2023-2024 წლებში შეიძლება ერთი დიდი ცენტრალიზებული გამოცდა დაინერგოს, რომელშიც საგანი და უნარები კომბინირებული იქნება - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, გარდა ამ ცენტრალიზებული გამოცდისა, შესაძლოა იყოს სამოტივაციო წერილის, პროექტის კომპონენტი, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტები შეარჩევენ სტუდენტებს.
„თუმცა ეს არის შორეული პერსპექტივა. თუ ჩვენ ამ ყველაფერზე შევთანხმდით და ეტაპობრივად დავგეგმეთ და წავიდა წინ ყველაფერი, ისე როგორც დაგეგმილია, შესაძლებელია 2023-2024 წლისთვის ამ მოდელზე გადავიდეთ" - თქვა მინისტრის მოადგილემ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დაკვეთით ჩატარდა კვლევა, რომელიც გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის შეფასებას ისახავს მიზნად. აღნიშნული კვლევის შედეგები, ერთ-ერთი წყაროა, რომელზე დაყრდნობითაც გამოცდების სისტემის რეფორმა დაიგეგმა,- კერძოდ, გაუქმდა გამოსაშვები გამოცდები, სავალდებულო გამოცდათა ნუსხიდან კი მოიხსნა ზოგადი უნარების გამოცდა.