ხვალ, 8 თებერვალს სოციალური მუშაკები საქართველოდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში წერილს შეიტანენ და დაიწყებენ წინასაგაფიცვო პროცესს.
სოციალური მუშაკები მოითხოვენ, რომ ბავშვების, შშმ პირების, ხანდაზმულებისა და სხვა პირთა ინტერესების დაცვის მიზნით, სახელმწიფომ ეფექტიანი სერვისები და სოციალური მუშაკებისთვის მინიმალური შრომითი პირობები შექმნას.
დღეს გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრების სოციალურმა მუშაკებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სამსახურს საკუთარი ინიციატივით ტოვებენ.
სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში გათავისუფლებული 4 სოციალური მუშაკის (მათგან 2 უფროსი სოციალური მუშაკის) დაუყოვნებლივ გათავისუფლებამ და შესაბამისი კადრებით ვერ/არ ჩანაცვლებამ, ბოლო თვის მანძილზე გაორმაგებულმა მომართვიანობამ სამუშაო პროცესის პარალიზება გამოიწვია.
საინიციატივო ჯგუფის „სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის“ აცხადებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები იმყოფებიან გაუსაძლის ვითარებაში.
„დამსაქმებელს არ მიუღია რაიმე ეფექტური ზომა კრიზისის თავიდან ასაცილებლად ან მის მყისიერად მოსაგვარებლად“
სოციალური მუშაკები მიიჩნევენ, რომ სისტემა არის უდიდესი კრიზისის წინაშე, რომელსაც დღემდე არ აღიარებს ჯანდაცვის სამინისტრო.