თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო „ბიბლუსის“ ერთ-ერთი კონსულტანტის, აკაკი ზოიძის გათავისუფლების ბრძანება. სასამართლომ „ბიბლუსს“ ასევე დააკისრა კონსულტანტისთვის განაცდურის ანაზღაურება და დააკმაყოფილა მოთხოვნა სამსახურში აღდგენაზე - ამის შესახებ „ლიბერალს“ EMC-ის იურისტმა, ლელა გვიშინმა განუცხადა, რომელიც კონსულტანტის ინტერესებს იცავდა.
ადვოკატის თქმით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც ზეგანაკვეთური ანაზღაურების გადახდას ეხებოდა.
ლელა გვიშიანი ვარაუდობს, რომ „ბიბლუსის“ მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„ახალი წლის დღეებში „ბიბლუსის“ გალერეა გაორმაგებულად, სრული დატვირთვით მუშაობს. 2017 წლის ზამთარში თანამშრომლებს დაჰპირდნენ ბონუსებს. ორ თანაშმრომელს არ ჩაერიცხა თანხის ის რაოდენობა, რასაც ელოდნენ, მათ გამოთქვეს პროტესტი, ამ პროტესტის გამო კი ისინი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ უფროსებთან შეხვედრას ითხოვდნენ, მაგრამ არავინ არ ხვდებოდა. შემდეგ თანამშრომლებმა ჩაწერეს ვიდეო და გაავრცელეს. ამ ვიდეოს მოჰყვა სხვა თანამშრომლის გათავისუფლება და ასე დაშალეს მთელი ჯგუფი. ეს პროცესი 2017 წლიდან მიმდინარეობს“, - აცხადებს ლელა გვიშიანი.