
„არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სასამართლო ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა მათ კომპეტენციას სცდება“, - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს "რედისონ ბლუ ივერიაში" განუცხადა.
"საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ჩვენი ყველა ქმედება უნდა ჩაჯდეს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. მათ აქვთ უფლება დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, მაგრამ მე არ ვეთანხმები ერთს - არასამთავრობო სექტორი ამბობდეს, რომ უნდა გადადგეს სასამართლო ხელისუფლება. ეს არ არის მათ კომპეტენციაში. მათ შეუძლიათ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, ჰქონდეთ პოზიცია ძალიან მწვავე, მაგრამ ის, რომ სასამართლო ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ, სცდება არასამთავრობო ორგანიზაციების კომპეტენციას. შეუძლიათ გამოაცხადონ უნდობლობა, ჰქონდეთ თავიანთი პოზიცია თითოეული მოსამართლის მიმართ, მოვლენების მიმართ, მაგრამ არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა, გადადგეს სასამართლო ხელისუფლება, არ ჯდება კონსტიტუციაში, კანონში",- განაცხადა მურუსიძემ.
დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურების განსახილველად სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა საპროტესო აქცია გამართა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ. სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.