განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ფარგლებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარმოადგინა.
როგორც პრეზენტაციისას ითქვა, რეფორმის ძირითადი მიზანია, უპასუხოს 21-ე საუკუნის გამოწვევებს და სკოლის მოსწავლეებში ისეთი კომპეტენციები განავითაროს, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი, ლოგიკური და კომპიუტერული აზროვნება, ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენება.
ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კუთხით სიახლეები პილოტირების რეჟიმში თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში დაინერგა. მარტიდან „ახალი სკოლის მოდელი“ კიდევ 50 საჯარო სკოლაში დაინერგება, შემოდგომიდან კი - 100 საჯარო სკოლაში.
მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, 50 სკოლაში განახლდება კომპიუტერული კლასები და აღიჭურვება ინტერნეტითა და WiFi-ით. ინოვაციური მიდგომა და ტექნოლოგიები პედაგოგისა და მოსწავლისთვის დამხმარე საშუალება იქნება უნარების გასავითარებლად. „სასწავლო პროცესში ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება მოხდება ცოდნის შეძენის, ინფორმაციის შენახვისა და გაცვლის მიზნით. მასწავლებლები თავადაც შექმნიან ელექტრონულ სასწავლო რესურსებს და კოლეგებს გაუზიარებენ.“
„ახალი სკოლის მოდელი გულისხმობს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შეტანას სწავლების პროცესში. ჩვენ გვყვავს უნიჭიერესი მოსწავლეები, რომლებიც სრულ მზადყოფნაში არიან, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიები, როგორც დამხმარე ინსტრუმენტები, მიიღონ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საინფორმაციო ტექნოლოგიების შეტანა მნიშვნელოვანი ეტაპია, იმისათვის, რომ ბავშვები, რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან ჩაერთონ პროგრამირებისა და ტექნოლოგიების ნაწილში, ტექნოლოგიები და ინოვაციები, მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია . მაქსიმალურად დავეხმარებით პედაგოგებსაც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები მათთვის ადვილად გამოსაყენებელი იყოს“ - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.
პირველ ეტაპზე რეფორმა გატარდება თბილისის 20 და რეგიონების 30 სკოლაში - იმერეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში. სამინისტროში განმარტავენ, რომ შეირჩა ისეთი სკოლები, რომელთა ინფრასტრუქტურაც საშუალებას იძლევა, სკოლა საჭირო ინფრასტრუქტურით აღიჭურვოს.
დაგეგმილია, სკოლებში შეიქმნას მხარდამჭერი ჯგუფები, რომლის ერთი წევრიც ტექნოლოგიების ექსპერტი იქნება. ისინი ჯგუფების ჩამოყალიბებამდე გადამზადებას გაივლიან. ექსპერტები გაუწევენ ფასილიტაციას, დაეხმარებიან პედაგოგებს საგაკვეთილო პროცესში საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაში.
„ჩვენთვის სკოლებში ტექნოლოგიების დანერგვა არ არის თვითმიზანი. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ტექნოლოგია არის მხოლოდ ინსტრუმენტი, რომელიც სასწავლო პროცესებს აადვილებს“, - ამბობს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულების ექსპერტი სანდრო ასათიანი.
პრეზენტაციისას ისაუბრეს, ასევე, ახალი ინიციატივების შესახებაც , რომლის გამოყენებაც ასათიანის თქმით, ყველა დაინტერესებულ სკოლას შეუძლია:
საგანმანათლებლო პორტალი el.ge - ასათიანის განმარტებით, პორტალზე თავი მოუყარეს საგანმანათლებლო რესურსებს და მოიცავს ინფორმაციას შემდეგი უწყებებისგან: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სასწავლო გეგმის ბიბლიოთეკა და სხვა.
სანდრო ასათიანის თქმით, თებერვლიდან დაიწყება „სთრიმინგ“ შეხვედრები, - „კარგ მასწავლებელს, კარგ სპიკერს ყველა სკოლაში ვერ ჩაიყვან. გვინდა, მოვიწვიოთ კარგი სპიკერები, „სთრიმინგის“ მეშვეობით მოხდეს სკოლების ჩართვა, ბავშვები იყვნენ არა მხოლოდ მაყურებლები, არამედ შეეძლოთ, შეკითხვების დასმა და არ ჰქონდეს მნიშვნელობა რომელ რეგიონში სწავლობს ბავშვი“.
Skype გაკვეთილები - სანდრო ასათიანის განმარტებით, ეს საშუალებას მისცემს ქართველ მოსწავლეებს, საინტერესო გაკვეთილები ჩაატარონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოსწავლეებისათვის.
„ჩვენი სამყარო არის გლობალური და ტექნოლოგიები საშუალება გვაძლევს, საზღვრები გავანგრიოთ. მნიშვნელოვანია ელემენტარული პირობების მიწოდება, როგორიც არის ინტერნეტი, კომპიუტერი, რომ მასწავლებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისი პოტენციალი მხოლოდ თავის პატარა კლასს კი არ, უცხოელ კოლეგებსაც გაუზიაროს“
მედიაწიგნიერება - როგორც პრეზენტაციისას ითქვა, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას კანონით განესაზღვრა იზრუნოს ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე. სამინისტროსთან ერთად კომისია გეგმავს პროექტების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს ისეთი უნარების განვითარებას როგორებიცაა: კომპიუტერული მეცნიერების საწყისების დაუფლება, მიღებული ინფორმაციის შეფასება და ანალიზი, ცრუ ინფორმაციის ამოცნობა, ინფორმაციის წყაროს კრიტიკული შეფასება და ასე შემდეგ. როგორც პრეზენტაციისას ითქვა მომავალი სასწავლო წლიდან დაწყებითი კლასების მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოთი ისწავლიან. „გამარჯობა რუბი“ ,- ასე ჰქვია სახელმძღვანელოს, რომელსაც სექტემბრიდან 50 სკოლაში შეიტანენ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე პრეზენტაციები იმართება. პირველი ორი პრეზენტაცია ზოგად განათლებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხებოდა.
მასწავლებელთა პროფესიულ სქემაში კრედიტების დაგროვების სისტემა უქმდება
გაზაფხულიდან პედაგოგების პროფესიული განვითარების ტრენინგების დეცენტრალიზაცია გაგრძელდება
კრედიტებს სისტემის გაუქმება და სწრაფი გადაადგილება პროფესიაში - ცვლილებები სქემაში
სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება - მინისტრი
ნაკლები ბიუროკრატია პედაგოგებს გაუხარდებათ - როგორ აფასებს რეზო აფხაზავა სქემაში ცვლილებებს