წელსვე მე-12 კლასელებისთვისაც გამოსაშვები გამოცდების გაუქმების მოთხოვნით, სოციალურ ქსელში აქცია დაანონსდა. კვირას, 3 თებერვალს აქცია განათლების სამინისტროსთან დაიგეგმა.
„როდესაც რეფორმა ტარდება ის სამართლიანი უნდა იყოს არა ნაწილის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის . როდესაც რეფორმის გამართლება ისაა , რომ თურმე „ციკლი უნდა დასრულდეს", ჩნდება კითხვა: რასაჭიროა ამ ციკლის დასასრულამდე მიყვანა და ამით სირთულეების გამოწვევა, თუ ის მაინც უნდა გაუქმდეს და მისი დაუსრულებლობა არანაირ პრობლემას არ გამოიწვევს? არადა, პირიქით აბიტურიენტებს მოგვცემს ამოსუნთქვის საშუალებას, რომლებსაც წინ ისედაც ეროვნული გამოცდები გველის.
აქ არაა საუბარი იმაზე, რამდენად სწორია საატესტატო გამოცდების გაუქმება/არ გაუქმება, უბრალოდ, მოვითხოვთ, ჩვენც - მეთორმეტეკლასელებს, აბიტურიენტებს გაგვიუქმდეს საატესტატო გამოცდები, რომლებიც სამინისტროსვე გადმოცემით „უსარგებლოა". კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, ჩვენ მის სარგებლიანობა/უსარგებლობაზე აზრს აქ არ ვაფიქსირებთ, ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ წელს მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასელებისათვის. ხოლო მე-12 კლასელებისთვის გამოცდები არსებული ფორმატით ჩატარდება და მათთვის ატესტატის გაცემის წესი არ შეიცვლება.
2020 წლიდან კი გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც მოიხსნება.