
სამწუხაროდ, ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენელები კვლავ აგრძელებენ ფიქრს ხუდონჰესის მიმართულებით, - ხაიშის თემი ხუდონჰესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ხაიშის თემის წევრმა ზურაბ ნიჟარაძემ დღეს, 17 მარტს ხაიშის თემის სახელით ვიდეომიმართვა ჩაწერა და საზოგადოებას სვანეთში არსებული ბოლო მოვლენების შესახებ ამცნო.
„დაახლოებით ათიოდე დღის წინ შემოვიდა მუშა ჯგუფი. დაგვარწმუნეს, რომ თითქოს ეს კეთდებოდა ალტერნატიული ვარიანტების მოძიების გამო, ასევე უნდა დაკონსერვებულიყო ხუდონჰესზე უკვე შესრულებული სამუშაოები. მაგრამ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს აღმოჩნდა მორიგი ფარსი და ტყუილი, რადგან ამ ჯგუფმა განახორციელა არა ალტერნატიული გზების შესწავლა და ძიება, არამედ ბეტონის კაშხლის მდგრადობა შეამოწმეს.
მივმართავთ ყველა საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქეს, განსაკუთრებით კოლხეთის დაბლობზე მცხოვრებთ, ასევე მათ, ვისაც კიდევ მიაჩნიათ, რომ ასეთი ტიპის პროექტები მომგებიანია ქვეყნისთვის:
სპეციალისტების მიერ მრავალგზისაა გაკეთებული დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზი, რომლითაც მტკიცდება, რომ ხუდონჰესი და მსგავსი ტიპის დროში ჩარჩენილი პროექტები აბსოლუტურად წამგებიანია ქვეყნისთვის, ქმნის ეკოლოგიურ პრობლემებს, როგორც ხაიშის თემში, ასევე მთლიანად ზემო სვანეთში, შლის და ანადგურებს ათასწლეულებს გამოვლილ სოციუმს, საფრთხის შემცველია როგორც სტრატეგიული ასევე სეისმური მიმართულებით. კაშხლის დარღვევის შემთხვევაში პირდაპირი დარტყმის ქვეშ ხვდება ამ ტერიტორიების 70%...
ხუდონჰესი მომგებიანიც რომ იყოს, ნუთუ თითოეული ანთებული ნათურა ღირს იმად, რომ სვანეთი გაქრეს როგორც ისტორიულად თვითმყოფადი კუთხე... სვანეთში ჩვენ ვცხოვრობთ, თქვენი ძმები, მაგრამ ის თქვენც გეკუთვნით. დაფიქრდით და გაითავისეთ ჩვენი პრობლემები", - განაცხადა ზურა ნიჟარაძემ.
მან საქართველოს მოსახლეობას, ხელისუფლებას, საპატრიარქოს, დიპლომატიურ კორპუსს, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და არასამთავრობო სექტორს ხაიშის თემის მოთხოვნები გააცნო:
- ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ხუდონჰესის პროექტი და ეს მოხდეს კანონის ძალით.
- კიდევ ერთხელ შესწავლილ იქნას როგორც სვანეთში, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგეგმილი მეგა, საშუალო და მცირე ჰესების ავგარგიანობა და თითოეულ მათგანზე გაკეთდეს დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზი;
- დაუბრუნდეს ხაიშის თემს სახელმწიფოს მეირ 2011 წელს კანონის გვერდის ავლით გაცემული კერძო და სათემო მიწები, რომელიც გადასცა „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას".
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ პერმანენტულ აქციებს. დაგვერწმუნეთ, ეს არ გახლავთ ულტიმატუმი, ეს გახლავთ კუთვნილი უფლებების დაცვა მოსახლეობის მხრიდან, ამ შემთხმვევაში ხაიშის თემის მხრიდან", - განაცხადა ზურა ნიჟარაძე.