ის, რომ ბავშვები და ხანდაზმულები არ კვდებიან, არის მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობის დამსახურება, სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?!, - სოციალურმა მუშაკმა, ქეთევან ხუციშვილმა პარლამენტში, ჯანდაცის კომიტეტში მისულ ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს მიმართა.
სოციალურმა მუშაკმა სიტყვით გამოსვლისას იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც მას და მის კოლეგებს მუშაობის დროს ექმნებათ.
„ამბობენ, რომ სოციალური მუშაკების რაოდენობა არის 238, თუმცა ეს ასე არ არის, რადგან წლების განმავლობაში გაედინებოდა კადრები სისტემიდან და არ ხდებოდა ახლების მიღება. დღეს, როცა საუბარია, რომ მიმდინარე წელს 50 სოციალურ მუშაკს მიიღებენ, ეს არ იქნება კადრების დამატება, ეს იქნება კადრების შევსება. ძალიან მიხარია, რომ დეპუტატებს გააზრებული აქვთ ის, რაზეც ჩვენ ვწუხვართ და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს არის 100 ათასობით ყველაზე დაუცველი ადამიანის პრობლემა ქვეყანაში, რომელთანაც მიდის პირველი და რჩება ბოლომდე სოციალური მუშაკი.
ბოლომდე დარჩენაში მართლა ბოლომდე დარჩენა იგულისხმება, რადგან სოციალური მუშაკები ხშირად დასაკრძალ ადგილებს ეძებენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მიატოვა ოჯახმა და სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო, რომ პანსიონატებში გადაეყვანა. სოციალური მუშაკები ვითხოვთ თავშესაფრებს ამ ადამიანებისთვის, ჩვენ ვითხოვთ სერვისს ბავშვებისთვის. უკვე ძალიან დიდი ხანია, ვსაუბრობთ სოციალური მუშაკები იმაზე, რომ ამ ფიზიკური, ემოციურ და ადამიანური რესურსით საქმეს ვერ ვაკეთებთ, რის გამოც ზარალდებიან პირველ რიგში ყველაზე დაუცველი ადამიანები ჩვენ უკან“, - განაცხადა სოციალურმა მუშაკმა.
სოციალური მუშაკი ასევე დაინტერესადა თუ რა გეგმა აქვს მინისტრს კრიზისის მართვასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი გლდანის სერვის-ცენტრში.
„სერვის-ცენტრი უკვე ერთი თვეა მუშაობს უფროსი სოციალური მუშაკის გარეშე, ცენტრში სულ მუშაობს 10 ადამიანი, რომელთაგან 6 არის ახალი მოსული, არ არსებობს არანაირი შიდა სამუშაო ინსტრუქცია, როგორ განაწილდეს საქმეები. ერთი კვირის მოსული ადამიანი მიდის და მუშაობს სექსუალურ ძალადობაზე. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ მას რაღაც აუცილებლად შეეშლება?! ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ერთ მუშაკს კვირაში 100 საქმე ეწერება და განცხადების წაკითხვას ვერ ასწრებენ?! ჩვენ ასეთ შემთხვევაში ვამბობთ-ხოლმე - ის, რომ ბავშვები და ხანდაზმულები არ გვიკვდებიან, არის მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობის დამსახურება. სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?!“ - ამბობს ქეთევან ხუციშვილი.
დავით სერგეენკომ დეპუტატის კითხვაზე, რომელიც სოციალური მუშაკების მძიმე სამუშაო პირობებს სეეხებოდა უპასუხა, რომ „სამწუხაროდ სოციალური მუშაკები მარტო არ არიან ამ დრამატულ რეჟიმში“.
მათთვის ეს შეღავათი არ არის, მაგრამ იგივე რეჟიმში არიან მაგალითად, ექიმები. თქვენ დააყენეთ საკითხი, რომ ერთად გვემუშავა იმაზე, რომ თუ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სოციალურ მუშაკზე ძალადობა ან აგრესია იქნა გამოვლენილი, ასეთ შემთხვევაში კანონი განსაკუთრებით მკაცრად მოექცეს მოძალადეს. აბსოლუტურად გეთანხმებით და სათხოვარი მექნება, რომ ექიმებიც შევიყვანოთ იგივე სიაში“, - განაცხადა მან.
როგორია სამუშაო პირობები და რა გამოწვევების წინაშე დგანან სოციალური მუშაკები
სოციალური მუშაკები წინასაგაფიცვო პროცესს იწყებენ
სოციალური მუშაკები: დაიწყო მედიაციის პროცესი ჩვენსა და სამინისტროს შორის