2019 წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჯანდაცვის კომიტეტზე განაცხადა.
„ის კანონი, რომელიც მიღებულია, არეგულირებს მთელ რიგ საკითხებს და მათ შორის ხედვას, სოციალური მუშაკების შესახებ. 2009 წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა იყო 171, 2018 წელს - 244, ხოლო 2019 წელს დაგეგმილია 50 სოციალური მუშაკის დამატება. სოციალური მუშაკების დამატება არ არის მხოლოდ სამინისტროს კეთილ ნებაზე ან შიდა გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. ეს კანონის ნაწილია, მათ შორის ქვეყნის ბიუჯეტის კანონის და უნდა მოხდეს შესაბამისობაში მოყვანა“, - განაცხადა სერგეენკომ.
მისივე ინფორმაციით, 2020 წელს დაემატება ისევ 50 სოციალური მუშაკი, 2021 წელს თვითმმართველობებში გაჩნდება სოციალური მუშაკების აქტივობა და ბოლო თარიღი არის 2025 წელი, როცა ერთ სოციალურ მუშაკს არ უნდა ჰქონდეს 50 საქმეზე მეტი.
„გარკვეულმა პროცესებმა მნიშვნელოვნად გაზარდა სოციალური მუშაკების ფუნქციური დატვირთვა და ისინი ერთი მხრივ, მოცულობით დიდი სამუშაოს წინაშე აღმოჩნდნენ და მეორე მხრივ, აღმოჩნდნენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების წინაშე. ამოცანა არის სოციალური მუშაკების სამუშაოს მოცულობის ნაწილის განტვირთვა იმ ნაწილისგან, რომელიც არ არის მათი უშუალო საქმიანობის სფერო. ასევე, მნიშვნელოვანია ტექნიკური მხარდაჭერა.
თბილისში მომუშავე სოციალურ მუშაკებს მივცემთ მთელი წლის სამგზავრო აბონემენტებს, ხოლო რაიონებს მივაშველებთ ავტომობილებს. ასევე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ შევაჯამეთ ერთგვარი ინვენტარიზაცია იმ ოფისების, სადაც სოციალურ მუშაკებს უწევთ ძირითადად მუშაობა და გაიწერა გეგმა, მისი აღსრულება უკვე დაწყებულია. კიდევ ერთი საკითხი არის უკუკავშირის და კომუნიკაციის გაძლიერება. ახლა, სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომელიც მრავალი მიზეზით არის განპირობებული. გათვალისწინებულია ისეთი ერთეულების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიულ უკუკავშირს, პროფესიულ მხარდაჭერას და პრევენცია-დეტექცია-რეაგირების მექანიზმების ამოქმედებას“,- განაცხადა სერგეენკომ.