ევროპარლამენტის ექვსი პარტიის თერთმეტმა დეპუტატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს მისწერა, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმის „დაუყოვნებლივ და საფუძვლიან გამოძიებას“ ელოდებიან.
„ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერი ევროპარლამენტის წევრები, წინამდებარე წერილით გაცნობებთ, რომ ველით დაუყოვნებლივ და საფუძვლიან გამოძიებას პოლიტიკური ზეწოლის საქმეზე, რომელიც ეხება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს ქ-ნ ია კერზაიას, იმ მიზნით, რომ გაირკვეს, თუ რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება 2018 წლის 9 დეკემბერს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, სანამ ქალბატონ კერზაიას ინსულტი განუვითარდებოდა, რამაც მისი მოულოდნელი სიკვდილი გამოიწვია, მან საჯაროდ განაცხადა და ასევე საქართველოს სახალხო დამცველსაც აცნობა, რომ მასზე ხორციელდებოდა ინტენსიური ზეწოლა არჩევნების პროცესში ჩართვის მოთხოვნით, მაშინდელი მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის და ამჟამინდელი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. სულ ახლახანს, ISFED-ს (საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკარტისთვის), თბილისის არჩევნების დამკვირებელმა, აღნიშნა ის ფაქტი, რომ 2018 წლის ნოემბრის გარემოებების შესწავლისას, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებული გარემოებები ეჭვს იწვევს, რომ ინსპექტირების მექანიზმები საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოყენებული იქნა პოლიტიკური მიზნებისთვის, შეიცავდა დაშინებისა და შევიწროების ფაქტებს .
ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2018 წელს მოახდინა შვიდი სკოლის ინსპექტირება, აქედან ექვსი სკოლის შემოწმება განხორციელდა ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის. მათ შორის იყო ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა. უფრო მეტიც, როგორც ქალბატონი კერზაიას ოჯახი აცხადებს, მას შემდეგ, რაც სკოლის დირექტორმა უარი განაცხადა ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზუგდიდში ორი ინსპექტორი გაგზავნა აღნიშნულ სკოლაში. ინსპექტორებმა ორი კვირის შემდეგ გამოაქვეყნეს დასკვნა, სადაც ისინი რეკომენდაციით მიმართავდნენ სკოლის მმართველ საბჭოს ქ-ნი კერზაია გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან.
როგორც იცით, ეუთო/ოდირის (OSCE/ODHIR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარი იყო იმაზე, რომ "კამპანია ხისტი რიტორიკით იმართებოდა" და "ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ზრდამ სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვარი შეუმჩნეველი გახადა". კიდევ ერთი რამ, რაც შეშფოთებას იწვევს, არის იმავე ანგარიშში ნახსენები ფაქტები, რომ "ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის არაერთი წევრი აცხადებდა, რომ მმართველი პარტია ამ მექანიზმს ზეწოლითა და დაშინებით იყენებდა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისა და სახელმწიფო დახმარებაზე მყოფი ჯგუფების მიმართ“,- ნათქვამია პრემიერისადმი გაგზავნილ წერილში.
წერილს ხელს აწერს: ანა გომესი (S&D), მაიკლ გალერი (EPP), რებეკა ჰარმსი (Greens, EFA), ნატალი გრისბეკი (ALDE), ჯული უორდი (S&D), ალინ სმითი (Greens, EFA), ტანია გონსალეს პენია (GUE/NGL), ხოსე ინაციო ფარია (EPP), ჟან ლამბერტი (Greens, EFA)
წერილს ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ავრცელებს.