შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დაკვეთით ჩატარდა კვლევა, რომელიც გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის შეფასებას ისახავს მიზნად. აღნიშნული კვლევის შედეგები, ერთ-ერთი წყაროა, რომელზე დაყრდნობითაც გამოცდების სისტემის რეფორმა დაიგეგმა,- კერძოდ, გაუქმდა გამოსაშვები გამოცდები, სავალდებულო გამოცდათა ნუსხიდან კი მოიხსნა ზოგადი უნარების გამოცდა.
კვლევის ანგარიშის წარდგენა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დღეს გაიმართა. ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მიმოიხილა თუ რამდენად მიაღწია არსებულმა საგამოცდო მოდელმა დასახულ მიზნებს და რა გამოწვევები არსებობს ამჟამად.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების პროცესში კორუფციის აღმოფხვრა იყო,- ამბობს სოფო გორგოძე და განმარტავს, რომ არაერთი კვლევა, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო შეფასებები აჩვენებს, რომ ამ მიზანს ეროვნულმა გამოცდებმა წარმატებით მიაღწია. თუმცა, მისივე თქმით, დღესდღეობით გარემოებები შეცვლილია და კორუფციის საფრთხე, როგორც ეს წლების წინ იყო, დღეს გამოწვევა აღარ არის.
ზოგადი უნარების გამოცდის მიზანი იყო საუკეთესო სტუდენტის შერჩევა, თუმცა ცენტრის ხელმძღვანელი კვლევის ანგარიშზე დაყრდნობით ამბობს, რომ უნარების ტესტი ყველაზე ნაკლებად პროგნოზირებს სტუდენტთა აკადემიურ წარმატებას; ქართული ენის ტესტი კი ყველაზე უკეთ განსაზღვრავს იმას, თუ როგორი აკადემიური მოსწრება ექნებათ სტუდენტებს.
სოფო გორგოძის თქმით, კიდევ ერთი მიზანი, რომელსაც ზოგადი უნარების გამოცდამ ვერ მიაღწია, რეპეტიტორების როლის შემცირება იყო.
უფრო კონკრეტულად კი, როგორც კვლევის ანგარიშშია ნათქვამი, იმ მე-12 კლასელებიდან, რომლებიც ემზადებიან რეპეტიტორებთან, 47% ემზადება სამზე მეტ საგანში. მშობლების 74% კი თვლის რომ ზოგად უნარებში მომზადება საჭიროა.
„ერთ-ერთი არგუმენტი, რომელსაც რეფორმის კრიტიკისას ხშირად ვისმენთ, არის ის, რომ ზოგადი უნარები არის ის გამოცდა, რომელშიც მომზადება არავის არ უნდა სჭირდებოდეს, ამიტომ არის ყველაზე დემოკრატიული. მაგრამ კვლევა აჩვენებს, რომ პირიქითაა, ყველაზე ხშირად სწორედ უნარებში ემზადებიან აბიტურიენტები. ფოკუს ჯგუფებში გამოიკვეთა, რომ უნარებში მომზადებას გაცილებით მეტი მშობელი მიიჩნევს მნიშვნელოვნად. რეპეტიტორთან სიარული გარდაუვალ აუცილებლობად აღიქმება და ყველაზე სავალალო არის ის რომ რეპეტიტორობა ჩამოყალიბდა სკოლის პარალელურ სისტემად, რომელიც საბოლოო ჯამში არც სკოლის განვითარებას ეხმარება, არც ბავშვის განვითარებას და უმაღლესშიც დიდ შედეგს ვერ გვაძლევს“,- ამბობს სოფო გორგოძე.
გარდა ამისა, კვლევის ანგარიში აჩვენებს, რომ სკოლის მდებარეობა და ტიპი განსაზღვრავს თუ რამდენად წარმატებით აბარებს აბიტურიენტი გამოცდას.
უმაღლეს სასწავლებლებში თბილისელი აბიტურიენტების დაახლოებით 95% ირიცხება, სხვა ქალაქებიდან 78%, სოფლებიდან კი 68%.
კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ქულების მხრივ, სავალდებულო საგნებში ყველაზე დიდი განსხვავება თბილისსა და სოფლებს შორის ორ საგანშია: უცხოური ენა და უნარები. თბილისელი აბიტურიენტები საშუალოდ დაახლოებით 22 ქულით მეტს იღებენ უცხო ენის ტესტში, ვიდრე სოფლის სკოლადამთავრებული აბიტურიენტები, ზოგადი უნარების შემთხვევასი ეს სხვაობა კი 8.5-ია.
სოფო გორგოძე განმარტავს, რომ ეს პრობლემა ადრეც ფიქსირდებოდა, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ უცხოურ ენაში გამოცდის ბარიერი ყველაზე დაბალია.
„უცხო ენა საგანი არის, უნარები არ არის საგანი. თუ უცხო ენაში მე პროექტებს დავგეგმავ, მასწავლებლებს გავაძლიერებ, შეიძლება შედეგი პირდაპირ აისახოს მოსწავლეებზე. უნარების მიმართულებით რა გავაკეთოთ, სანამ მთელს სკოლაში 100%-ით სწავლის ხარისხი არ გაიზრდება ვერაფერს ვიზამთ, ამიტომ არის ეს 8.5 გაცილებით პრობლემატური ამ ეტაპზე , ვიდრე ეს 22 ქულა.ზოგადი უნარების ტესტი ცუდი არ არის და ამას არავინ არ ამბობს, ზოგადი უნარები არ არის ისეთი დემოკრატიული და განმათანაბრებელი, რომ ამხელა წონა და დატვირთვა ჰქონდეს და იყოს სავალდებულო საგანი“.
რაც შეეხება სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს, სოფო გორგოძე ამბობს, რომ აღნიშნული გამოცდის მიზნებმაც ვერ მოიტანა სასურველი შედეგი.
მისი განმარტებით, გამოცდების მიზანი მოსწავლეების სკოლაში დაბრუნება იყო. ასევე იყო მოლოდინი, რომ გამოცდა მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას გაზრდიდა. თუმცა მისი თქმით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ დასწრების მხრივ მე-12 კლასში სიტუაცია არ შეცვლილა, პირიქით, ზოგიერთ სკოლაში, სადაც დირექტორი ლმობიერებით გამოირჩეოდა, მოსწავლეები საერთოდ არ დადიოდნენ სკოლაში. მეორე მხრივ, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ტესტი ზომავს ფაქტობრივ ცოდნას, კითხვები კი არ იძლევა მოსწავლეებში ფართო კომპეტენციების გაზომვის საშუალებას.
გვჭირდება საატესტატო გამოცდები?
„არის მოსაზრება რომ გამოსაშვები გამოცდების გამო ბავშვებმა წიგნი მაინც გადაშალეს, თუმცა ექსპერტებს თუ დავეკითხებით ეს არ არის ის ცოდნა, რომელიც მოსწავლემ სკოლაში უნდა შეიძინოს, მხოლოდ იმაზე არიან ორიენტირებული რომ ტესტში რამდენიმე სწორი პასუხი შემოხაზონ, რათა საგანი ჩააბარონ. რეალურ ცოდნაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია, აქ არის ორიენტირება მხოლოდ იმაზე, რომ საგანი ჩააბარონ. რეალურად ამას შედეგი არ მოჰყვება.
ის მიზნები რაც ჰქონდა CAT-ის გამოცდებს ვერ იქნა მიღწეული, არ გაიზარდა გაკვეთილებზე დასწრება, დიდად კარგად ვერ სწავლობენ, რადგან წლიდან წლამდე ყველა საგანში იზრდება ჩაჭრილთა რაოდენობა. გაუგებარია რა მიზანს მიაღწია გამოსაშვებმა გამოცდებმა და რატომ გვინდა რომ შევინარჩუნოთ? გასათვალისწინებელია ის მილიონებიც, რაც ამ გამოცდების ორგანიზებისთვის იხარჯება“.
სოფო გორგოძე განმარტავს, რომ ახალი სკოლის მოდელი სწორედ სკოლის როლის გაზრდას ისახავს მიზნად. მისი განმარტებით, იგეგმება, რომ სკოლებში ჩატარდეს იმგვარი შეფასებები, რომელიც მოსწავლის ჩაჭრას კი არ გამოავლენს, არამედ, სკოლას აჩვენებს ამ მოსწავლის საჭიროებებს. საუბარია განვითარებაზე ორიენტირებულ შეფასებებზე:
„ერთი რაც გვინდა გავაკეთოთ არის ის, რომ სკოლის პერიოდში გადავიტანოთ შეფასებები და გვქონდეს უფრო მეტი არა მაღალი რისკის გამოცდა, რომელიც ბავშვებს ჩაჭრის, არამედ გვინდა შემოვიღოთ დაბალი რისკის გამოცდა, რომელიც არის ორიენტირებული რომ ბავშვი განვითარდეს. მაგალითად ჩატარდეს მე-10 კლასში გამოცდა, რომელიც კი არ ჩაჭრის ბავშვს და ეტყვის რომ შენ არ გადადიხარ მე-11 კლასში, არამედ ვუთხრათ რომ შენ ამ მიმართულებით გჭირდება განვითარება. დაწყებითებისთვისაც, მე-6 კლასშიც, შეგვიძლია გავაკეთოთ იგივე.“
კვლევის ფარგლებში ჩატარდა ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები: მასწავლებლებთან, უფროსკლასელებთან, სტუდენტებთან, უნივერსიტეტის რექტორებთან, სკოლების დირექტორებთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან, განათლების სფეროს ექსპერტებთან. კვლევაში გაანალიზებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. კვლევის ავტორია ლელა ჩახაია - განათლების მეცნიერებათა დოქტორი (ევროპული უნივერსიტეტი, ფლორენცია, იტალია).