დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამოცდების ახალი მოდელის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც პრეზენტაციისას ითქვა, ახალი მოდელის დანერგვას რამდენიმე მიზანი აქვს: სკოლის როლის გაძლიერება; ორიენტირება შედეგზე და არა გამოცდაზე, უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი გაზრდა და მშობელთა დანახარჯის შემცირება.
„ბევრი ექსპერტიც დაგვეთანხმება, რომ განათლებისთვის არანაირ გრძელვადიან შედეგს არ იძლევა მაქსიმალური ორიენტაცია გამოცდებზე. მით უმეტეს, როცა გამოცდების რაოდენობა გვაქვს 12-ზე მეტი და ხშირ შემთხვევაში არის გადაფარვა. ანუ ბავშვებს უწევთ, ერთსა და იმავე საგანში რამდენიმე გამოცდის ჩაბარება. ფაქტობრივად, სკოლაში ბოლო 2 წელიწადი გადავაქციეთ საგამოცდო პერიოდად, რეალურად, სკოლას დავაკარგვინეთ თავისი ფუნქცია და ბავშვებისა და მშობლების ორიენტაცია მოხდა მთლიანად საგამოცდო სისტემაზე, რაც მერე, როგორც კვლევებით ვნახეთ, თვითონ საუნივერსიტეტო განათლებაშიც არ აისახა. მშობლები ხარჯავენ რესურსს, ეს კი არ გვაძლევს შედეგს არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში.
ამგვარი ცოდნა არ არის ცოდნის გამოყენებისთვის. ეს არის დროებითი ცოდნა, რომელიც, რეალურად, ორიენტირებულია იმისთვის, რომ გამოცდა გადალახო. ჩვენ თუ ვლაპარაკობთ ძირეულ რეფორმაზე, სკოლას უნდა ჰქონდეს თავისი როლი, სკოლის როლის დაბრუნების გარეშე, შეუძლებელია მაღალი ხარისხის განათლებაზე საუბარი“, - განაცხადა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა.
რეფორმა ორ ეტაპად განხორციელდება, წელს რეფორმის მოსამზადებელი ეტაპი იქნება, 2020 წლიდან კი რეფორმა დაინერგება.
საატესტატო გამოცდები
სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება.
წელს მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასელებისათვის. ხოლო მე-12 კლასელებისთვის გამოცდები არსებული ფორმატით ჩატარდება და მათთვის ატესტატის გაცემის წესი არ შეიცვლება.
იმ პირებს, რომლებმაც წინა წლებში ვერ გადალახეს ბარიერი თუნდაც ერთ საგანში და ვერ აიღეს ატესტატები, უფლება აქვთ წელს დარეგისტრირდნენ შესაბამის გამოცდაზე.
2020 წლიდან კი გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც მოიხსნება.
სკოლა კი ატესტატს აკადემიური მოსწრების საფუძველზე გასცემს.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე განმარტავს, პირველ ეტაპზე ცენტრი დაეხმარება სკოლას და სურვილის შმთხვევაში უზრუნველყოფს შეფასების შესაბამისი ინსტრუმენტებით.
„სკოლა ატესტატს გასცემს აკადემიური მოსწრების საფუძველზე, შიდა სასკოლო შეფასებები არსებობს და ამის საფუძველზე ახლაც უწერდნენ დადებით შეფასებას თითოეულ საგანში, ამიტომ ეს იქნება ისევ სკოლის შიდა შეფასების ხარჯზე გაცემული ატესტატი“,- განმარტავს სოფო გორგოძე.
ერთიანი ეროვნული გამოცდები
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება - შეიცვლება მხოლოდ წესი, რომლის მიხედვითაც არჩევით საგანში ჩაჭრისა ან ამ გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას.
მისაღები გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველა აბიტურიენტისთვის.
მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში ან ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.
აბიტურიენტებს კვლავინდევბურად შეუზღუდავად შეეძლებათ აირჩიონ როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამები. უნივერსიტეტებს კი აქვთ უფლება დაამტკიცონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით).
ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. როგორც სოფო გორგოძე განმარტავს, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული,- „გვსურს უფრო მეტად დავაახლოვოთ გამოცდების შინაარსი იმ საგნებთან რაც ისწავლება სკოლაში, მეორე მიზეზი არის, ის რომ ყველაზე მეტად დამატებითი მომზადება გავრცელებულია უნარებსა და უცხო ენებში, ამიტომ ჩავთვალეთ რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია თუკი უნარები არ იქნება სავალდებულო გამოცდა, იქნება არჩევით საგანთა ნუსხაში და თუ უნივერსიტეტს სურს, მას შეუძლია დაამატოს.“
სიახლე არის ისიც, რომ 2020 წლიდან უნივერსიტეტებს პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისთვის.
„თითოეულ საგანში კონკრეტული პროგრამისთვის, კონკრეტული საგნებისთვის უნივერსიტეტმა შეიძლება განსაზღვროს სხვადასხვა ბარიერი, ეს მოგვიხსნის პრობლემებს იმ მიმართულებით, როცა მაგალითად,- ძალიან კარგი პიანისტი ჩაიჭრა უნარების ტესტში, მიუხედავად იმისა რომ სხვა საგნებში ძალიან კარგი ქულები ჰყავდა, ამ ადამიანს შეეზღუდა უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა. კონკრეტულ პროგრამაზე თვითონ გადაწყვიტოს უნივერსიტეტმა. უნივერსიტეტი აღარ იტყვის რომ მე სახელმწიფომ შემზღუდა, უნივერსიტეტის ავტონომიურობის თვალსაზრისით კარგი გადაწყვეტიება იქნება“,- განმარტავს სოფო გორგოძე.
შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი - გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთო ახალი ნუსხა.
სოფო გორგოძის თქმით, თუ კონკრეტულად როგორი იქნება საგრანტო დაფინანსების წესი, ამ საკითხზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს. არსებული წესი შეიცვლება, რადგან რეფორმის შედეგად სავალდებულო საგნების ნუსხა იცვლება. მისივე თქმით, ახალი წესის ჩამოყალიბებისას აბიტურიენტების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისიწნებული.
უნივერსიტეტებში ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად მოხდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე პრეზენტაციები იმართება. შეხვედრებისას უკვე ისაუბრეს ზოგადი განათლების, ინფრასტრუქტურული პროექტების, სკოლაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვის, უსაფრთხო სკოლის მოდელის შესახებ:
კრედიტებს სისტემის გაუქმება და სწრაფი გადაადგილება პროფესიაში - ცვლილებები სქემაში
რა ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს განათლების სამინისტრო 2019 წელს
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების როლი სასკოლო ცხოვრებაში - რა გეგმები აქვს სამინისტროს