა მოძრაობის წევრები და აქტივისტები ეხმაურებიან. ისინი აქციების გამართვას გეგმავენ.
„ქალთა მოძრაობის“ წევრი იდა ბახტურიძე „ლიბერალთან“ ამბობს, რომ მათ სურთ, სალომე ზურაბიშვილს ქალების ხმა გააგონონ, პრეზიდენტი კი ვალდებულია მათ მოუსმინოს.
„ჩვენ წერილით მივმართეთ სალომე ზურაბიშვილს, რატომ არ უნდა დაენიშნა დიმიტრი გაბუნია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მისი ღირებულებები დადგა ეჭვქვეშ. ერთ-ერთი კომენტარის დროს მან თქვა, რომ დევდარიანს ისეთი არაფერი გაუკეთებია, რასაც სხვები, ჩვენ არ ვაკეთებთო. ეს პირდაპირი აღიარება იყო იმის, რომ სექსუალურ შევიწროების პრაქტიკას ეს ადამიანი თავადაც მიმართავს და ისე ცდილობს, წარმოაჩინოს ის, როგორც ნორმა, უწყინარი, არადისკრიმინაციული ქმედება.
გვინდა, რომ სალომე ზურაბიშვილს ქალების ხმა და ქალების პროტესტი გავაგონოთ, რადგან ის მუდმივად ხაზს უსვამს, რომ როგორც ქალი, იქნება ქალების პრეზიდენტი. ამიტომ ვალდებულია, რომ მოგვისმინოს, მინიმუმ შეხვედრა მაინც შეიძლებოდა ჩვენთან და პირისპირ მოსმენა იმ პრეტენზიების, რაც ამ კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით გვაქვს.
სხვათა შორის, ერთ-ერთი ქალი ერთ-ერთ კაფეში სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ის ქალი ზვიად დევდარიანისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო. მან აუხსნა, ვინც იყო და რა პრობლემა იყო გაბუნიასნაირი ადამიანების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყოფნა. იმის თქმა მინდა, რომ მას ჰქონდა ეს ინფორმაცია. მას ჰქონდა ასევე შესაძლებლობა ჩვენთან კომუნიკაციისა, თუ მეტი ინფორმაცია სჭირდებოდა, მაგრამ მან ეს არც კი მოინდომა. ამიტომ ვაიძულებთ, რომ ჩვენი ხმა მაინც გაიგოს", - ამბობს იდა ბახტურიძე.
„ქალთა მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მოილაპარაკებენ, შეთანხმდებიან და აქციის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებენ.