Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ვერ ასრულებს ხელისუფლება ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში? - NGO-ების შეფასება

13 თებერვალი, 2019 15:27

ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ სახელმწიფოს მიერ 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებისა და პრიორიტეტების შესრულების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგი გასულ წლებში სამოქალაქო საზოგადოების მიერ სახელმწიფოს გატარებული რეფორმების შეფასებას წარმოადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მონიტორინგს 6 მიმართულებით ატარებდნენ:

მართლმსაჯულება;

ანტიკორუფციული პოლიტიკა, ადმინისტრაციული რეფორმა და საჯარო სამსახური;

პროფესიული კავშირების უფლებები და შრომითი სტანდარტები;

გარემო და კლიმატის ცვლილება; თანასწორი მოპყრობა და ბავშვთა უფლებების დაცვა.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის თქმით, ვალდებულების შესრულების მიხედვით ზოგადი პროგრესი არათანაბარია - არის სფეროები, რომელშიც მეტი პროგრესი აღინიშნა, მაგრამ არის სფეროები, სადაც ეს პროგრესი ნაკლები იყო.

„არის კონკრეტული აქტივობები, რომლებიც ნაწილობრივ შესრულდა ან - სრულად. იმის თქმა ერთმნიშვნელოვნად, რომ რაიმე საერთოდ არ შესრულდა, არ შეიძლება, მარამ ვერც იმას ვიტყვით, რომ ყველაფერი იდეალურად არის შესრულებული.

განსაკუთრებით პრობლემური იყო მართლმსაჯულების სფერო, ხოლო შედარებით ნაკლები პრობლემები იყო თანასწორობისა და შრომის უსაფრთხოების ნაწილში, რომელშიც შეიმჩნევა წინსვლა“, - განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

მართლმსაჯულება

მართლმსაჯულების სფეროში, სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, 2018 წლისთვის გათვალისწინებული 14 აქტივობიდან 12 არ განხორციელებულა ან ნაწილობრივ განხორციელდა.

მაგალითად, მოსამართლეთა  და სასამართლოების თავმჯდომარეთა შერჩევა/დანიშვნის წესი კვლავ ვერ აკმაყოფილებს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ სტანდარტს, პროცესი არ არის დასაბუთებული და გამჭვირვალე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები ჯერ კიდევ არ რეგულირდება კანონით.

სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, პროკურატურის შესახებ კანონი არ არის საკმარისი პროკურატურის სრულფასოვანი რეფორმის განსახორციელებლად.

სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის შემუშავების მიუხედავად, ის პარლამენტში ჯერ კიდევ არ წარუდგენიათ, ისევე, როგორც საპროცესო კოდექსი.

ასევე NGO-ების ანგარიშით, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები პირობით მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის კუთხით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ძირითადი რეფორმები, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში იყო დაგეგმილი, მხოლოდ ფორმალურად შესრულდა და რეალური ცვლილებები არ მოჰყოლია:

„ეს ეხება, როგორც სასამართლოში დაგეგმილ რეფორმებს, ასევე პროკურატურის რეფორმას, რომელიც ჩვენი შეფასებით, ფაქტობრივად, არ განხორციელებულა. ის ფორმალურად შეესაბამება კონსტიტუციით გათვალისწინებულ ახალ რეგულაციებს და ახალმა კანონმა პროკურატურის შესახებ რეალობა ვერ შეცვალა. ის ვერ გახდა პოლიტიკურად ნეიტრალური და დამოუკიდებელი, რისი მოლოდინიც გვქონდა“

ანტიკორუფციული პოლიტიკა, ადმინისტრაციული რეფორმა და საჯარო სამსახური

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშით, ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ მოუმზადებია ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი. ეს კი ხელს უშლის მოქალაქეების უფლებას ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე.

ასევე, არაფერი გაკეთებულა დარგობრივი კომიტეტების გაუმჯობესებისთვის, რაც გააძლიერებდა პარლამენტის საზედამხედველო უფლებას.

პროფესიული კავშირების უფლებები და შრომითი სტანდარტები

სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, პრობლემაა ის, რომ შრომის უსაფრთხოებად მიიჩნევა მხოლოდ მშრომელთა ფიზიკური უსაფრთხოება და თითქმის უგულებელყოფილია ფსიქოსოციალური საფრთხეებისა და რისკების ზედამხედველობა.

ასევე, ჯერჯერობით, ინსპექტირების ორგანოებს არ აქვთ სამუშაო ადგილზე უპირობოდ დაშვების შესაძლებლობა სასამართლოს გარეშე. 

მონიტორინგის მიხედვით, საჭიროა შრომის ინსპექტირების არსებული სისტემის რეფორმირებაც, რომ საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან სრული შესაბამისობაში იყოს.

გარემო და კლიმატის ცვლილება

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონის აღსრულება. ასევე პრობლემაა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესებში საზოგადოების მონაწილეობა.

მონიტორინგის მიხედვით, მთავრობას ასევე არ გაუმართავს საზოგადოებასთან კონსულტაციები რესტრუქტურიზაციის პროცესში, როცა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სმაინიტროების შერწყმა მოხდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ არ შესრულდა ვალდებულება  „საქართველოში გამონაბოლქვის დაბალი მაჩვენებლის განვითარების სტარატეგიის შემუშავებისა და მიღების“ შესახებ.

„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლის მანანა ქოჩლაძის თქმით, პრობლემას წარმოადგენს გადავადებებიც. მაგალითად, კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ და კანონი წყლის შესახებ. მისი თქმით, ბოლო 7 წელია, ეს კანონპროექტები მთავრობის შიგნით განიხილება და ჯერ კიდევ არ არის საზოგადოების განხილვის ეტაპამდე მიღწეული.

„მივიღეთ კანონი გარემოს ზემოქმედების შეფასებაზე. კანონი ძალაშია, თუმცა მის აღსრულებასთან დაკავშირებით არის ძალიან დიდი პრობლემები, ეს შეეხება იმ ყოველდღიურ კონფლიქტურ პრობლემებს, რომელიც მოსახლეობას აქვს ამა თუ იმ ინფრასტრუქტურულ და სხვა ტიპის საწარმოო ობიექტთან.

მაგალითისთვის, ეს არის ბათუმის  ტერმინალი და სამინისტრო, სამწუხაროდ, არ იყენებს ყველა შესაძლებლობას, რომელსაც ახალი, ევროკავშირთან შესაბამისი კანონმდებლობა იძლევა გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოსაფხვრელად.“

თანასწორი მოპყრობა

ანგარიშის მიხედვით, არ გაუმჯობესებულა გენდერული თანასწორობა. ვერ მოხდა სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა, ისევე როგორც უმცირესობის წარმომადგენელთა თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა.

ქალთა ორგანიზაცია „საფარის“ შეფასებით, 2017-2018 წლების განმავლობაში არ გადადგმულა ნაბიჯები ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

ლგბტქი ადამიანები განიცდიან მათი უფლებებისა და თავისუფლებების სხვადასხვა სისტემურ დარღვევას. ტრანსგენდერი ადამიანებისთვის კი ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა მათი სქესის იურიდიულად აღიარება.

რელიგიურ უმცირესობებს ისევ პრობლემები აქვთ მშენებლობის ნებართვაზე. ეთნიკური უმცირესობებისთვის კვლავ პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო ენის არცოდნა.

ასევე, 2017-2018 წლებისპერიოდში არ მომხდარა რაიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მიმართებით.

ბავშვთა უფლებების დაცვა

ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა დაცვის კუთხით ომბუდსმენს სრულფასოვან მუშაობაში დაბრკოლებები შეექმნა. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს მუშაობა სტრესულ, ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოში უწევდათ.

ცუდი ინფრასტრუქტურული პირობების გამო სახალხო დამცველის ოფისს თავისი შენობის დატოვება მოუწია და დღესაც ოფისის ქირაობა უწევს.

ძალადობისგან ბავშვების დაცვის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა არსებობს და სახელმწიფო სათანადოდ არ ზრუნავს მათ მოგვარებაზე. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლის ანა არგანაშვილის თქმით, ამ კუთხით არც პრევენციული ღონისძიებები, არც რეაბილიტაცია და არც სხვა ქმედითი ღონისძიებები არ გატარებულა. ამასთან, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ აღიაროს ეს პრობლემა:

„მონიტორინგის შედეგად ჩვენ ვნახეთ, რომ სახალხო დამცველს არათუ ხელი ეწყობა, შენობაც კი აღარ აქვს. ამიტომ, ბავშვთა უფლებებისთვის გამოყოფილი ფინანსების დახარჯვა უკვე ქირაზე უწევთ.

რაც შეეხება ბავშვთა დაცვას ძალადობისგან, ისედაც ცნობილია რა მდგომარეობაა ქვეყანაში. მაგრამ მონიტორინგის დროს აღმოვაჩინეთ, რომ მთავრობა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულებაში წერს იმ ბრძანებას, რომელიც უკვე 2010 წელს იყო დამტკიცებული.

მათ ამ ბრძანების დადგენილების სახით მიღება, როგორც ახალი ღონისძიება ისე შეიტანეს და სამწუხაროდ, ჩვენ აღარ გვიკვირს, რატომ არის არაეფექტური ბავშვთა დაცვა ძალადობისგან. თუ ჩვენ ძველ ქმედებებსა და ღონისძიებებს ჩავთვლით ახალ ბავშვთა დაცვის ღონისძიებად, რა თქმა უნდა, პროგრესს ვერასდროს მივაღწევთ.“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^