განათლების რეფორმის ფარგლებში, 18 იანვარს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესატანი ცვლილებები დაანონსდა. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება კრედიტების დაგროვების სისტემის გაუქმებაა. პრეზენტაციისას ითქვა, რომ 1 თებერვალს გახდებოდა ცნობილი დამატებითი დეტალები, რაც უფრო მკაფიოს გახდიდა, თუ რა გზის გავლა მოუწევს პედაგოგს როგორც სტატუსის შესანარჩუნებლად, ასევე წინსვლისთვის.
თუმცა დღეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პრეზენტაციას არ გამართავს. როგორც „ლიბერალს“ ცენტრში განუცხადეს, კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან ჯერ არ დასრულებულა, დოკუმენტის საბოლოო ვერსიას კი აღნიშნული შეხვედრების დასრულების შემდგომ წარუდგენენ საზოგადოებას. ცენტრში კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ დოკუმენტის წარდგენა არაუგვიანეს თებერვლის ბოლოსთვის მოხდება. მათივე განმარტებით დღეს სამუშაო შეხვედრა სკოლის დირექტორებთან იმართება.