ეკა ბესელია პარლამენტში ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას აპირებს. მისი თქმით, იმათ გარდა, ვინც ერთ პოზიციაზე დგას, ფრაქციის შექმნაზე კონსულტაციები სხვებთანაც ექნება.
„ახალ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვფიქრობ და ამ კუთხით ვმუშაობ. თანამოაზრეებთან გვექნება კონსულტაციები. დღეიდან დავიწყებ ყველა იმ ადამიანთან კონსულტაციას, რომელიც ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ შეიძლება იყოს მოაზრებული. ეს გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც თემატურად გაერთიანდება პირველ ეტაპზე. ეს თემა პირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას და სამართლიანობის პროცესს. შესაძლოა, მოხდეს ახალი ფრაქციის შექმნაც. ახალი უმცირესობა როდის შეიქმნება პარლამენტში, არ ვიცით, თუმცა არსებული უმცირესობა ავტომატურად დაიშლება მაშინვე, როგორც კი უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი დატოვებს. იმათ გარდა, ვინც ერთ პოზიციაზე ვდგავართ, ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები მექნება სხვებთანაც. დავილაპარაკებთ „სოციალ-დემოკრატებთანაც“, შეიძლება მათთან თემატურად ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.