ჰიდროელექტროსადგური, რომლის აშენებაც უკვე 35 წელია თითქმის ყველა მთავრობისთვის დილემა იყო, ამჟამად ინდური კომპანია „ტრანსელექტრიკასა“ და საქართველოს ახალი ხელისუფლების ინტერესის საგანი გახდა. სახელმწიფოს სარგებელს ეკონომისტების ნაწილი და გარემოსდამცველები ეჭვქვეშ აყენებენ. ხაიშის თემის მოსახლეობის უმეტესობა ჰესის არსებული პარამეტრებით მშენებლობისა და გადასახლების წინააღმდეგია. პრემიერ-მინისტრისა და ენერგეტიკის მინისტრის აზრით კი, პროექტი ქვეყნისთვის „სტრატეგიულად მნიშვნელოვანია“.
ხაიშისკენ მიმავალ გზაზე, სოფლიდან დაახლოებით 3-4 კმ-ით სამხრეთით, საავტომობილო გზიდან ხელმარჯვნივ, ბეტონის უზარმაზარ კედელზე საღებავით შესრულებულ წარწერას ვხედავთ: „ხუდონი 1979 -2013, უფალო, შენ დაიცავ ხევი სვანეთისა და ერთობილი საქართველო“.
„ეს ხუდონის საფლავია, იქნებ, წელს მაინც ამაზე ლაპარაკი სამუდამოდ დამთავრდეს,“ - გვიხსნის ხაიშის სკოლის მასწავლებელი და ხუდონჰესის აშენების ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგე ზურაბ ნიჟარაძე.
ბეტონის კედელი 20 წელზე მეტი ხნის წინ აღიმართა. ეს ის დროა, როდესაც საბჭოთა მთავრობამ აქ აქტიური მშენებლობა წამოიწყო და რამდენიმე სადერივაციო გვირაბი და მშენებლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა გააკეთა. სახელმწიფო მაშინ მოსახლეობას არნახულ სოციალურ, სახალხო-სამეურნეო და კულტურული განვითარების შესაძლებლობებს ჰპირდებოდა. არაკეთილმოწყობილი დასახლების ნაცვლად კი კომფორტულ კორპუსებში დასახლებას. ხალხის უკმაყოფილებას კი მხოლოდ ემოციებს უკავშირებდნენ. საზოგადოების პროტესტის შედეგად, 1989 წლის ივნისში საბჭოთა საქართველოს მთავრობამ სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შესახებ ბრძანებულება გამოსცა.
თავდაპირველი ინიცირების შემდეგ თითქმის 35 წლის განმავლობაში მოსახლეობა მუდმივი მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობდა. ხუდონჰესის აშენების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა კამპანიები დროდადრო აქტიურდებოდა. მწერალი და „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელი ნაირა გელაშვილი იხსენებს, რომ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა, რომლის ირგვლივაც კონსოლიდაცია ხერხდებოდა, სწორედ ხუდონჰესის არაშენება იყო.
საქართველოში დაახლოებით 47 მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგური და 6 მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია. ყველა მათგანი, მცირე გამონაკლისის გარდა (ენგური, ვარდნილის კასკადი), პრივატიზებულია. ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგიის 80-85%-ს ჰესები გამოიმუშავებს.
ხუდონჰესის პოტენციალით მოგვიანებით უკვე ნაციონალური მოძრაობის მთავრობა დაინტერესდა. 2005 წლიდან პროექტი ორჯერ გადაიხედა. 2012 წელი მიხეილ სააკაშვილმა დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წლად გამოაცხადა. „კერძოდ დაიწყება ნენსკრას, ხუდონის, ალბათ ნამახვანისა და სხვა ჰესების მშენებლობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა 2011 წელს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრისას. სააკაშვილი მთავარ მიზნად ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისებასა და ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას ასახელებდა. ხელი უნდა შეწყობოდა 18 ჰესის მშენებლობას - გარემოსდამცველებისთვის მიუღებელ დიდკაშხლიან კასკადებს, მათ შორის ხუდონჰესს მდ. ენგურზე, ნამახვანის კასკადს მდ. რიონზე, ნენსკრას კასკადს მდ. ნენსკრასა და ნაკრაზე, ასევე დერივაციული ტიპის ჰესებს ყაზბეგში და მდ. ფარავანზე. ჰესების აქტიური მშენებლობა დაიწყო აჭარასა და ყაზბეგშიც.
"მწვანე ალტერნატივას" ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე ამბობს, რომ დაგეგმილი პროექტები მდგრადი განვითარების პრინციპებს არ შეესაბამება.
"მათ, შესაძლოა, სერიოზული უარყოფითი ზემოქმედება იქონიონ გარემოზე, რადიკალურად შეცვალონ სოციალური და დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში და კულტურული მემკვიდრეობის განადგურება გამოიწვიონ".
გარდა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემებისა, რომლებიც, ჩვეულებრივ, თან ახლავს დიდი კაშხლების მშენებლობას, ქოჩლაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ჰესების მშენებლობისთვის შემოთავაზებულ მოდელს - „შენება, ფლობა, ოპერირება“ ქვეყნის ბიუჯეტისთვის დამატებითი შემოსავლები არ მოაქვს. "შესაბამისად, არ არსებობს ეკონომიკური და ფინანსური არგუმენტები, რომლებიც გაამართლებს ლანდშაფტის რადიკალურ ცვლილებასა და გარემოს განადგურებას, რომ არაფერი ვთქვათ იმ ათასობით ადამიანზე, რომელთაც იძულებითი განსახლება ემუქრება", - ამბობს მანანა ქოჩლაძე.
განსხვავებით ჰესების უმეტესობისგან, სადაც საუბარი ძირითადად ეკოლოგიურ რისკებსა და ეკოსისტემის შენარჩუნებაზეა, ხუდონის საპროექტო არეალში 14 დასახლება და 184 ოჯახი ექცევა. მოსახლეობის განსახლება მოხდება სოფლებიდან: ხაიში, გაღმახაიში, ლუხი, ქვედა წვირმინდი, ლაჯრა, ტობარი და ლალხორალი.
დატბორვის ზონაში ხვდება ხაიშსა და ტობარში მდებარე ორივე ეკლესია და საფლავები. სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით კი კომპანია „ტრანსელექტრიკას“ 1 დოლარად უკვე გადაცემული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1500 ჰექტარი მიწა, აქედან 1110 ჰექტრამდე ტყის მასივი. მოსახლეობის მტკიცებით, ზედდებაა ასევე მათ დაურეგისტრირებელ სამოსახლოსა და მიწებთანაც, რომელიც მათ ტრადიციულ საკუთრებას წარმოადგენდა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყენებდნენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ კომპანია უფასოდ დააბრუნებს იმ მიწას, რომლის გამოყენებაც ჰესის ექსპლუატაციისთვის საჭირო არ იქნება.
ხუდონჰესის პროექტი 2005 წლიდან ორჯერ გადაიხედა. 2011 წლის 28 აპრილს კი საქართველოს მთავრობასა და Trans Electrica Limited-ს, Trans Electrica Limited (Georgia) შპს „ენერგოტრანსს“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. Trans Electrica Limited (BVI) ე.წ. ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე 2008 წელს არის რეგისტრირებული. Trans Electrica Georgia LTD კი 2010 წელს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი და რეგისტრირებული იურიდიული პირია.
ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზისას იურისტი, გარემოსდაცვითი სამართლის ექსპერტი მერაბ ბარბაქაძე ასკვნის, რომ სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი.
„ამ ხელშეკრულებით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება კომპანიისთვის ხუდონჰესისთვის საჭირო მთელი ქონება 1 დოლარად გადაეცა, მხოლოდ იმ პირობით, რომ ის იქ ჰესს ააშენებდა, ამას გარდა, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, არ გააუარესოს კანონმდებლობა, რამაც შეიძლება ჰესის მშენებლობას ხელი შეუშალოს. და თუ სახელმწიფო ქონების უკან დაბრუნებას ისურვებს, მას ამ ქონებაში საბაზრო ღირებულების გადახდა მოუწევს. შეთანხმების ძირითადი ვალდებულებების შესრულების ვადების დარღვევისათვის გადასახდელი ჯარიმების მაქსიმალური რაოდენობა კი მილიონ 320 ათასი აშშ დოლარით შემოიფარგლება“, - ამბობს ბარბაქაძე. მისი შეფასებით, შეთანხმების მიხედვით, რისკები დაუბალანსებელია, მით უფრო, რომ მთავრობას კომპანიის წინაშე მნიშვნელოვანი ვალდებულებები აქვს აღებული.
„მრავალმილიონიანი ქონება, ფაქტობრივად, უფასოდ გადასცეს ოფშორული კომპანიის კუთვნილ შპს-ს ყოველგვარი უზრუნველყოფისა და უშუალო სარგებელის გარეშე, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს რაიმე გარანტია დაგეგმილი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. შეთანხმებიდან ასევე გაუგებარი რჩება რა ჯამური ღირებულების ქონება და უფლებები ან პრივილეგიები გადაეცა კომპანიას სიმბოლურ ფასად“, - ამბობს ბარბაქაძე. მისი განმარტებით, რისკები მით უფრო დიდია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანიას უფლება აქვს აღნიშნული ქონება აღებული სესხების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს. კრედიტების გადაუხდელობის შემთხვევაში კი ქონება შეიძლება მესამე პირთა საკუთრებაში აღმოჩნდეს.
კოალიცია „ქართული ოცნება“ გარემოსდაცვით საკითხებს ერთ-ერთი პრიორიტეტად აცხადებდა და წინასაარჩევნო პროგრამაში განსახორციელებელ ღონისძიებათა ნუსხაში დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვაც შედიოდა. პროგრამის ამ ნაწილის ავტორი ლაშა ჩხარტიშვილი დღეს კოალიციას წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და ხუდონჰესისა და დიდი კაშხლების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქციებს მართავს.
მთავრობის პოზიცია გაზაფხულზე ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ღიად გამოხატა და მთავარ მიზნად ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური ათვისება გამოაცხადა: „ჩვენი მთავრობისა და სამინისტროს მიდგომა ჰესებთან მიმართებაში არის ის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, ანუ ავაშენოთ ჰიდროელექტროსადგურები იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს ენერგოდამოუკიდებელი. ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოება და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ზამთრის პერიოდში გვიწევს ელექტროენერგიის იმპორტირება რუსეთის ფედერაციიდან, თუმცა, ძალიან დიდი შესაძლებობა გააჩნია ქვეყანას, არსებული რესურსების ათვისების შემთხვევაში გავხდეთ ენერგოდამოუკიდებლები, ექსპორტიორი ქვეყანა“, - განმარტა კახა კალაძემ.
რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკა გარემოსდამცველებმა და მოქალაქეების ნაწილმა გააპროტესტა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდის“ ხელმძღვანელი შოთა ბუჩუკური ამბობს, რომ ეს პროცესი ყველანაირი სტრატეგიული დაგეგმვის გარეშე, სტიქიურად ვითარდება:
„სამწუხაროდ, პოლიტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, ახლაც გრძელდება. ისევ ყოველგვარი დაგეგმვის, შესწავლისა და დასაბუთების გარეშე, ცალკეული ინვესტორების ინიციატივით ხდება მდინარეების შერჩევა და მშენებლობის დაწყება ისე, რომ არც გარემოსდაცვით სტანდარტებს ითვალისწინებს ვინმე და არც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს.“
წინასაარჩევნო შეხვედრებისას სვანეთში ჩასული ივანიშვილი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ „ენერგეტიკას ხალხის ხარჯზე არ მიიღებდნენ“ და ყველაფერი მათი ნების მიხედვით მოხდებოდა, თუმცა უკვე წელს, 16 სექტემბერს „შუახევის ჰესის“ მშენებლობის გახსნისას მან სვანებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ ხუდონჰესი უნდა აშენდეს.
„ჩვენ გავითვალისწინებთ თითოეული მოსახლის ინტერესს, ყველას დავაკმაყოფილებთ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქვეყნის განვითარების სტრატეგიას ხელი შეუშალოთ. არ დაუჯეროთ ოპონენტებს, რომლებიც ხმაურობენ და მეტი არაფერი არ შეუძლიათ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ავაშენოთ, რაც შეიძლება მეტი ჰესი, რომ საქართველოში გამოიმუშავებოდეს მეტი ენერგია. ეს შექმნის იმის საფუძველს, რომ მრავალი ტიპის საწარმო დაფუძნდეს და სამუშაო ადგილები შეიქმნას. მინდა საყვარელ სვანებს მივმართო, რომ გაგებით, დინჯად მოეკიდონ ამ ამბავს. მათი განცდები გასაგებია. შესაბამისად, თანაგრძნობას ვუცხადებ. მაგრამ მათ უნდა გაიგონ, რომ ისინი ქვეყნის მომავალს ეხმარებიან და ამისთვის იღებენ გარკვეულ მსხვერპლს. თუმცაღა, ანაზღაურება იქნება ძალიან ცივილიზებული და ძალიან ღირსეული. ყურადღებით მოეკიდეთ და გაითვალისწინეთ, რომ ხუდონჰესი არის ასაშენებელი, როგორც სხვა ბევრი ჰესი“, - განაცხადა ივანიშვილმა.
იმავე საღამოს სატელევიზიო გამოსვლისას ხუდონჰესის აუცილებლობაზე ისაუბრა კახა კალაძემაც. მისი თქმით, ყოველი მოსახლე სათანადოდ იქნება დაკმაყოფილებული. პრემიერისა და კალაძის განცხადებებმა, მოსახლეობა გააღიზიანა, „უკვე გადაწყვეტით გველაპარაკებიან“, „აზრს მაინც არ გვეკითხებიან“, „კომპენსაციაზე ლაპარაკობენ, როცა ხატზე დავიფიცეთ, რომ არ წავალთ“, _ ამბობდნენ სვანები.
ზურა ნიჟარაძე ერთ-ერთია იმ 90-მდე ადამიანს შორის, რომლებმაც ხატზე დაიფიცეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი სოფელი, ეკლესია და ახლობლების საფლავები წყლით არ დაიფაროს.
„დაფიცებამდე სწორედ იმან მიგვიყვანა, რომ ჰგონიათ, ჩვენ მხოლოდ კომპენსაცია გვადარდებს. მეზობელ სოფლებში ჭორებს ავრცელებდნენ, თითქოს იმიტომ ვუწევდით წინააღმდეგობას, რომ კომპენსაციის ფასი გაგვეზარდა. სვანებმა იციან, რას ნიშნავს ჩვენთვის ფიცი. ეს ჰესი, ამ ნიშნულით, ასეთი პარამეტრებით არ უნდა აშენდეს, თანახმა ვართ გააკეთონ უფრო დაბალი კაშხალი, ან ნებისმიერი რამ, რაც სოფელს არ დატბორავს“, - ამბობს ნიჟარაძე.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში კომპანიის დაკვეთით კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა - CENN-მა მოამზადა. საჯარო განხილვების ჩატარება რამდენჯერმე გადაიდო. წელს გაზაფხულზე კი საკითხის აქტუალობის გამო გარემოს დაცვის სამინისტრომ, რომელმაც გზშ ანგარიშზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უნდა გასცეს (რომლის საფუძველზეც ეკონომიკის სამინისტრო სამშენებლო ნებართვას გასცემს), ნიდერლანდების გარემოსდაცვითი შეფასების კომისიას მიმართა, ექსპერტთა დელეგაციამ დოკუმენტები შეისწავლა და სვანეთსაც ესტუმრა.
29 მაისს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტროს არსებულ დოკუმენტზე დასკვნის გაცემისგან თავი უნდა შეეკავებინა. „გზშ-ს აკლია საკვანძო ხასიათის ინფორმაცია. არსებული ხარვეზების გამოსწორებას კი დასჭირდება სავარაუდოდ არანაკლებ ერთი წლისა.“
უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციით, აუცილებელი იყო სედიმენტაციაზე, ნატან მასალაზე დაკვირვებაც, ერთი წლის განმავლობაში მაინც. მათი შეფასებით, ასევე საჭიროა პროექტის ზემოქმედების არეალის, პირდაპირი და ირიბი ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ტერიტორიებისა და სოფლების ზუსტი განსაზღვრა, რათა ზუსტად მოხდეს ზიანის კატეგორიებად დაყოფა და შესაბამისი კომპენსირება.
„კომისიას მიაჩნია, რომ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზეგავლენის შეფასება არ შეიცავს საკმარის არგუმენტებს პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის დასასაბუთებლად. შეუძლებელი ხდება იმის გადამოწმება, თუ რატომ არის პროექტის განხორციელება მიზანშეწონილი ეროვნულ დონეზე ელექტროენერგიაზე არებული მოთხოვნისა და მიწოდების კონტექსტში, ან რატომ არის შერჩეული ჰიდროენერგეტიკა როგორც ელექტროენერგიის გენერირების წყარო, ან რატომ უნდა იყოს აშენებული ჰიდროელექტროსადგური მდინარე ენგურის აუზში“, - ვკითხულობთ კომისიის დასკვნაში.
ექსპერტების განმარტებით, იგნორირებულია ისეთი ასპექტები, როგორიცაა საზოგადოების ეკონომიკური ინტერესები, მათ შორის საკუთრებისა და შემოსავლის დაკარგვა, განსახლება, გარემოს დეგრადაცია, ფლორისა და ფაუნის განადგურება, პროექტის ზეგავლენა ეროვნულ ენერგომომარაგებაზე და მოთხოვნა ელექტროენერგიაზე და სხვა. გარდა ამისა, იგნორირებულია მდინარე ენგურზე ორი კაშხლის ექსპლუატაციისგან მოსალოდნელ სარგებელთან დაკავშირებული საკითხები.
კომპანია „ტრანსელექტრიკამ“ გარემოზე ზემოქმედების წინასწარი ანგარიში კომისიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ორ თვეში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინსიტროში კიდევ ერთხელ შეიტანა და 17 სექტემბერს სოფელ ხაიშში საჯარო განხილვაც დაიგეგმა, თუმცა ხაიშში ადგილობრივებმა კომპანიის წარმომადგენლებს პრეზენტაციის გაკეთების საშუალება არ მისცეს.
„არ გისმენთ!“ „მოგვშორდით!“ „ჩვენი უბედურების ხარჯზე კერძო კომპანიას არ გავამდიდრებთ!“ - ისმოდა შეძახილები ხაიშის სკოლის ეზოში. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებდა, რომ პროექტი ქვეყნისთვის აუცილებელია და მოსახლეობას სთხოვდა 10-15-კაციანი სამუშაო ჯგუფი შეექმნათ, რომელიც მიწისა თუ სხვა პრობლემურ საკითხებზე მთავრობასა და კომპანიასთან ერთად იმუშავებდა. მაგრამ ხაიშელებმა შეთავაზებაზე უარი თქვეს. „ჩვენ არ გვჭირდება მოლაპარაკებები, ვამბობთ, რომ ამ სიმაღლის კაშხალი არ უნდა აშენდეს, გააკეთონ როგორმე ისე, რომ სოფელი არ დაიტბოროს და დაგვიბრუნონ მიწები, რომელიც წაგვართვეს“, - ამბობს ხაიშის მკვიდრი ზურაბ გელოვანი.
განვითარებისა თუ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებას დიდი ეკონომიკური სარგებლისა და დიდი ეკოლოგიურ-სოციალური რისკების დაპირისპირება თითქმის ყოველთვის ახლავს. წინ იწევს ხოლმე ისეთი თემებიც, რომლებიც პირდაპირ ენერგეტიკულ სარგებელთან არაა დაკავშირებული. მაგ. მატერიალურად გაჭირვებული რეგიონების მოსახლეობას, ხშირ შემთხვევაში, დიდი ჰესის აშენება მხოლოდ სამუშაო ადგილების არცთუ გრძელვადიან, მაგრამ მაინც სანუგეშო პერსპექტივად ესახება ხოლმე.
ეს თემა არც სხვა ქვეყნებისთვისაა უცხო, საპროტესტო აქციების ფონზე იწყება რუმინეთში ოქროსა და ვერცხლის მოპოვებაც. როშია მონტანა ტრანსილვანიაში ბუნებრივი რესურსების სიმდიდრით ცნობილი დასახლებაა. კანადური კომპანია "Gabriel Resources" თითქმის 15 წელია ცდილობს დადებითი ეკოლოგიური დასკვნის მოპოვებას. პროექტის მესვეურთა შეფასებით, როშია მონტანას საბადოში წელიწადში 314 ტონამდე ოქროსა და 1 500 ტონა ვერცხლის მოპოვება იქნება შესაძლებელი. მაგრამ ამისთვის 12 000 ტონამდე კალიუმის ციანიდის გამოყენებაა საჭირო. განადგურდება 4 მთის წვერი და 3 სოფელი. პროექტის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ეს უძველეს რუმინულ ღირსშესანიშნავ ადგილებს დააზიანებს და ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.
საპროტესტო კამპანია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მინისტრთა კაბინეტმა კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიცაა დაუშვას ამერიკული კომპანია Chevron-ის მიერ ბუნებრივი აირისა და Gabriel Resources-ის მიერ ოქროსა და ვერცხლის მოპოვება და ამას "ეროვნულ პრიორიტეტად" აცხადებს. პარლამენტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და მის გადადგომასაც მოითხოვენ, რადგან თანამდებობის დაკავებამდე პონტა ორივე პროექტს ეწინააღმდეგებოდა, ამჟამად კი აცხადებს, რომ ეს პროექტები იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად აუცილებელია. ადგილობრივების ნაწილი დასაქმების პერსპექტივის გამო პროექტს არ ეწინააღმდეგება.
დასაქმების შესაძლებლობა მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო საქართველოშიც აჭარასა თუ ყაზბეგში მიმდინარე და დაგეგმილი მშენებლობების სასარგებლოდ. თუმცა, ადგილობრივები წუხან, რომ მათ ან ისეთ კვალიფიკაციას სთხოვენ, რომელიც არ გააჩნიათ, სულ არ ასაქმებენ, ანდა ძალიან ცოტას და დაბალანაზღაურებად ვაკანსიებზე იღებენ.
დღეს ხუდონჰესის თემა გარკვეულწილად განსაზღვრავს იმასაც, თუ რა პოლიტიკას ირჩევს ხელისუფლება - წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი პოპულარული დაპირების შესრულებას და დიდ ჰესებზე უარის თქმას, თუ ადგილობრივების დიდი ნაწილის პროტესტის მიუხედავად, სტრატეგიულ პროექტად გამოცხადებული ჰესის მშენებლობის დაწყებას.
ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საინვესტიციო ღირებულება მილიარდ 200 ათასი დოლარია. ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელთა შეფასებით, 6 წლის განმავლობაში 200-200 ათასიანი ინვესტიციის შემოსვლა ქვეყანაში მშპ-ს 1.1 %-ით გაზრდის. ჰესის ოპერირების შედეგად კი ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 5 მილიონ 600 ათასი დოლარის ეკონომიას გააკეთებს.
პროექტს ქვეყნისთვის სასარგებლოდ არ მიიჩნევენ ასოციაცია „მწვანე ალტერნატივაში“. ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სამინისტროში შეტანილ დოკუმენტში კვლავ არის მთელი რიგი პრობლემებისა, რომლებზეც ჰოლანდიელი ექსპერტებიც მიუთითებდნენ. მათ მიერ მომზადებულ მასალებში ვკითხულობთ, რომ პროექტის ეკონომიკური დასაბუთება და ჰესის სასარგებლოდ მოყვანილი არგუმენტები საფუძველსაა მოკლებული. გარემოსდამცველებს საეჭვოდ მიაჩნიათ ანგარიშში მითითებული მონაცემები იმ მტკიცების სასარგებლოდ, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად 10%-ით იზრდება. ორგანიზაციის განმარტებით, ეს რეალობის დამახინჯების მცდელობაა, რადგან თუ მითითებულ წლებში მოთხოვნა იზრდებოდა, 2012-2013 წლების შედარებით ირკვევა, რომ ენერგიაზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით 3 %-ით შემცირდა. მათი შეფასებით, გადაჭარბებულია ჰესის საექსპორტო მნიშვნელობაც, რადგან იმ 4 თვის განმავლობაში, როდესაც ჰესს მაქსიმალური გამომუშავება ექნება, მან ეს ენერგია საქართველოს უნდა მიჰყიდოს.
„გაუგებარია ისიც, თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ გზშ-ის ავტორები, რომ ქვეყანაში ენერგომოხმარების რეალისტური ზრდის ტემპი 5-6%-ს შეადგენს, როდესაც ქვეყანას არ გააჩნია არათუ ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, არამედ ზოგადად, ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმაც კი. 2001 წლის შემდეგ კი არ შედგენილა ენერგო-ბალანსი. ან როგორ ასკვნიან ექსპერტები, რომ წელიწადში 200 მილიონის ინვესტიცია მშპ-ს 1.1 %-ით გაზრდის, ანდა გამოაცოცხლებს რეგიონში ეკონომიკურ აქტივობას, როდესაც ეს არც ერთ სხვა ჰესს ეს არ გამოუწვევია“, - წერია შენიშვნებში.
ასოციაციის წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ კვლევის ავტორთა მტკიცება, თითქოსდა საქართველოს ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობის გაზრდა შეუძლებელია, რეალობასაა მოკლებული.
„დღეის მდგომარეობით, საქართველოში არსებული არც ერთი საშუალო და დიდი ჰიდროელექტროსადგური არ გამოიმუშავებს დადგმულ სიმძლავრეს ვინაიდან ყველა არსებული ჰესი სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას საჭიროებს. ტექნიკური გადაიარაღებისა და არსებული რეზერვუარების ნატანისგან გაწმენდის ჩათვლით. ეს გაზრდიდა ამ ჰესების სიცოცხლის ხანგრძლივობას და გაიზრდებოდა დადგმული სიმძლავრის გამოყენების კოეფიციენტიც“, - ამბობს ჭიპაშვილი. კიდევ ერთი, რაზეც რეაბილიტაციის გარდა გარემოსდამცველი მიუთითებს, ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებაა, რაც ენერგიის მოხმარებას ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებდა ქვეყანაში.
გზშ ანგარიშის მიხედვით, 4 თვის განმავლობაში, ადგილობრივ ბაზარზე ხუდონჰესის ენერგია ფიქსირებულ ფასად 5.84 ცენტად გაიყიდება და 2018 წლიდან ის ჩაანაცვლებს 134 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იმპორტირებულ ენერგიას.
„ირკვევა, რომ სახელმწიფო ყოველწლიურად მიიღებს 133 მლნ კვტ/სთ ენერგიას 5.84 ცენტად, დამატებითი საჭიროების შემთხვევაში კი სახელმწიფოს კომპანიისგან ელექტროენერგიის შეძენა საერთაშორისო ფასად მოუწევს, გაუგებარია რაში გვჭირდება ამხელა ზიანის მომტანი ჰესი, თუ მასში იმდენივე უნდა გადავიხადოთ? ხუდონჰესის ამ პირობებით აშენება, საქართველოს ბუნებრივი რესურსების განიავებაა", - აღნიშნა ჭიპაშვილმა.
გარემოსდამცველები ამბობენ, რომ პროექტი მხოლოდ საშემოსავლო და ქონების გადასახადს მოუტანს ქვეყანას, რაც მშენებლობის ეტაპზე 6 წლის განმავლობაში, წელიწადში 26 მილიონ ლარს არ აღემატება, მოგების გადასახადს კი ინვესტორი მხოლოდ მას შემდეგ გადაიხდის, რაც ინვესტიციას ამოიღებს.
ენერგეტიკის მინისტრი გარემოსდამცველებს პასუხობს, რომ ქვეყანაში ელექტრონერგიის არსებული დეფიციტის გამო, ხუდონჰესს ალტერნატივა არ აქვს. „ჩვენ ზამთრის თვეებში იმპორტი გვიხდება რუსეთიდან 6.5 ცენტად. არის ფასის ზრდის ტენდენციაც. ყოველწლიურად ქვეყანა მიიღებს 45 მილიონ ლარს, 20 მილიონი ლარი მხოლოდ სვანეთის მუნიციპალიტეტს დარჩება. დაიზოგება იმპორტის თანხების 50-70 მილიონ ლარი. ექსპორტზე გატანისას კი მათ აქვთ ვალდებულება გადაიხადონ გამტარი ხაზების საფასური. ამ ენერგიით მთლიანად შეივსება ის დეფიციტი, რაც გვაქვს. მას მერე კი, რაც კომპანია ინვესტიციას ამოიღებს, გვაქვს უფლება, მოვაქციოთ ეს ჰესი რეგულაციებში და მივიღოთ ენერგია თუნდაც ენგურჰესის ფასად", - აცხადებს კალაძე.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდეს თუ ადგილობრივებთან შეთანხმება არ მოხდება, ვიცე-პრემიერი პასუხისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი კონკრეტული ნაბიჯების და გეგმების შემდეგ იქნება ნათელი.
გზშ ანგარიშში მითითებულია, რომ პროექტი განხორციელდება საქართველოს კანონის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ მიხედვით. თუმცა „მწვანე ალტერნატივაში“ განმარტავენ, რომ ექსპროპრიაციას დაქვემდებარებულ ღონისძიებებთან ხუდონჰესის, კერძო პროექტის მისადაგება შეუძლებელია.
პროექტის სარგებლიანობას ეჭვქვეშ აყენებს ეკონომისტი დავით ადიშვილიც, მისი თქმით, იმის იმედად ყოფნა, რომ 15-20 მერე, რაც კომპანია ინვესტიციას ამოიღებს, საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში 56 მილიონი შემოვა, გაუმართლებელია და სამინისტრომ დადებითი დასკვნა არ უნდა გასცეს. მას, ზოგადად, ჰესებზე ორიენტირებული ენერგოპოლიტიკა მიუღებლად მიაჩნია.
„საუბარი იმაზე, რომ 100%-ით უნდა ავითვისოთ ჰიდრორესურსები, მცდარია. ეს არის მოძველებული, ექსტენსიური პოლიტიკა, რომელიც ყოველთვის წარმოშობს პრობლემებს. საკითხავია, რატომ არ ატარებს ენერგეტიკის სამინისტრო ღონისძიებებს ენერგოეფექტურობის მიმართულებით. გზშ-დანაც კი ირკვევა, რომ ენერგიის 95 % ექსპორტზე უნდა გავიდეს, მაშ ქვეყნისთვის რაღა სარგებელზეა საუბარი?“ _ ამბობს ადეიშვილი.
მის პოზიციას არ იზიარებს ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გურამ ნიკოლაშვილი. ასოციაცია, რომელიც წელს მაისში შეიქმნა, ჰესების აშენებას აქტიურად ემხრობა. ნიკოლაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ბოლო წლებში ენერგეტიკოსების ხმა პრაქტიკულად არ ისმოდა და აუცილებელია, ენერგეტიკულ, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე ცალ-ცალკე ვისაუბროთ და არა ერთბაშად. მისივე აზრით, მოსახლეობის წინააღმდეგობა გარკვეული ჯგუფების მიერაა ორგანიზებული.
„ჰესების მიმართ პოლიტიკა გაგრძელდა, მაგრამ თუ ადრე ხელისუფლება ცალმხრივად იღებდა გადაწყვეტილებებს, ახლა მოსახლეობის კომპონენტმა წინ წამოიწია, საჯარო სივრცეში კი დაგროვილია სტერეოტიპები, ხუდონი ხალხისთვის უკვე ცუდთან ასოცირდება", - ამბობს ნიკოლაშვილი.
მისივე თქმით, 17 სექტემბერს ხაიშში შეკრებილი ადამიანები ორ ნაწილად იყოფოდნენ.
"იქ იყო ხალხის ჩვეულებრივი ნაწილი და აქტივისტები, რომლებიც პროცესს მართავდნენ. განხილვაზეც ნაწილი შევიდა, შემდეგ ამ ორგანიზებულმა ჯგუფმა უთხრა გავიდეთო. გარკვეული ძალები ამას თბილისიდანაც ეხმარებიან. მათი ინტერესია, რომ ნებისმიერი ჰესის აშენებას ყველანაირად შეუშალონ ხელი. დღეს კი შეიძლება ეს პროექტი ისე განხორციელდეს, რომ უშუალოდ სვანეთის რეგიონიც განვითარდეს. იმის ნაცვლად, რომ გარემოსდამცველებმა მოსახლეობას აუხსნან, რომ ინვესტორთან მოლაპარაკებისას ადეკვატური პოზიცია დაიჭირონ, ისინი აბსოლუტურ წინააღმდეგობაზე მიდიან და მათაც უბიძგებენ, რომ სრულ გაუგებრობაზე წავიდნენ,“ - აცხადებს ნიკოლაშვილი.
ხაიშის მცხოვრებთა ნაწილისთვის ეს უკვე მეორე იძულებით განსახლება იქნება, ისინი საბჭოთა პერიოდში ერთხელ უკვე გაასახლეს, მაგრამ მშენებლობის შეჩერების შემდეგ დიდი ნაწილი თავის სახლ-კარს დაუბრუნდა.
„ტრანსელექტრიკას“ დირექტორი პაატა წერეთელი ამბობს, რომ თუ კერძო საკუთრებასა და მათთვის გადაცემულ ქონებას შორის რაიმე სახის ზედდება გამოიკვეთება, ისინი თავისივე ხარჯით დაეხმარებიან ხალხს ქონების რეგისტრაციაში და უკვე ამის შემდეგ შესთავაზებენ თავიანთ პირობებს. თუკი მოსახლეობა ამას არ მიიღებს, მაშინ მზად არიან მათი პირობებიც მოისმინონ.
ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, კომპანია ვალდებულია განსახლება მსოფლიო ბანკის სტანდარტით განახორციელოს. თუმცა, „მწვანე ალტერნატივაში“ განმარტავენ, რომ შეუძლებელია საუკეთესო სტანდარტებზე და ნების თავისუფლად გამოვლენაზე ლაპარაკი მაშინ, როცა მიწა უკვე კომპანიის საკუთრებაა. დავით ჭიპაშვილის აზრით, ეს შესაძლოა ერთგვარი შანტაჟის საფუძველიც გახდეს. „შეიძლება მოსახლეობას გასახლებაზე დათანხმება მოსთხოვონ იმის სანაცვლოდ, რომ მიწა დაურეგისტრირონ და კომპენსაცია მისცენ“, - ამბობს ჭიპაშვილი. ნიკოლაშვილი კი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში მოქალაქეთა უფლებების დაცვის გარანტორი სახელმწიფო იქნება და არავინ დაზარალდება.
17 სექტემბერს საღამოს ხაიშელები ამბობდნენ, რომ იმ დღეს ბრძოლა მოიგეს, თუმცა ომი ჯერ კიდევ წინ აქვთ. კანონმდებლობის თანახმად, „ტრანსელექტრიკამ“ დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და შემდეგ უკვე მშენებლობის ნებართვა 2014 წლის მარტამდე უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პროცესის თავიდან დაწყება მოუწევთ.