გიორგი გასვიანი, რომელმაც ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ნახა, ბრალდებულია და მის მიმართ წაყენებული მუხლი მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარის შესახებ გასვიანი სოციალურ ქსელში წერს და დეტალებს იხსენებს.
პირადი ცხოვრების ჩანაწერების საქმეზე 18 ბრალდებულიდან მხოლოდ ერთია ამტვირთავი
„ძალიან დიდი მადლობა იმისათვის,რომ ასე ნათლად ვგრძნობ თქვენ მხარდაჭერას და გამომდინარე დიდი ინტერესისა, ყველას ერთად გაგცემთ პასუხს, თუ რა ხდება ეს დღეებია ჩემ თავს.
მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. ავდექი და გავედი სამსახურის მიმართულებით, რათა ამეღო გარკვეული თანხა, რომელსაც შემდეგ ჩემი სამუშაო ადგილის გვერდით მდებარე კლინიკაში გადავიტანდი და დავფარავდი ჩემი შვილის გეგმური შემოწმებების საფასურს. სწორედ ამ შუალედში მოვიდნენ და გამეცნენ პოლიციის თანამშრომლები, რაც მოხდა კანონის სრული დაცვით და მთხოვეს, რომ მათ გავყოლოდი.
მიუხედავად იმისა, რომ თანხის გადახდა ძალიან სასწრაფო ამბავი იყო, წინააღმდეგობა არ გავუწიე და წავყევი.
რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, გაირკვა, რომ მე მინახავს ის ვიდეო, რაც თურმე არ უნდა მენახა. ჩემი დაკავება გადაწყდა :)) აბსურდის მასშტაბს ხვდებით?
სოცქსელში გამომიგზავნეს ვიდეო, სადაც არაფერი ჩანს. მე ეს ვიდეო გავხსენი, რამდენიმე წამში გამოვრთე და საერთოდ აღარც გამხსენებია. მე არც გავრცელებას, არც ჩამოტვირთას და არაფერ მსგავსს არავინ მედავება. უბრალოდ ვნახე და მორჩა. ეს არის ჩემი „დანაშაული" .
დამადეს ბორკილები და გადამიყვანეს გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. რამდენიმედღიანი გაუგებრობისა და გადათენებული ღამეების შემდეგ ჩაინიშნა სასამართლო, რომელმაც გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შემიფარდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სანამ თანხას არ შევიტანდი, ციხეში ვიქნებოდი. უკვე სასაცილოა, როცა სასამართლოზევე გაირკვა, რომ თანხის ოჯახში შემომტანი ჩემ გარდა არავინ არ გახლდათ და ეს ციხიდან როგორ უნდა მომეხერხებინა არ ვიცი :) მოკლედ სასამართლოს შემდეგ რამდენიმე საათი გლდანის საპყრობილეში დავყავი და საბოლოოდ ჩემი მეგობრების დახმარებით მე გარეთ ვარ, მაგრამ 27 მარტს მეორე სასამართლო სხდომა ჩანიშნეს, სადაც რა მოხდება, კაცმა არ იცის.
სიმართლე გითხრათ ჩემი შვილის ამ ქვეყანაში გაზრდის ძალიან მეშინია. ვიღაცამ რომ რაღაც ვიდეო ჩაუგდოს, შეიძლება ცხოვრება დაუნგრიონ და ციხეში გამოკეტონ ძალიან დიდი ხნით.
თქვენი იმედი მაქვს. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის და მშვიდ ცხოვრებას დავუბრუნდები. ისეთ ცხოვრებას, როგორსაც ბევრი ბრძოლისა და შრომის შედეგად მივაღწიე.
სიკვდილიც, რომ დამჭირდეს ჩემ უდანაშაულობას დავამტკიცებ ყველა ინსტანციაში", - წერს გიორგი გასვიანი.
ბრალდებული, ვინც პირადი ცხოვრების კადრებს უყურა და მეგობარს გაუგზავნა, საკონსტიტუციოს მიმართავს
ეკა ბესელია ჩანაწერების გამო დაკავებულებზე: არ მინდა ვატარო მათი ტკივილი და ტრაგედია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით, 18 პირი დააკავა. ერთ-ერთი ბრალდებული ანი აროშიძეა. ის აპირებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.
--
18 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით ედება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს:
1. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.
2. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე.
ფოტო: IPN