„გოგლიმოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭები თავს უფლებას აძლევნ და ასეთი ტონით ლაპარაკობენ. ამის პასუხს მიიღებს ახლა ჩვენს ბოლო დასკვნაში“, - ასე გამოეხმაურა ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, „კონსენსუსი „ნაცმოძრაობასა" და ლევან გოგიჩაიშვილს შორის არის ძალიან ნიშანდობლივი.
„როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძოდით და ვიდექით ტყვიების ზუზუნში, ამ სიტყვების ავტორი გოგლიმოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა, გავუძლებდით და გადავრჩებოდით თუ არა...
ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, გუშინ, რომ ბოროტებას ჩადიოდნენ, დღეს კეთილად გასხივოსდნენ, ეს ადამიანი ჩემთვის მორალურად ზუსტად იქ დგას, სადაც იდგნენ ის ადამიანები, ვისაც ჩვენ ვებრძოდით, დღესაც იქ დგას. გაბედა და თქვა იმ ადამიანმა, ვისაც არ აქვს მორალური უფლება, ასე ილაპარაკოს ჩვენი მისამართით და რატომ არა აქვს მორალური უფლება კონსტიტუციის მიღების დღეს ასე ილაპარაკოს, ამას იქ შევახსენებ, ტრიბუნიდან.
მართლა ემოციურად ვარ დღეს დატვირთული. ვარ იმ გადაწყვეტილების მიჯნაზე, რაც ვიღაცისთვის ემოციურად შეიძლება სასურველია და ახლა შეიძლება საათებს ითვლის, როდის გამოვაცხადებ იმ გადაწყვეტილებას. ეს იმ „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალია, რომელსაც ვხედავ უმრავლესობაში, რომელსაც გუნდს ვეძახით, სამწუხაროდ“,- განაცხადა ბესელიამ.
პარლამენტში განიხილავენ ეკა ბესელიას და 8 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს.