საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება თბილისის მერის, კახა კალაძის, მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება.
პრეზიდენტი ულოცავს თბილისელებს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას და მადლობას უცხადებს სამოქალაქო საზოგადოებას პრობლემის გადაწყვეტაში მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობისათვის.
_____________________________________
დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაკის პარკმა გაიმარჯვა და პარკში არაფერი არ აშენდება.
„კონკრეტულად გეტყვით, რომ ვაკის პარკმა გაიმარჯვა და ამ კონკრეტულ ადგილზე არაფერი აშენდება. მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა ინვესტორთან" - ამის შესახებ ბრიფინგზე ქალაქის მერმა განაცხადა.
კალაძის ამ განცხადებას წინ უძღვოდა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა.
სასტუმრო „ბუდაპეშტის" მფლობელმა, გოგა ზაქაიძემ თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაკის პარკში მშენებლობის საკითხზე მოლაპარაკება დასრულდა.
„ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავთანხმდეთ ადგილის ჩანაცვლებაზე ან გამოსყიდვაზე", - ამბობს ზაქაიძე, თუმცა ბიზნესმენი კონკრეტულ თანხას არ ასახელებს.
გუშინ, 24 იანვარს თბილისის მერიაში შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტებისა და მერიის წარმომადგენლებს შორისაც.