დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც პრეზენტაციისას ითქვა, 2019 წელს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტი გასამმაგდა და საერთო ჯამში 180 მილიონი ლარია.
უშუალოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის 2019 წელს, საერთო ჯამში, ბიუჯეტში 80 მლნ ლარია გამოყოფილი, რომლითაც დაგეგმილია თბილისსა და რეგიონებში განათლებისა და მეცნიერების ახალი ქალაქის და პროფესიული განათლების ცენტრის აშენება, საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სკოლებში უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფა. ამ თანხიდან 18 მილიონი პროფესიული განათლებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურისთვისაა გათვალისწინებული, ხოლო 5 მილიონი - უმაღლესი განათლების მიმართულებით.
„უნდა ვაღიაროთ, რომ სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობს და მათ მოგვარებას სამინისტრო სისტემური მიდგომით იწყებს. ამ კუთხით ჩვენ ვითანამშრომლებთ არაერთ უწყებასთან და როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში რეაბილიტაცია, პირველ რიგში, დაიწყება იმ სკოლებში, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ, აშენდება ახალი სკოლები“ - განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ბატიაშვილმა პრეზენტაციისას ყურადღება გაამახვილა სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებისას სკოლის დირექტორების როლზე. ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ გარდა სამინისტროს მხრიდან განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა, არსებობს ბევრი საკითხი, რომელიც შეიძლება ადგილზე გადაიჭრას და „არ სჭირდება ამას არც სამინისტროების ჩარევა, არც არაფერი, უბრალოდ კეთილი ნება და მეტი პასუხისმგებლობა სჭირდება სკოლების დირექტორების მხრიდან.“
ბატიაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ სკოლის დირექტორები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები მარტივი სასკოლო პრობლემების გადაჭრაში.
„ჩვენი სამინისტრო გააგრძელებს სკოლების მონიტორინგს, ისე როგორც აქამდე აკეთებდა, რადგან ძალიან ბევრი პრობლემა, მაგალითად რეგიონებში, არის ისეთი, რაზეც შეიძლება დირექტორებმა აიღონ პასუხისმგებლობა და ადგილზე გადაიჭრას. ისეთი დამოკიდებულება, რომ სანამ ვიღაცა არ დამავალებს და არ მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას, არაფერს გავაკეთებ - ჩვენთვის მიუღებელია. ამ კუთხით, აქტიურ მონიტორინგს განვახორციელებთ. ძალიან მნიშვნელოვანია დირექტორების დამოკიდებულება ამ კუთხით. არის პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც არ სჭირდება არც დედაქალაქისგან და არც მუნიციპალიტეტისგან მითითება, ხშირად საქმე გვაქვს დაუდევრობასა და უპასუხისმგებლობასთან და ეს ყველაფერი შესაძლებელია ადგილზე გადაიჭრას“, - განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორც პრეზენტაციისას მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ განაცხადა, 2019 წელს თანამედროვე, უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით 8 ახალი საჯარო სკოლა აშენდება, კერძოდ, თბილისის საჯარო (86-ე, 138-ე, 55-ე) და ინკლუზიური (202-ე, 203-ე), ხოლო რეგიონებში თერჯოლის, ტყიბულისა და კასპის საჯარო სკოლები. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF) რეგიონებში დამატებით 27 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას დააფინანსებს.
რაც შეეხება სკოლების რეაბილიტაციას, 2019 წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით (ESIDA) 3 საჯარო სკოლა (ზესტაფონის N1, ოზურგეთისN1, ქ. თბილისის N214), ხოლო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) დაფინანსებით 82 საჯარო სკოლა რეაბილიტირდება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე პრეზენტაციები იმართება. გასულ კვირას პირველი პრეზენტაცია ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს დაეთმო: