საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, შეაჩეროს წარდგენილი მოსამართლეების განხილვის პროცესი.
ომბუდსმენი პარლამენტს ასევე მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებაზე და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შეიმუშაოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატთა როგორც შერჩევის, ისე წარდგენის გამჭირვალე პროცედურა.
„საქართველოს უზენაესი სასამართლო მართლმსაჯულების უმაღლეს საკასაციო ინსტანციას წარმოადგენს. ის განსაკუთრებულ როლს თამაშობს საქართველოს სასამართლო სისტემაში და ბუნებრივია, მისი გავლენა ადამიანის უფლებების დაცვაზე უმნიშვნელოვანესია. პარალელურად აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლიდან გამომდინარე საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამ უფლების რეალიზაცია თანასწორ საწყისებზე უნდა წარიმართოს.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების დასახელების პროცესი არ იყო გამჭირვალე და საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის ის ობიექტური კრიტერიუმები, რომლითაც საბჭომ იხელმძღვანელა. ასევე უცნობია, რატომ არ მოხდა არცერთი პირის წარდგენა სასამართლოს სისტემის გარედან, ასევე რატომ არ შეიძლებოდა სხვა მოქმედ მოსამართლეთა წარდგენა პარლამენტისთვის. კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტიც, რომ იუსტიციის საბჭოს 2 მოქმედი წევრი არის იმ სიაში, რომელიც წარედგინა საქართველოს პარლამენტს“, - ნათქვამია განცხადებაში.