თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაგრატიონ-გრუზინსკების ოჯახის სარჩელის განხილვის დაწყებამდე დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, საპატრიარქომ შესაბამისი დნმ კვლევა ჩაატარა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა.
ამ საკითხზე „ლიბერალი“ დაუკავშირდა საპატრიარქოს პრესსამსახურს, საიდანაც „ეთნოგენეტიკური კვლევის სამეცნიერო ცენტრის“ ხელმძღვანელ გიორგი ანდრიაძესთან გადაგვამისამართეს.
ანდრიაძე აცხადებს, რომ საპატრიარქო ცენტრის მხოლოდ დამფუძნებელია და მათ არც იციან, ვის ჩაუტარდა ანალიზი - „კვლევა დაიწყო საპატრიარქოს უნივერსიტეტში და შემდეგ ჩამოყალიბდა აიპი“. მისივე თქმით, ცენტრი 2010 წლიდან ატარებს მსგავს კვლევებს და უკვე 1200-ზე მეტი გვარია შესწავლილი, მათ შორის ნუგზარ ბაგრატიონიც.
„ნუგზარ ბაგრატიონის გვარს აქვს უნიჭიერესი, ცნობილი, უძველესი ქართული გენოტიპი. რომელი აქვს და როგორ აქვს, ამას ვერ ვიტყვი - ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია“, - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.
მუხრანელების ადვოკატის მტკიცებას, რომ ნუგზარ ბაგრატიონი, კვლევის მიხედვით, სიხარულიძეა, გიორგი ანდრიაძე აბსურდს უწოდებს.
„ადვოკატს კი არა ყველას შეეშლება ასეთი რამე, ვინც არ არის ეთნოგენეტიკის სპეციალისტი. მისი [ნუგზარ ბაგრატიონის] გვარი ნამდვილად მიეკუთვნება უძველეს ქართველ გენოტიპს. ხოლო, ვინ არის ბაგრატიონი და ვინ - არა, ასე მარტივად ეს არ დგინდება. ეს გვარი არის უძველესი, უნიჭიერესი, იმავე გენოტიპს ატარებს ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონის გვარი“, - აცხადებს ანდრიაძე.
ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კვლევაში არც ერთი გვარის წარმომადგენელს თანხა არ გადაუხდია, მისი თქმით, ცენტრს სხვადასხვა დროს სხვადასხვა წყარო აფინანსებდა - „ზოგჯერ საპატრიარქოს უნივერსიტეტი, ზოგჯერ - კერძო პირები“.