გიორგი გიორგანაშვილის, იგივე „ბახალას“ ადვოკატი გამამართლებელი განაჩენის შემდეგ პირველ განმარტებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილისგან ელოდება.
ადვოკატ გიორგი მახარაძის თქმით, დეპუტატი გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკების შემოტანასა და გასაღებაში ადანაშაულებდა.
„დიდი ინტერესით ველოდები ბატონი აზრდიაშვილის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რაზეც ის საუბრობდა ყოველთვის და ძალიან მაინტერესებს, ახლა რა კომენტარს გააკეთებს, როდესაც გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკების შემოტანასა და გასაღებაში ადანაშაულებდა. თუ ის პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსია და ასეთად მიიჩნევს თავს, ამაზე განმარტება უნდა გააკეთოს“,- განუცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებს.
2018 წლის აპრილში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამტკიცებდა, რომ [ირაკლი] ქორიძეს და „ბახალას" [გიორგი გიორგანაშვილი] ნარკოტიკი ჩაუდეს.
ზარდიაშვილი: ბოდიში მოიხადოს ყველამ, ვინც ამბობდა, რომ ქორიძეს და „ბახალას“ ნარკოტიკი ჩაუდეს
„დაუმსახურებლად სასამართლოს ქვები და პოლიციას ტალახი ესროლეს. რეიტინგულ ტელეგადაცემებში სახელმწიფო უწყებებს ცილს სწამებდნენ. შსს გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობა დაახლოებით 10 000 ადამიანის მოსაწამლი ნარკოტიკი შემოჰქონდათ საქართველოში. სამწუხაროა, ასევე ასეთი ადამიანის შეწყალება მოხდა პრეზიდენტი მარგველაშვილის მხრიდან და საზოგადოება ელოდება პასუხს ამ საკითხზე, ეს იყო ერთეული შეცდომა თუ მსგავს შეცდომებს კიდევ უნდა ველოდეთ შეწყალების საკითხებში.
„თეთრი ხმაურმა“ და პლატფორმამ, რომლებიც ნარკოპოლიტიკის პროცესში აქტიურად ცდილობენ ჩართვას, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და საკითხები ობიექტურად შეაფასონ.
ქართულ საზოგადოებაში სახელმწიფოში ნარკოტიკების გამსაღებლები ყოველთვის იქნებიან ე.წ ბარიგებად მოხსენიებულნი და მათ მიმართ უმკაცრესი სასჯელი იქნება მზად,“- აცხადებდა ვანო ზარდიაშვილი.
ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე (ე.წ. 900 აბი სუბუტექსის საქმე) ბრალდებული გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, ხოლო ამავე საქმეში ბრალდებული ირაკლი ქორიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე გიორგი არევაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
„ბახალა" ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო