საუბრობდა თუ არა ია კერზაია ზეწოლის შესახებ სკოლაში ინსპექტირების სამსახურის შესვლამდე?
არჩევნებამდე ჩემთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ მას „ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობას სთავაზობდნენ. მას უნდა მიეწოდებინა სია, სკოლაში ვინ უჭერდა მხარს „ოცნებას“; თუ შესაძლებელი იქნებოდა მოსწავლეთა მშობლების შესახებაც უნდა ეწარმოებინა სია და აგიტაცია.
ია მიყვებოდა, რომ რესურსცენტრში არაერთხელ ჰქონიათ მასთან საუბარი, რომ ამას უშუალოდ რესურსცენტრის ხელმძღვანელი აკეთებდა. სთხოვდნენ, რომ ეწარმოებინა სიები. (რესურსცენტრის დირექტორი საჯარო გამოსვლებში ყველაფერს უარყოფს).
გარდა ამისა, თვითონ ამბობდა, რომ სხვადასხვა აქტივობაში არ იღებდა მონაწილეობას. მაგალითად, ერთ-ერთი იყო ზუგდიდის კინოთეატრში ბავშვებისთვის წამების ამსახველი კადრების ჩვენება. ია წინააღმდეგი იყო. ეს დასკვნაშიც გვიწერია. მოადგილეს სთხოვეს ბავშვების მიყვანა. რაღაც აქტივობებზე ცდილობდნენ იასთან კომუნიკაცია არ ჰქონოდათ, რამდენჯერმე უარი ჰქონდა ნათქვამი და მათ მხარდამჭერად არ მიიჩნევდნენ.
მანამდე იყო სხვა არჩევნები. მაშინაც ჰქონდა თუ არა მას რესურსცენტრში დაბარების გამოცდილება სიების წარმოებაზე?
იყო, ოღონდ მსუბუქ ფორმებში. იცოდნენ რა მისი პოზიცია, ეს კომუნიკაცია უფრო მსუბუქი იყო.
ასეთი აგრესიული მოწოდება რომ სიები აწარმოეთ და ა.შ. როგორც მე ვიცი, მანამდე არ ყოფილა.
ეს ყველაფერი პირველი ტურის შემდეგ დაიწყო.
ამ კომუნიკაციაში ჩართული იყო თვითონ რესურსცენტრის ხელმძღვანელი. ჩემთან პირადად აქვს ნათქვამი, რომ კახა ფარცვანია ესაუბრებოდა.
ჩემი ინფორმაციით, დირექტორების უდიდეს პროცენტს ეს სია მიტანილი აქვს.
იას უთქვამს, რომ მე ვერცერთ მასწავლებელს ვერ ეტყოდა, ვისთვის მიეცა ხმა; ასევე ვერ მიიტანდა სიას, რადგან ვერ ჰკითხავდა, ვის აძლევდნენ ხმას.
ხომ არ არსებობს სხვა მიზეზიც, რის გამოც ია კერზაიაზე განსაკუთრებული ეჭვი ჰქონდათ? თქვენ წინა ხელისუფლების დროს საჯარო სამსახურში იყავით დასაქმებული და თანამდებობა ახალი ხელისუფლების მოსვლიდან ერთ წელიწადში დატოვეთ.
ამაზე ბევრი მიფიქრია. წინა მთავრობაში პოლიტიკური თანამდებობა არ მეკავა. ვიყავი საჯარო მოხელე. 2012 წლის შემდეგ, როცა ხელისუფლება შეიცვალა მე წინა ხელისუფლების მხარდასაჭერ აქტივობებში მონაწილეობა არ მიმიღია. ერთი წლის მერე 2013-ში ნოტარიუსთა პალატიდან წამოვედი, რადგან იუსტიციის სამინისტროსთან გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა იყო. იყო კანონი, რომელიც ჩვენ გვეხებოდა და ჩვენ გარეშე გაიარეს.
ყველამ იცოდა, რომ ამ მთავრობის მხარდამჭერი აქტივისტი არ ვყოფილვარ, მაგრამ არც ოპოზიციის მხარეს მიწარმოებია რაიმე აქტივობა. ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება იყო კიდეც, მაგრამ მიჭირს ამის დაკავშირება.
რის გამო მიიჩნია სამინისტრომ ია კერზაიას გათავისუფლება მიზანშეწონილად - ინსპექტირების დასკვნა
გარდა იმისა, რომ რესურსცენტრში სიების წარმოება დაავალეს, სხვა რაიმე ფაქტსაც ხომ არ ჰქონია ადგილი?
ინსპექტირების სამსახურის სკოლაში შესვლამდე, რაც ჩემთვის ცნობილია და რაც იამ მომიყვა, იყო ის, რომ „ოცნების“ თათბირზე ზუგდიდში, რომლის სავარაუდო მონაწილეები ჩვენთვის ცნობილია, ითქვა, რომ პირველი ტურის შემდეგ უკმაყოფილო იყვნენ და თქვეს, რომ სკოლებში ამ მხრივ არ ჰქონიათ კარგი მდგომარეობა. მისი თქმით, ერთ-ერთ შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ რომელიმე დირექტორი უნდა გაიწიროს, რომ სხვები მიხვდნენ, რასთან გვაქვს საქმეო.
როდის გაიმართა ეს შეხვედრა?
გამართვის თარიღი 5 ნოემბერია. ადგილიც ვიცი. უბრალოდ მონაწილე პირებზე ჯერ ვერაფერს ვიტყვით, ვცდილობთ დადგენას. არ მინდა, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან, სავარაუდოდ, იქ გადაწყდა, როგორც უნდა გაეკეთებინათ ეს. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია გამოძიებისთვისაც. იამ იცოდა, რაც იქ ითქვა, რომ ერთი დირექტორი უნდა გაიწიროსო და 3 დღეში დედას სკოლაში ინსპექტორები შევიდნენ. ეს ორი გარემოება იასთვის საკმარისი იყო იმის მისახვედრად, რომ განწირული ის იყო.
ისნპექტორებმა შეატყობინეს ვიზიტის შესახებ?
არა! 9-ში მიადგნენ ბრძანებით. ჩვენ გამოვითხოვეთ მივლინების ბრძანებები. ეჭვი მაქვს, რომ 8 ნოემბერს ეს ხალხი უკვე ზუგდიდში იყო. მიუხედავად იმისა, რომ განცხადება/ საჩივარი 8-ში შევიდა. ეჭვი მაქვს, რომ 8-შივე იყვნენ ზუგდიდში, რადგან 9 ნოემბერს 9 საათზე სკოლაში მივიდნენ.
თქვენ გამოსვლებში მუდმივად ხაზს უსვამთ იმას, რომ 8 ნოემებრს (საჩივარ/განცხადების შესვლის თარიღი) ბევრი რამ მოხდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ პროცესი იყო დაგეგმილი. მაგალითად, შევიდა საჩივარი, გამოიცა მინისტრის ბძანება ინსპექტირებაზე და ასევე მივლინებებზე. უფრო კონკრეტულად რომ აღწეროთ, რა მოხდა 8 ნოემბერს და რაზე მიანიშნებს ეს ფაქტები?
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ცდილობენ ყველაფრის დაფარვას, მაგალითად, მივლინების ბრძანება. მე ვიცი, რომ შემოწმებაში მონაწილეობდნენ წამალაშვილი და ჯაფარიძე. ისინი რომ ზუგდიდში იყვნენ, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. მივლინების გარეშე ხომ ვერ იქნებოდნენ. მივლინების ბრძანება მოვითხოვე და მომწერეს, რომ ეს პერსონალური ინფორმაციააო.
რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი მივლინების ბრძანება?
იმიტომ, რომ დავადგინოთ, როდის ჩამოვიდნენ - შეიძლება 8-მდე უკვე ზუგდიდში იყვნენ, ან 8-ში ჩამოვდინენ.
სკოლამ 7 ნოემბერს რესურსცენტრს მისწერა, რომ არ აქვთ წყალი და დახმარებას ითხოვენ. ამ წერილიდან მალევე, ორ დღეში ჩამოდის ინსპექტირების სამსახური, რომლის მთავარი ბრალდება შეეხება სანიტარიას. მე მაქვს ეჭვი, რომ 8-ში ისინი უკვე აქ იყვნენ. მაშინ გამოდის, რომ ღამე წამოვიდნენ 4 საათზე, რომ დილით ზუგდიდში 9-ზე მისულიყვნენ.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდე, რომელ სასტუმროში დაბინავდნენ. გამოდის, რომ საჩივარი შესული არ იყო, როცა გამოემგზავრნენ.
8 ნოემბერს რომელ საათზე შევიდა საჩივარი განათლების სამინისტროში? და რა მოქმედებები განხორციელდა ინსპექტორების სკოლაში შესვლამდე?
რამდენადაც ვიცი, სახალხო დამცველმა მისწერა ამ კითხვით და არ აძლევენ ინფორმაციას და ამასაც სასამართლოს წესით გამოვითხოვ.
განათლების სამინისტროს პროგრამა, რომელშიც დოკუმენტბრუნვა ელექტორნულად ხდება, პროგრამულად აფიქსირებს, რა როგორ მოხდა და ვის რა დროში გადაეცა. იმდენად რეკორდულ დროში იქნება გაკეთებული ყველა მოქმედება, რომ მაგის გასაჯაროებით გამოჩნდება, როგორ დაგეგმეს.
8-ში შედის განცხადება/საჩივარი. ამის საფუძველზე მოხსენებით ბარათს წერს სამსახურის ხელმძღვანელი მინისტრის სახელზე. შემდეგ მინისტრი გამოსცემს ბრძანებას, სადაც გაწერილია შესამოწმებელი გეგმა და ვადები. წერია ის, თუ რა უნდა შეამოწმონ. ამ ბრძანების საფუძველზე, წამალაშვილსა და ჯაფარიძეს დაევალათ შემოწმება. ამის შემდეგ იწერება მოხსენებითი ბარათი და შემდეგ - მივლინების ბრძანება. განხორციელდა 4- 5 მოქმედება. ეს ყველაფერი ერთ დღეში და ამავე დღეს არიან ზუგდიდში. ამ წერილს რეალური მომჩივანი არ ჰყავს.
სამინისტრო ამბობს, რომ ჰყავს ავტორი, უბრალოდ პერსონალური მონაცემების შესახებ კანონის გამო დაშტრიხულია.
სასამართლოს განხილვის ეტაპზე რა შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ გადამოწმდეს, რეალურია თუ არა საჩივარი?
რესურსი ნაწილობრივ ყველგან არის. ჯამში კომპლექსური შედეგისთვის, რაღაც წვლილი სასამართლომაც უნდა შეასრულოს, თუნდაც მოგვეცეს დოკუმენტების გაცნობის საშუალება. ექსპერტიზაც დაგვჭირდება, ასევე პირების იდენტიფიცირება. გამოძიებას მარტივად შეუძლია იმის დადგენა, როგორ მოხვდა ეს წერილი განათლების სამინისტროში.
8 ნოემბრის შემდეგ განათლების სამინისტროში არაერთი წერილი ჩამიბარებია და იქ ყველგან არის კამერები. მათ შეუძლიათ კამერები ამოიღონ და გადაამოწმონ, მართლა მივიდა თუ არა პიროვნება, ვინც საჩივარი შეიტანა. მერე არის თუ არა ის პიროვნება ნამდვილად ის, ვინც ხელი მოაწერა და ა.შ.
თუ არავინ მოვიდა 8-ში და არავინ დატოვა საჩივარი, მაშინ გამოდის, რომ შიგნით მზად ჰქონდათ და უბრალოდ პროგრამაში გაატარეს. ზუგდიდიდან ჩამოიყვანეს ადამიანი საჩივლელად. ეს რთული წარმოსადგენია, რომ სამუშაო დღეს ჩამოვიდა ვიღაც, დაწერა განცხადება და წავიდა და დიდი ალბათობით რეაგირების ჯფუფი ზუგდიდში მომჩივანზე მალე ჩავიდა.
ჩემ მიერ ჩამოთვლილ აქტივობებს შორის დრო 10- 15 წუთს რომ არ გადააჭარბებს, ამით გამოჩნდება, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო და რომ ეს იყო ანგარიშსწორება და არა ინსპექტირება.
ის, რაც ინსპექტირების დასკვნაში სკოლის შესახებ წერია, ზოგიერთი რაღაც შეიძლება სახარბიელოც კი იყო. კარგია, რომ სკოლებს ასწავლონ, მაგრამ ამ სტანდარტით საქართველოში არცერთი სკოლა არ ფუნქციონირებს. შესყიდვების კანონიდან უწერიათ ისეთი მუხლები, რომლებიც თვითონ შესყიდვებმა არ იციან.
შემოწმება კი არ არის პრობლემა, არამედ ის, რომ ეს პროცესი იყო მართული და იყო ანგარიშსწორება.
რა არის თქვენთვის ცნობილი ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებით, რა ხდებოდა სკოლაში ინსპექტირების დღეებში?
ინსპექტირება იყო მაქსიმალურად ხისტი. დედაჩემს ჩემთვის აქვს ნათქვამი, რომ - შენ ვერ წარმოიდგენ, როგორ იქცევიან, როგორ მამცირებენ. როგორ გვემუქრებიან. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ - რასაც ვხედავთ, ამის გამო თქვენ დასაჭერი ხართ. ეს რა არის? მაგალითად, რაღაც დოკუმენტზე შეკითხვის პასუხად გვითხრეს - ეს არის - ორჯერ ორი ოთხია და ეს არ იცით? თქვენ საერთოდ რამე იცით?
მე ვუთხარი - დე, ნუ გეშინია, როგორც არ უნდა იქცეოდენ, ნუ შეხვალ პოლემიკაში და ვეცადოთ დავა სასამართლოში გადავიტანოთ-მეთქი.
ეს ის სიტყვებია, რომელიც დედის თქმით, მას უთხრეს, მაგრამ მაქვს ფაქტებიც - მაგალითად, მასწავლებლები ხელს აწერენ ფურცელზე, სადაც მათ აფრთხილებენ, რომ - სისხლის სამართლის კოდექსის 370 ე მუხლით, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა /ცრუ ჩვენების მიცემა ისჯება 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ეს არის პირდაპირ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.
არის თუ არა ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა ინსპექტირების სამსახურის საქმიანობაში?
თურმე, უფლებამოსილების გადამეტება რას ნიშნავს? მე ვაკეთებ ისეთ რამეს, რისი უფლებაც არ მაქვს. ეს ზეწოლაა, ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი და უფლებამოსილების გადამეტება. 370 -ე მუხლი მათლმსაჯულების ხელის შეშლა და საქართველოს კანონმდებლობით მართლმსაჯულების ორგანოა საგამოძებო ორგანოები, პროკურატურა და სასამართლო. სხვას ამ მუხლის გამოყენების უფლება არ აქვს.
ეს იყო დასჯის ღონისძიება. მე შემოწმებაც მინახავს და დასკვნებიც წამიკითხავს. უმაღლესი სტანდარტით აქვთ, რაღაცის განხორციელებისთვის ორი სამი დებულების ანალიზს სთხოვენ. ასეთი სტანდარტის სკოლა საქართველოში არ არსებობს, შეიძლება ნებისმიერ სკოლაში უფრო მძიმე მდგომარეობა იყოს ყველა მიმართულებით. ეს პროცესი იყო გამიჯნული შემოწმებისგან. შემოწმება იყო მიზეზი, რეალური მიზანი კი იყო - მისი გათავისუფლება.
ინსპექტირების დასრულების შემდეგ ხომ არ ჰქონია ია კერზაიას ვინმესთან კომუნიკაცია, რამე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ ამაზე?
ინსპექტირების დასრულების შემდეგ რესურსცენტრის ხელმძღვანელმა უთხრა, რომ თუ ის მოახერხებდა ვინმე ტიპის პოვნას, იმის დასამტკიცებლად, რომ იმუშავებდა „ოცნების“ სასარგებლოდ, შეიძლება დასკვნა ყოფილიყო ლიბერალური. ეს შეხვედრა 19 ნოემბერს შედგა.
30 ნოემბერს გაიმართა საბჭოს სხდომა, რომელმაც ია კერზაიას ათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღო. ამის შემდეგ ია კერზაია მაინც ღელავდა და ფიქრობდა, რომ გაათავისუფლებდნენ?
მას ერთი წამითაც არ ეპარებოდა ეჭვი, რომ გაათავისუფლებდნენ. რამდენიმე გარემოება აძლევდა ამის თქმის საშუალებას. პირველი - იცოდა, რომ ერთი დირექტორი უნდა გაწირულიყო. შესაწმომებლად მაინცდამაინც მასთან მივიდნენ. ზუგდიდის სხვა სკოლებში არავინ მისულა.
პროკურატურას ერთი თვის წინ მიმართეს...
მტკიცებულება ყველაფრის ვერ მექნება. მე დოკუმენტურ მასალას ვაძლევ იმის ირგვლივ, რაც მერე თვითონ უნდა ამოიღონ. რა მტკიცებულებებიც არსებობს, მიწოდებული მაქვს. 370-ე მუხლით რომ აფრთხილებდნენ, ეს მტკიცებულება მივაწოდე. ნაწილი არის მითითება იმ მტკიცებულებებზე, რაც მათ გამოძიების ფარგლებში უნდა ამოიღონ, რაც მარტივია ობიექტური და სწორი გამოძიების შემთხვევაში.
თუ პროკურატურა გამოძიებას არ დაიწყებს, როგორია თქვენი გეგმა?
მე მაქვს გეგმა, რომ არ დავტოვო არცერთი კითხვის ნიშანი სამართლებრივი რესურსის გამოყენების კუთხით. არ მინდა ვინმემ მკითხოს - ეს გააკეთე? ჩემი პასუხი კი იყოს - არა, რადგან აზრი არ ჰქონდა. მე ვამბობ, რომ ყველაფერს აქვს აზრი, მივმართე პროკურატურას, მივმართე სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ. როცა ყველა ნახავს, რომ გამოძიების წინაპირობები არსებობს, პროკურატურამ უნდა თქვას, რომ იწყებს გამოძიებას.
ჩვენ დაველოდებით, მაგრამ ეს ვადები უნდა იყოს გონივრული. თუ გონივრულ ვადებში არ მოხდება რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, მე მივმართავ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს - აქცია, შიმშილი. ასევე მივმართავ სტრასბურგს და ის გადაწყვეტს, უნდა დაწყებულიყო თუ არა გამოძიება.
პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მაინტერესებს. დღესვე რომ გაათავისუფლონ განათლების მინისტრი, არ მაინტერესებს ვის დანიშნავენ თანამდებობაზე. მე მაინტერესებს დამნაშავეების დასჯა.
პროკურატურიდან არავინ დაგკავშირებიათ?
არა, გამოკითხვაზე ვიყავი და მივაწოდე ინფორმაცია.
მივაწოდეთ მუხლი, მუხლის შემადგენლობა და რა კავშირი აქვს მას ჩვენს საქმესთან. დაღეჭილი უდევთ საქმე, რომელსაც მტკიცებულებებით გამყარება სჭირდება. მათ შორის დაჰკითხონ განათლების მინისტრი, რატომ მოაწერა ხელი ამ ბრძანებას? ხომ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, ყოველთვის ასე აკეთებს? მაშინ მან წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომ მსგავს შემთხვევებში ყოველთვის ასე იქცევა.